სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიში

2022-06-18 00:02
Featured image

საიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პანდემიის და განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა. 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით გატარებული რეფორმის შედეგად კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით გაუმჯობესდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მწვავე პოლარიზაციამ და კამპანიის პროცესში დაფიქსირებულმა დარღვევებმა თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს წარმართვას ხელი შეუშალა. მთავარი გამოწვევა კვლავ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება იყო, რამაც უმრავლესობას გაუმართლებელი უპირატესობა მიანიჭა და თანაბარი საბრძოლო პირობების შექმნა ვერ უზრუნველყო. 

კამპანიაზე უარყოფითად აისახა ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის, დაშინების და საჯარო მოხელეების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევები. ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობებმა და მათზე ზეწოლამ ხმის მიცემის უფლებით სრულფასოვან სარგებლობას ხელი შეუშალა. ამ ტენდენციებმა, სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეებზე გამოძიების გაჭიანურებასთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესი დააზიანა და ვერ უზრუნველყო კამპანიის ნორმალურ პირობებში წარმართვა.

დაძაბული და პოლარიზებული წინასააარჩევნო გარემო აისახა კენჭისყრის დღეზეც. გამოვლინდა ამომრჩევლის აღრიცხვისა და მათ ნებაზე ზეგავლენის ნეგატიური ტენდენცია, რაც კენჭისყრის დღის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. ამასთან, სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს, ეფექტიანად ღესრულებინათ კანონის მოთხოვნები უბნის პერიმეტრზე. კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიმართ მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, რასაც არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

ბათუმის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული ოლქის ყველა უბანზე ელექტრონული წესით ჩატარდა. ბათუმში შეინიშნებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლის რეგულაციების, კერძოდ, შეკრების, ამომრჩევლის შეფერხებისა და აღრიცხვის აკრძალვის წესების სრული უგულებელყოფა. ამ შემთხვევაშიც, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არაეფექტიანი იყო. 

2021 წლის საარჩევნო რეფორმის შედეგად განისაზღვრა არჩევნების შედეგების შემთხვევითი შერჩევით სავალდებულო გადათვლის წესი. ასეთი ცვლილება პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან ის ზრდის არჩევნების შედეგების მიმართს სანდოობას, თუმცა, აუცილებელია იმ პროცედურული ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც ნორმის პრაქტიკული დანერგვის დროს გამოვლინდა. მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ შედეგების სავალდებულო გადათვლა ითვალისწინებს დალუქული ბიულეტენების მხოლოდ ტექნიკურ გადათვლას და შემაჯამებელ ოქმებთან შედარებას, სამაგიდე სიებში არსებული ხელმოწერების გარეშე, რაც არჩევნების შედეგის გადამოწმების ეფექტიანობას ამცირებს. ამასთან, პროცედურა არ ითვალისწინებს რაიმე სახის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უბანზე დაფიქსირებული ცდომილებებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის შედეგად გაუმჯობესდა სასამართლო კონტროლი საარჩევნო დავებზე, ხშირ შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემა განხილვების დროს საოლქო საარჩევნო კომისიების დისკრეციულ უფლებამოსილების განხილვაში არ შედის. გარდა ამისა, არაერთგვაროვანია საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებიც წარდგენილ საჩივრებზე, რომლებიც ეხება კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, არჩევნების შედეგების გადათვლას, საეჭვო ბიულეტენების ბათილობას.

საბოლოო ჯამში, კამპანიის პერიოდში და კენჭისყრის დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა და ნეგატიურმა ტენდენციებმა, როგორებიცაა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლა, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის აღრიცხვა და მათი ნების კონტროლი, მოსყიდვა, ზეწოლა, თავდასხმები ოპოზიციის წარმომადგენლებზე და საგამოძიებო უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება, მნიშვნელოვნად დააზიანა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მიგნებების საფუძველზე, საიამ რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებას ემსახურება. ეს რეკომენდაციები მიემართება საქართველოს პარლამენტს, საარჩევნო ადმინისტრაციას, სასამართლოებს და საგამოძიებო უწყებებს.

 

 

საია ადგილობრივი არჩევნების კენჭისყრის დღის სადამკვირვებლო მისიის განხორციელება და საბოლოო ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.