დღეს 2012 წლის 24 აპრილს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავის მოსაზრებებს კანონპროექტის „ინფორმაციული უსაფრთხოების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დროულია, რადგან ის რისკები, რომლებიც არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდი ტემპით განვითარებისა და გამოყენების კუთხით, საქართველოს კანონმდებლობაშიც შესაბამისად უნდა იყოს ასახული.
საკანონმდებლო ინიციატივა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, მეტად საყურადღებოა, ვინაიდან მისი მთელი რიგი დებულებები გავლენას ახდენენ ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და გარკვეული კორექტივები შეაქვთ მასში. კერძოდ,
1. კანონპროექტი ადგენს დახურული საჯარო ინფორმაციის ახალ სახეებს, როგორებიცაა: კონფიდენციალური, შეზღუდული და არაკლასიფიცირებული ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციის ეს ახალი სახეები სცილდება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ საიდუმლოებათა ჩამონათვალს (სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება) და მათი არალეგიტიმურ გაგრძელებას წარმოადგენს.
2. ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლება ექნებათ თვითონ მიანიჭონ საჯარო ინფორმაციის ოთხი კლასიფიკაციიდან ერთ-ერთი, ანუ გადაწყვიტონ თუ რომელი საჯარო ინფორმაცია რომელ კატეგორიას განეკუთვნება - კონფიდენციალურს, შეზღუდულს, არაკლასიციფირებულს თუ ღიას. ასეთი სახის უფლებამოსილების გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს ინფორმაციის მოძიების გართულება, მიუხედავად ინფორმაციის საჯაროობისა.