არასამთავრობოების მოსაზრებები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა ინიციატივებზე

26 დეკემბერს, არჩევნების თემაზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ საქართველოს კანონში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით, თბილისი მარიოტში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" , „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის" და ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მიმართვა გაავრცელეს. განცხადებაზე ხელმოწერა ნებისმიერ ორგანიზაციას ან მოქალაქეს შეეძლო, ვინც არასამთავრობოების პოზიციას იზიარებს.

ორგანიზაციებმა მიმართვაში ღიად დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები. მათი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივაში დაწესებულია "არაგონივრული შეზღუდვები", რაც კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის განმარტეს დაგეგმილი ცვლილებების ის პუნქტები, რაც შესაძლოა, პროფესიული ტერმინოლოგიის გამო, რიგითი მოქალაქეებისთვის ნაკლებად გასაგები იყოს.

გავრცელებულ მიმართვაში არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და არ დაუშვას დაუბალანსებელი და ტენდენციური ნორმების ამოქმედება, რისი რეალური საფრთხე არსებობს, თუ პარლამენტი 26 დეკემბრის მდგომარეობით პარლამენტში განსახილველ კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს დაამტკიცებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მისაღებ ცვლილებათა ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეექმნათ თავად ამომრჩევლებს, შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, არაპროპორციულად გამკაცრდეს კერძო სექტორისათვის დაწესებული შეზღუდვები.

პრესკონფერენციაზე ყურადღება დაეთმო საპარლამენტო ინიციატივას, რომელიც ახლებურად აყალიბებს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლს - „ამორჩევლის მოსყიდვა." ინიცირებული ფორმულირების თანახმად, თუ აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენს იურიდიული პირი, მოხდება მისი ლიკვიდაცია.

"მარტივი ენით რომ ვთქვათ, ასეთი შედეგი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ბიზნესკომპანია ამომრჩეველს ერთ ტომარა ფქვილს გადასცემს და სანაცვლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას სთხოვს. ჩვენ, ცხადია, ვეთანხმებით იმ აზრს, რომ პარტიის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვა მიუღებელია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იყოს პროპორციული და გონივრული სასჯელები."-აღნიშნავს ნინა ხატისკაცი, საერთაშორისო გამჭვირვალობა "საქართველოს" წარმომადგენელი.

პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილეს ასევე ცვლილებაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, ამომრჩევლის სისხლის სამართლის წესით დასჯასაც ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიტიკური პარტიისგან ფულს, სხვა ქონებას ან მომსახურებას მიიღებს. "მაგალითად, თუ ამომრჩეველს პარტია დაუფინანსებს გარკვეულ სამედიცინო მომსახურებას, ეს ამომრჩეველი დაისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით."-განმარტავს ნინა ხატისკაცი.

ინიცირებული ცვლილებების თანახმად, შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს ამომრჩევლის არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი მოსყიდვაც. არსებობს საფრთხე იმისა, რომ კონკრეტული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული მოსყიდვა ყოველთვის დაუკავშირდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. თუ პირი, შესაძლოა პროვოკატორი, რომელიც არ მოქმედებს პარტიის სახელით, სთხოვს რომელიმე ამომრჩეველს ხმის მიცემას აღნიშნული პარტიისთვის რაიმე თანხის თუ ნივთის სანაცვლოდ, ჩადენილი დანაშაული, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს პარტიის მიერ არაპირდაპირ, სხვისი მეშვეობით ჩადენილ დანაშაულად და გამოიწვიოს მისი ლიკვიდაცია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რომელსაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს არის ის, რომ იურიდიულ პირებს, მათ წარმომადგენლებსა და „სხვა პირებს" ეზღუდებათ ამომრჩეველს მოუწოდონ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მისგან თავის შეკავების თაობაზე. თუმცა, ამავდროულად, საარჩევნო კანონმდებლობით, წინასაარჩევნო აგიტაცია არ ეკრძალებათ საჯარო მოხელეებსაც კი, როდესაც ისინი არ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

"მნიშვნელოვანია, რომ არსებული კანონმდებლობით საჯარო მოხელეებს არ ეზღუდებათ გამოხატვის თავისუფლება. ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო სამართლის იურიდულ პირებში დასაქმებულ ადამიანებს არც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას ეკრძალებათ მოქალაქეებისათვის მოწოდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მისგან თავის შეკავების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული შეზღუდვა სრულიად დისპროპორციულია.

ამასთან, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება იურიდიულ პირთა, მათ წარმომადგენელთა ან „სხვა პირთა" გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. მიგვაჩნია, რომ რომელიმე მუნუციპალიტეტის გამგებელს ღია აგიტაციის გაწევით რიგით ამომრჩეველზე უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე, მაგალითად რომელიმე თეატრის ან საწარმოს თანამშრომელს."-ამბობს თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.
”არასამთავრობოთა წარმომადგენლების მოსაზრებით, საჯარო მოხელეებისთვის არათუ კერძო სექტორთან იდენტური, არამედ უფრო შემზღუდავი საკანონმდებლო გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების მიხედვით გამოდის, რომ სახელმწიფო სექტორისთვის შესაბამისი აკრძალვებისა და სანქციების დადგენის ნაცვლად, შემზღუდავი ნორმები მხოლოდ კერძო სექტორისთვის მკაცრდება"- ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.


###

მიმდინარე პერიოდში საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა ძირითადი მიზანია საარჩევნო გარემოს შეცვლა იმგვარად, რომ შეზღუდვები დაუწესდეთ ბიზნეს კომპანიებს, იქ დასაქმებულ ადამიანებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს. ცვლილებები მიმართულია მხოლოდ ამ ჯგუფების რეგულირებისკენ და არ ისახავს მიზნად იგივე შინაარსისა და სიმკაცრის შეზღუდვების დაწესებას თანამდებობის პირების, ზოგადად საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული სხვა პირებისათვის, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, თუ სხვა გზებით პარტიის მხარდამჭერ საქმიანობას ახორციელებენ.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge