სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ჯანდაცვის სამინისტროს დისკრიმინაციული რეგულაციის შეცვლა დაევალა

2018-05-18 13:51
Featured image

საია იცავდა უკრაინის მოქალაქე ნ.ტ-ს, რომელსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სტატუსი აქვს. მან ვერ ისარგებლა „დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის“ ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტითა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მშობიარობა, საკეისრო კვეთის მომსახურებით, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე.  საიას დახმარებით ნ.ტ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს და როგორც მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირმა, მოითხოვა მისცემოდა ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით და ასევე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა. ჩვენს  ბენეფიციარს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული პროგრამის ხელმისაწვდომობაზე, რის  გამოც საიას ქუთაისის ფილიალის  დახმარებით ნ.ტ-მ მიმართა სახალხო დამცველს და ითხოვა მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.  

სახალხო დამცველმა დაადგინა მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა, რომ სოციალური/ჯანდაცვის ბენეფიტების მიღების მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის მუდმივი მოწმობის მქონე პირები არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი მოქალაქეთა თანასწორად იხდის კანონით დადგენილ გადასახადებს და თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობაში, შესაბამისად, სახელმწიფო მათ დროებითი ვიზიტორების მსგავსად არ უნდა მოეპყრას. სახალხო დამცველმა სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით,  რომ არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად და მომავალში, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.