დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ - ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდა გამართეს, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს. მრგვალ მაგიდაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა არსებული კანონდებლობის ხარვეზებზე ისაუბრეს და საკუთარი წინადადებები დეტალურად წარმოადგინეს, რომლებიც, მათი აზრით, უზრუნველყოფენ არჩევნების დღეს პროცედურების დახვეწას, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის მედიათანაბრობას, საკაბელო არხებით საერთო მაუწყებლების შეუფერხებელ გავრცელებას, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.
7 მაისს კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს ახალი საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს ორგანულ კანონში - „ საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს შემდეგი საკითხების მოგვარებას:
1. არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა - პროექტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ყუთების გახსნამდე უნდა მოხდეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის დოკუმენტურად დაფიქსირება შემაჯამებელ ოქმში. ეს საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ მისცემს საშუალებას, უბანზე არჩევნების შედეგების გარკვევის შემდეგ შეცვალონ მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ცვლილება, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არასასურველი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, ოქმების გადაკეთების შესაძლებლობას გაართულებს. უფრო მკაფიოდ გაიწერა საოლქო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამების მექანიზმები.
2. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა - წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლირება. (ე.წ livestream)
3. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება - წინასაარჩევნო შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე უნდა დაწესდეს საარჩევნო წლის 1 ივნისიდან; იზრდება იმ პირთა წრე, ვისაც არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში; რეგულირდება საარჩევნო კამპანიაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირთა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ხემძღვანელ პირთა საქმიანობა; იკრძალება სახელმწიფო\ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე\პრეზენტაციებზე აგიტაციის გაწევა; ყალიბდება ბიუჯეტის ხარჯვის უფრო ზუსტი რეგულირებები და საბიუჯეტო რესურსების გამოყენების მკაფიო შეზღუდვები; უფრო მკაფიო ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ვალდებულებები, მათი საქმიანობის გამჭვირვალობის სტანდარტები და სანქციები ამ მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
4. საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედიათანაბრობის უზრუნველყოფა - ჩამოყალიბდა ფარული რეკლამის დეფინიცია; სოციალური, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგების სავალდებულო განხილვისა და რეაგირების, აგრეთვე, წინასაარჩევნო დებატების გამართვისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესები.
5. საარჩევნო სუბიექტებისთვის გარე რეკლამის თანაბარი ხელმისაწვდომობა - გაიწერა წინასაარჩევნო პერიოდში გარე რეკლამის გამოყენების წესი და ის მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს ერთი სუბიექტის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გარე რეკლამის მონოპოლიზებას. განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში გარე რეკლამაზე ტარიფის დადგენის წესი.
6. ადმინისტრაციული და სახელმწიფო ორგანოების სარეკლამო ხარჯების საჯაროობა - განიმარტა სარეკლამო ხარჯის ცნება. დაწესდა სანქციები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ კანონის 33 (1) მუხლით დადგენილი საჯაროობის პრინციპების დარღვევისათვის. დადგინდა წესი და პერიოდულობა, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო უნდა გახადოს მის მიერ გაწეული სარეკლამო ხარჯები.
7. განისაზღვრა მაუწყებლობის ტრანზიტის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები- პროექტით, საკაბელო ქსელების ორატორებს ეკისრებათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სათემო მაუწყებლებისა და თანამგზავრული მაუწყებლების სატელევიზიო სიგნალების სავალდებულო წესით რეტრანსლაციის ვალდებულება. ამასთნ, ხდება მაუწყებლის დავალდებულება, მიჰყიდოს საკაბელო ქსელების ოპერატორებს თავისი სიგნალის რეტრანსლაციის უფლება ბაზარზე მონოპოლიური ფასების დამყარებისა და სხვა ისეთი პირობების გარეშე, რამაც შეიძლება უსამართლოდ დაარღვიოს ძალთა ბალანსი სამაუწყებლო ბაზარზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge