სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2023 წელს რაჭასა და გურიაში განვითარებული მოვლენების მაგალითზე საიამ საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით საადვოკაციო დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა

2023-11-13 14:59
Featured image

საადვოკაციო დოკუმენტი, ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ - ეხმიანება 2023 წლის აგვისტოში რაჭასა და 2023 წლის სექტემბერში გურიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებულ გარემოებებს, რათა დასვას საკვანძო შეკითხვები, როგორც სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების, ისე, სამაშველო ოპერაციის მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. საადვოკაციო დოკუმენტის პრეზენტაცია საიამ 2023 წლის 13 ნოემბერს გამართა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული,1 რის გამოც, წინამდებარე დოკუმენტი, მიზნად ისახავს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პარალელურად, გამოაქვეყნოს ის შინაარსი, რომელიც მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას და გამოკვეთს იმ გარემოებებს, რომელთა გამოკვლევა, შესწავლა და ანალიზი აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხიმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით. საჯარო ინფორმაციის მიღების კანონისმიერი ვადების გასვლის შემდეგ, საია საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას უწყებების მიერ მოწოდებულ პასუხებთან დაკავშირებით.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, წინამდებარე საადვოკაციო დოკუმენტი ეფუძნება საქართველოში ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზს, როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში. ასევე, განიხილავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკის დოკუმენტებს, სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს, ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვის სფეროში, რათა უკეთ წარმოჩნდეს, თუ რა გამოწვევებისა და საჭიროებების წინაშე დგას სახელმწიფო; როგორ სრულდება ამ დოკუმენტებით განსაზღვრული მიზნები და კონკრეტული ქმედებები. საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური დოკუმენტებისა და მედია-საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დოკუმენტი გამოკვეთს, თუ რა პრობლემები, გამოწვევები და სავარაუდო დარღვევები შესაძლოა ყოფილიყო სახელმწიფო ორგანოების მიერ რაჭასა და გურიაში ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს. დოკუმენტი, ასევე, მიმოიხილავს ეფექტიანი გამოძიების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს, და, გამოკვეთს მიმდინარე საგამოძიებო პროცესში არსებულ ხარვეზებს.

იხილეთ საადვოკაციო დოკუმენტი სრულად.

დოკუმენტი მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


1 იხ. IDFI, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022, ხელმისაწვდომია: https://idfi.ge/public/upload/00_studies/2023/access_to_public_information_in_georgia_2022.pdf, [26.10.2023].