სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მუზეუმების გაერთიანებას არა აქვს აბსოლუტური დისკრეცია უარი უთხრას მეცნიერს სამუზეუმო ექსპონატებთან დაშვებაზე

2024-01-24 22:09
Featured image

2023 წლის 30 დეკემბერს, გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც არსებითად განსახილველად არ იქნა მიღებული ეკატერინე კიკნაძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი. მოსარჩელე სარჩელით ამტკიცებდა, რომ არსებული პრაქტიკით მუზეუმების დირექტორატს აქვს სრული დისკრეცია, არ დაუშვას დაინტერესებული პირი სამუზეუმო ექსპონატებთან, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო არ დაეთანხმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც მუზეუმის დირექტორატს იმ შემთხვევაში აქვს უფლება, არ დაუშვას მეცნიერი სამუზეუმო ექსპონატთან, თუკი ეს ექსპონატი არის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, გადის რესტავრაციას ან გადატანილია საცავში. საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, ამ სამი საფუძვლის მიღმა მუზეუმის დირექტორატს არა აქვს უფლება, მეცნიერს უარი უთხრას სამუზეუმო ექსპონატთან დაშვებაზე.

მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განმარტება. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ეკატერინე კიკნაძეს უარი ეთქვა იმ სამუზეუმო ექსპონატებთან წვდომაზე, რაც დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იყო, არ გადიოდა რესტავრაციას და არ იყო გადატანილი საცავში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, მუზეუმის დირექტორატს არ ჰქონდა ამ ექსპონატებთან მეცნიერის დაშვებაზე უარის უფლება. ამ საკითხთან დაკავშირებით საიას მეშვეობით ეკატერინე კიკნაძე აწარმოებს დავას თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, სადაც უშუალოდ გასაჩივრებულია მუზეუმის უარი მოსარჩელის ფონდებში დაშვებასთან დაკავშირებით.