26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა

ხვალ, 04 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების მიერ წარდგენილ სარჩელზე გაიმართება მოსამზადებელი სხდომა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს შვიდი განმცხადებლის ერთობლივ სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსამზადებელ ეტაპზე სასამართლო იმსჯელებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისა და სხვა სახის შუამდგომლობების დაკმაყოფილების საკითხზე. მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნის მიზანია, სასამართლომ სრულყოფლად მოამზადოს საქმე არსებითად განსახილველად.

დავის საგანს წარმოადგენს ჟურნალისტებისა და მედია საშუალებებისათვის მოპასუხის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება/ქონებრივი ზიანის ანაზღაურება და ზიანის ანაზღაურება ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შვიდმა განმცხადებელმა შეიტანა სარჩელი. ესენი არიან: ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თამაზ კუპრეიშვილი, გაზეთ ”გურია ნიუსის” ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“, შპს „ახალი ამბები“ და შპს „რადიოცენტრი პლიუსი.“
სასამართლოში საქმე განიხილება ღია  სხდომაზე.

მოსარჩელეთა ინტერესებს იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი.



ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge