,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED), და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა 2011 წლის 30 სექტემბერს სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გავრცელების შემდგომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტთან შეხვედრის შედეგების განხილვა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხებოდა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
შეხვედრის დროს იურიდიული კომიტეტის მხრიდან მოხდა ორგანიზაციების მიერ დაყენებული საკითხების ნაწილის გაზიარება, თუმცა, რეკომენდაციებს შორის კვლავ რჩება მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც, იურიდიული კომიტეტის მხრიდან განხილვას და შესაბამისად, ცვლილებებს აღარ დაექვემდებარება. მაგალითად დეპუტატთა რაოდენობის ზრდა, ამომრჩეველთა სიების ფორმირება სპეციალური კომისიის მიერ. გარდა აღნიშნულისა, არსებობს საკითხთა ნაწილი, რომელთა შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებობს დისკუსიის გაგრძელების სურვილი, მათ შორის არის მარკირების პროცედურის გაუქმების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის საკითხები.
შეხვედრაზე განხილულ საკითხთა გათვალისწინება ცალკეულ შემთხვევებში გააუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - თავიდან აგვაცილებს მის გაუარესებას და კანონმდებლობის სტანდარტები დღეს არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 20 ოქტომბრიდან გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიების მოწყობას. ორგანიზაციები მუშობის გაგრძელებას საქართველოს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან გეგმავენ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge