სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ძალა ერთობაშია: პროფკავშირების როლი საჯარო მოხელეთა შრომით უფლებებსა და საჯარო სამსახურის ეფექტიანობაში

2023-09-04 12:04
Featured image

პროფესიული კავშირის როლი დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაში განუზომელია. პროფკავშირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შრომითი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, შრომითი დარღვევების პრევენციაში, ღირსეული სამუშაო პირობების ადვოკატირებასა და მოხელეთა კეთილდღეობის შენარჩუნებაში. მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება მშრომელთა სათანადო ინფორმირებულობა დამოუკიდებელი და ძლიერი პროფესიული კავშირების, როგორც შრომითი კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულებისა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნის ქმედითი ინსტრუმენტის თაობაზე. ეს სურათი კიდევ უფრო მძიმეა საჯარო სამსახურში, რადგან საკუთარი უფლებების დასაცავად მშრომელები ორგანიზებისა და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბების გზას ფაქტობრივად არ მიმართავენ. 

წინამდებარე ბლოგი მიმოიხილავს, თუ რა დადებითი გავლენა აქვს საჯარო სამსახურში პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას არა მხოლოდ დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალიზებისა და აღსრულების, არამედ საჯარო სამსახურის ეფექტიანობის კუთხითაც. აღნიშნული მიზნად ისახავს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება პროფკავშირების როლთან დაკავშირებით საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ეფექტიანი მმართველობისთვის. 

ეროვნული კანონმდებლობა 

პროფესიული კავშირის შექმნა და მასში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს მოხელის უფლებას, საჯარო სამსახურში საკუთარი უფლებების დასაცავად შექმნას პროფესიული კავშირი ან იყოს მისი წევრი. კანონი ასევე ადგენს მოხელის უფლებას, არჩეულ იქნეს პროფესიული კავშირის მართვის ორგანოებში და მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში იმ დათქმით, რომ აღნიშნული საქმიანობა არაანაზღაურებადია და სამსახურისგან თავისუფალ დროს ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ასევე კრძალავს საჯარო მოხელის დისკრიმინაციას, მისი კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვას ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლას პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების გამო. ეს მნიშვნელოვანი გარანტიაა, რადგან ხშირად შიში იმისა, რომ პროფესიული კავშირის კუთვნილების გამო დევნის მსხვერპლები გახდებიან, დასაქმებულებს აბრკოლებს თვითორგანიზებისა და შრომითი უფლებების ბრძოლის გზაზე. ხშირად დასაქმებულები ვერ ბედავენ პროფკავშირში გაწევრიანებას, რადგან სამუშაოს დაკარგვის ეშინიათ. 

მიუხედავად საკანონმდებლო მოწესრიგებისა, საიას კვლევამ1 ცხადყო, რომ საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოსამსახურეები პროფესიულ გაერთიანებებს ან/და კავშირებს არ ქმნიან და საკუთარი უფლებების დასაცავად მშრომელები ორგანიზებისა და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბების გზას ნაკლებად მიმართავენ. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ევროპის სოციალური კომიტეტის დასკვნა, რომლის თანახმად საქართველოში არ ხდება კოლექტიური მოლაპარაკებების პრაქტიკაში სათანადოდ ხელშეწყობა და სახელმწიფო არ მუშაობს პროფესიული გაერთიანებების განვითარების მიმართულებით. 

პროფესიული კავშირის მნიშვნელობა 

პროფესიული კავშირი დიდ როლს თამაშობს როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის და არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. აღნიშნული ფუნქციები მეტი თვალსაჩინოებისთვის ქვემოთ უფრო დეტალურად იქნება განხილული. 

კოლექტიური მოლაპარაკებები: პროფკავშირები წარმოადგენენ მშრომელთა ერთიან ხმას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მოლაპარაკებები აწარმოონ უკეთესი სახელფასო განაკვეთისა და სამუშაო პირობებისთვის. კოლექტიური მოლაპარაკების ფარგლებში პროფკავშირებს შეუძლიათ მიაღწიონ შეთანხმებას მშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების თაობაზე, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია დასაქმებულთა კეთილდღეობისთვის. აღნიშნულის საილუსტრაციოდ შესაძლოა განხილულ იქნეს შვედეთის მაგალითი, სადაც კოლექტიური მოლაპარაკებების მეშვეობით, პროფკავშირმა შეძლო საჯარო სექტორში დასაქმებულთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესება, რაც ასევე მოიცავდა მშობლის უფლების ეფექტიან გამოყენებასა და შემცირებულ სამუშაო საათებს იმ მიზნით, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის სამართლიანი ბალანსი ყოფილიყო დაცული.  

სამსახურის უზრუნველყოფა და დაცვა: პროფკავშირების საქმიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია სამსახურის უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც გულისხმობს მათ აქტიურობას უკანონო დათხოვნების, გათავისუფლებებისა და არასამართლიანი დისციპლინური სამართალწარმოების წინააღმდეგ. ისინი იმგვარი შრომით პოლიტიკის დადგენას უწყობენ ხელს, სადაც უზრუნველყოფილია ყველას თანაბარი მოპყრობა და დამსაქმებელთან დავის შემთხვევაში დავის სამართლიანი განხილვის მოგვარება. ქართულ რეალობაში, როდესაც სამწუხარო გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად საჯარო სამსახურიდან მოხელეთა გათავისუფლების მიზნით ტარდება მოჩვენებითი რეორგანიზაციები, ხდება დისციპლინური სამართალწარმოების არაჯეროვანი გამოყენება და სხვ., საჯარო მოხელეთა პროფკავშირული წინააღმდეგობა შრომითი უფლებების დასაცავად, არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა. 

შრომითი პირობების გაუმჯობესება: პროფესიული კავშირების როლი მნიშვნელოვანია შრომითი პირობების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს გონივრულ სამუშაო საათებს და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე ადეკვატურ რესურსებს, რათა დასაქმებულებმა ეფექტურად შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები. ამდენად, პროფკავშირები ხელს უწყობს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას და ექსპლუატაციური პრაქტიკების აღმოფხვრას. აღნიშნულის ნათლად წარმოსაჩენად შეიძლე                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               ბა განხილულ იქნეს საფრანგეთის საჯარო ტრანსპორტის დასაქმებულთა პროფკავშირული ბრძოლა, რომლის შედეგადაც მათ მიიღეს გაუმჯობესებული სამუშაო პირობები და სოციალური შეღავათები.  

დაწინაურების სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურა: პროფკავშირები ასევე იბრძვიან დაწინაურებისათვის სამართლიანი პოლიტიკის შემუშავებისთვის, რომელიც ამცირებს ფავორიტიზმის რისკებს. აღნიშნული უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში კარიერული განვითარების თანაბარ შესაძლებლობას. მაგალითისთვის, გერმანიაში საჯარო სამსახურებში მოქმედი პროფესიული კავშირები აქტიურად არიან ჩართულები კორპორატიული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც გულისხმობს მენეჯერულ რგოლში პროფკავშირების ერთი  წარმომადგენლის ყოლას და ორგანიზაციული პოლიტიკის განსაზღვრის დროს დასაქმებულთა მოსაზრებებისა და პოზიციის დაფიქსირებას, რაც ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობით სამუშაო გარემოს. 

პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების ადვოკატირება: პროფკავშირები ასევე იბრძვიან დასაქმებულთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებისთვის. ისინი მიისწრაფიან, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ტრენინგ პროგრამები და გამოიყოს რესურსები მათი უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, რათა მათ შეინარჩუნონ კვალიფიკაცია კონკურენტულ ბაზარზე. 

საზოგადოების ბენეფიტები: საჯარო სექტორში ძლიერ პროფესიულ კავშირებს შეუძლია გააუმჯობესოს საჯარო სამსახურში მომსახურების ხარისხი. როდესაც დასაქმებულები ბედნიერები და მოტივირებულები არიან, ისინი უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებენ მომხმარებლებს და მეტად ეფექტურები იქნებიან. ამდენად საჯარო სამსახურში პროფესიული კავშირის გააქტიურებას დადებითი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების შრომით უფლებებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. 

გავლენა საჯარო პოლიტიკაზე: პროფკავშირებს ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საჯარო პოლიტიკაზე და გააუმჯობესონ შრომით უფლებებთან, სოციალურ კეთილდღეობასა და საჯარო სერვისებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ისინი მონაწილეობენ პოლიტიკის შემუშავების პროცესში და ხელისუფლებას ეხმარებიან იმგვარი რეგულაციების მიღებაში, რომლებიც იცავს დასაქმებულთა ინტერესებს. 

საბოლოო ჯამში, პროფკავშირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საჯარო სამსახურში დასაქმებულების უფლებრივ მდგომარეობასა და საჯარო სამსახურის ეფექტიანობაზე, უზრუნველყოფენ რა, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, და, მეორე მხრივ, ეფექტიანი საჯარო სამსახურის შექმნას, საზოგადოების სასარგებლოდ. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირებით შეთანხმების თანახმად, საქართველომ იკისრა ვალდებულება, კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ასახოს საერთაშორისოდ აღიარებული შრომის სტანდარტები, მათ შორის გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების შესახებ.  

ამდენად, მნიშვნელოვანია,  

- სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პროფესიული კავშირების განვითარებას და მათთან ერთად იზრუნოს ქვეყანაში მშრომელთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისაკენ;  

- ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფკავშირებთან მიმართებით საზოგადოების ნდობის გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას. 

ავტორი: ეკო მამალაძე 

ბლოგი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.


1 შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2022, გვ.69.