სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ხიზანიშვილის ქუჩაზე დაკავებული პირის მიმართ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა

2018-07-25 16:07
Featured image

2018 წლის 16 მაისს თბილისში, ხიზანიშვილი ქუჩაზე, ი.გ  თავის მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც ის და მისი მეგობარი პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის  სიტყვიერი შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელთა სამართალდარღვევის ოქმს დაკავებული არ დაეთანხმა და საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატების მეშვეობით თავისი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გააცნო.  

2018 წლის 28 მაისს გამართულ პროცესზე პოლიციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, სამხრე ჩანაწერით არ დადასტურდა ი.გ-ს მხრიდან სამართალდარღვევის კერძოდ სამართალდამცავთა მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. სასამართლო პროცესზე საიას ადვოკატის მიერ დაკითხული სხვა თვითმხილველების მიერ კი, სრულად გამოირიცხა დაკავებულის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომის ჩადენა.

2018 წლის 20  ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ი.გ-ს წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ იმავე ინციდენტისას დაკავებულმა მეორე პირმა, რომელიც შემთხვევას პირადი ტელეფონით იღებდა, უარი განაცხადა დაცვის უფლების გამოყენებაზე, რის გამოც საიას ადვოკატებს არ მისცემიათ მისი დაცვის შესაძლებლობა. სასამართლოს მიერ იგი პირდაპირი მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად  ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.