არასამთავრობო ორგანიზაციებს განცხადებით მოგვმართა პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“. განცხადების მიხედვით, ქ. თბილისის მერიამ კოალიციას უარი უთხრა, მიმდინარე წლის 27 მაისს ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი მანიფესტაციისათვის სცენის მოსაწყობად ადეკვატური დროის გამოყოფაზე ვიდეო მასალიდან, რომელზეც ჩაწერილია ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და ქ. თბილისის მერიის თანამშრომლის საუბარი, ირკვევა, რომ მერიის უარი განპირობებულია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მოსალოდნელი საფრთხით. კერძოდ, მერიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობამ და შესაბამისი აპარატურის დამონტაჟებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაა და უკანონოდ ჩაითვლება. თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, სცენის მოწყობისათვის ჩასატარებელი სამუშაოები არ გამოიწვევს თავისუფლების მოედანზე მოძრაობის სრულ შეფერხებას.
ქვემორე ხელმომწერი ორგანიზაციები განვმარტავთ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების თანახმად, შეკრების უფლების განხორციელების დროს სახელმწიფო ვალდებულია არა მარტო არ ჩაერიოს ამ უფლების განხორციელებაში, არამედ მიიღოს ზომები, რათა ხელი შეუწყოს მის განხორციელებას.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.“ ამ შემთხვევაში წინადადება „თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“ ფართოდ უნდა განიმარტოს. კერძოდ, როდესაც დემონსტრაციის სათანადოდ ჩასატარებლად საჭიროა ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა დასამონტაჟებლად აუცილებელია წინასწარი სამუშაოების ჩატარება და ამის განხორციელება შეუძლებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის გარეშე, ასეთი ქმედება უნდა ჩაითვალოს სავალი ნაწილის გადაკეტვად, რომელსაც „მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება დემონსტრაციის სათანადო ორგანიზება, რაც გამოიწვევს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლების დარღვევას.
რაც შეეხება კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებას, რომლის მიხედვითაც, „აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა“, ეს დებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს და მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს, როდესაც ტრანსპორტის სავალი ნაწილი ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით განზრახ იკეტება და არა დემონსტრაციის სათანადოდ ორგანიზების საჭიროებიდან გამომდინარე. ამ დებულების სხვაგვარი განმარტება შეუძლებელს გახდის ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც წარმოუდგენელია ტექნიკური მოწყობილობების (სცენის მოწყობა, ვიზუალური თუ ხმის გამაძლიერებელი აპარატურის დამონტაჟება და ა.შ.) გარეშე
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეკრების უფლების განხორციელებაში ჩარევას წარმოადგენს როგორც მიმდინარე აქციისა თუ მანიფესტაციის შეწყვეტა, ასევე, შეკრების გამართვაზე წინასწარი შეზღუდვების დაწესება (Ezelin v. France, judgment of 26 April 1991, § 39).
მშვიდობიანი შეკრების შესახებ ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა და ამასთან, არ შექმნას ბიუროკრატიული მექანიზმები, რომელიც ამ უფლების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის. ამ ვალდებულების ხორცშესასხმელად, სახელმწიფო ყოველთვის უნდა ეცადოს ხელი შეუწყოს აქციის ორგანიზატორებს მათ მიერ შერჩეულ ადგილას შეკრებისა თუ მანიფესტაციის გამართვაში.
ეუთო-ს იმავე პრინციპების თანახმად, საჯარო სივრცის გამოყენება შეკრებებისა და მანიფესტაციებისათვის ისეთივე ლეგიტიმური ქმედებაა, როგორც ამ სივრცის გამოყენება სხვადასხვა კომერციული აქტივობების, ტრანსპორტისა თუ ფეხითმოსიარულეთა გადაადგილებისათვის. ეს პრინციპი სახელმწიფოს მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყოველთვის, როდესაც განიხილება შეკრებისა თუ მანიფესტაციის შეზღუდვის საკითხი.
ვინაიდან, ფართომასშტაბიანი შეკრება სრულყოფილად ვერ განხორციელდება აქციის მოწყობისათვის საჭირო ტექნიკური ღონისძიების განხორციელების გარეშე, მერიის წარმომადგენლის უარი სცენის დამონტაჟებისათვის ადეკვატური დროის გამოყოფაზე წარმოადგენს შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვას. მერიასა და აქციის ორგანიზატორებს შორის წარმოებული მოლაპარაკებები არ უნდა ატარებდეს ფორმალისტულ ხასიათს, შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და პროცესში მონაწილე ყველა მხარისათვის დამაკმაყოფილებელი შედეგით უნდა დამთავრდეს. ამასთან, ადგილი არ უნდა ჰქონდეს კანონის ნორმებზე ფორმალისტურ მითითებას (ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპების განმარტებები, 134).
შეკრებებისა და მანიფესტაციების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ვერ დაასაბუთებს 27 მაისს დაგეგმილი აქციისათვის საჭირო ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებაზე უარის თქმას ტრანსპორტის მოძრაობის პოტენციური შეფერხებით, მაშინ როდესაც 26 მაისს, თავისუფლების დღისთვის დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად 24 მაისიდან გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები (Makhmudov v. Russia, no. 35082/04, para. 71).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ მერიის მიერ მხოლოდ „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონის ნორმაზე მითითება, რომლის მიხედვით დაუშვებელია გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება, საკითხისადმი ფორმალისტური დამოკიდებულებაა და წარმოადგენს შეკრების უფლების განხორციელების გაუმართლებელ შეზღუდვას, მითუფრო როდესაც აქციის ორგანიზატორების მიერ შეკრების ტექნიკურად უზრუნველყოფისათვის გონივრული დრო იქნა მოთხოვნილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“