დახურული ინტერნეტ ურთიერთობის დაკვირვების შესაძლებლობას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2011 წლის 20 სექტემბერს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს უფლებას აძლევს, სასამართლოს თანხმობის გარეშე ინტერნეტში დახურულ საუბრებ დააკვირდნენ. საია საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვს, დადგინდეს, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების უფლება) მუხლებს.

2010 წლის 24 სექტემბერს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დახურულ ინტერნეტ ურთიერთობებზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ჩანაწერი ბუნდოვანია და მისი სხვადასხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.

დახურული ინტერნეტ ურთიერთობის ფორმატი წარმოადგენს ადამიანის პირადულ, ინტიმურ სფეროს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. აღნიშნული ნორმით პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილება ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება. არც ერთი ეს პირობა საიას მიერ გასაჩივრებული ნორმებით არათუ არ არის გათვალისწინებული, არამედ სასამართლო კონტროლი დახურული ინტერნეტ საუბრების დაკვირვებაზე პირდაპირ გამორიცხულია.

საიამ სადავო ნორმები ასევე გაასაჩივრა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით, რომელიც აღიარებს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ინტერნეტი არის უნიკალური საშუალება, რაც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გამოთქვას საკუთარი აზრი ვირტუალურ წრეში. ინტერნეტი ასევე იძლევა პიროვნების ანონიმურობის დაცვის შესაძლებლობას, რაც ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების უფლების დამატებითი გარანტიაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხოლოდ სხვა ადამიანის უფლების დაცვა შეიძლება გახდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge