სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2006 წლის ე. წ. ციხის ბუნტის დროს საქართველომ პატიმრების სიცოცხლის უფლება დაარღვია

2020-04-03 22:41
Featured image

საია პერიოდულად მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, ვინიდან ის მხოლოდ ერთი პირის უფლებრივ მდგომარეობას არ ცვლის და მსგავს საქმეებზე ვრცელდება.

2020 წლის 2 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება 2006 წელს მარტში ე.წ. ციხის ბუნტის ჩასახშობად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 2 პატიმრის (23 წლის ზ.კ. და 29 წლის ა.ბ.) გარდაცვალებას და აღნიშნულ ფაქტზე არაეფექტიანი გამოძიების წარმოებას. 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2006 წლის 27 მარტს ღამის საათებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსი, ბაჩანა ახალაია კოლეგებთან ერთად პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, საიდანაც რამდენიმე პატიმარი თბილისის #7 დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ. ამ პატიმართა გადაყვანას და გადაყვანის პროცესში მათ არასათანადო მოპყრობას სამკურნალო დაწესებულების პატიმრების პროტესტი მოჰყვა, რაც შემდეგ #5 ციხეს გადაედო და ამბოხში გადაიზარდა. #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად 7 პატიმარი, მათ შორის მომჩივნების ოჯახის წევრები, გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზიანება მიიღო.  

პატიმართა ამბოხის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება და პირველადი საგამოძიებო მოქმედებებიც ამ უწყებამ აწარმოა. 2006 წლის 19 მაისს საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გენერალურ პროკურატურას გადაეცა. ციხის ბუნტის ჩახშობის დროს სპეცრაზმელთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება მხოლოდ 2006 წლის 21 ივნისს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით დაიწყო. 2006 წლის 23 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყო ზ.კ.-ს და ა.ბ.-ს გარდაცვალების საქმე, რომელზეც გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გაგრძელდა. თუმცა, გამოძიების ფარგლებში კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. პირველი და მეორე მომჩივნები პატიმრის, ზ.კ.-ს და და დედა არიან, მესამე მომჩივანი კი - პატიმრის, ა.ბ.-ს დედაა. გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრები ევროპულ სასამართლოში 2007 წელს წარდგენილ საჩივარში სიცოცხლის უფლების დარღვევის დადგენას ითხოვდნენ. 

2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების მატერიალური ნაწილის დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელთა მხრიდან გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული, რადგან: 

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ 27 მარტამდე იყო ცნობილი, რომ რამდენიმე პატიმარი დაუმორჩილებლობას გეგმავდა, ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეცრაზმელებს არ მიუღიათ კონკრეტული ინსტრუქციები და ბრძანებები ზემდგომი პირებისგან, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა მსხვერპლთა რაოდენობას. 

- სპეცსამსახურების რაზმები მოქმედებდნენ უკონტროლოდ და არაორგანიზებულად. ამავდროულად, კომპეტენტურმა თანამდებობის პირებმა არც კი იცოდნენ, ზუსტად ვინ იყო აღნიშნულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირი.   

- სპეცსამსახურებმა არც კი განიხილეს ცეცხლსასროლი იარაღის ნაცვლად უფრო მსუბუქი საშუალებების - ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის ან სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენება.

- სპეცრაზმელები პატიმრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ ასევე, გვერდით მდებარე შენობების სახურავიდან, საიდანაც ტყვიები საკნებში ფანჯრიდან აღწევდა. სასამართლოს განმარტებით, ეს ფაქტები ადასტურებს, რომ სპეცრაზმელების მხრიდან გამოყენებული ძალა იყო განურჩეველი და გადაჭარბებული. 

- სპეცრაზმელებს არც კი უცდიათ პატიმრებთან მოლაპარაკების წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების მხრიდან მზაობა სახეზე იყო.

- სპეცრაზმელებმა პატიმრების ცემა და მათ მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა გააგრძელეს საკნებშიც მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები მათ წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ.

ევროპულმა სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ციხის ბუნტის ჩახშობის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს პატიმრებს და მათ არც სათანადო სამედიცინო დახმარების გეგმა შეიმუშავეს მიუხედავად იმისა, რომ ბუნტის ჩახშობის დროს გართულებები ადვილად განჭვრეტადი იყო პასუხისმგებელი პირებისთვის. პასუხისმგებელმა პირებმა მომჩივნებს სპეცოპერაციის დროს მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაც კი არ მიაწოდეს.

მოცემულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ ასევე, დაადგინა სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევა. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ციხის ბუნტის დროს სპეცრაზმელების მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე ნაწარმოები გამოძიება არ იყო ეფექტიანი შემდეგი მიზეზების გამო: 

- სპეცოპერაციის დროს უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მხოლოდ 2006 წლის 21 ივნისს, ფაქტიდან 3 თვის დაგვიანებით; 

- პირველადი საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, ანუ იგივე უწყებამ, რომელმაც გასცა ბრძანებები ციხის ბუნტის ჩახშობის შესახებ და ხელმძღვანელობდა ბუნტის ჩამხშობ რაზმებს; 

- გამოძიებამ არ გამოიკვლია ოპერაციის დაგეგმვისა და ლეტალური ძალის გამოყენების საკითხები; ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო ორგანოებმა თავიდანვე გამორიცხეს სპეცრაზმელების მხრიდან ძალის გადამეტება და განმარტავდნენ, რომ პატიმრების მიმართ ძალის გამოყენება გამართლებული იყო; 

- გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და შესაბამისად, ისინი არ იყვნენ ჩართული გამოძიების პროცესში და მათ ვერ ისარგებლეს კანონით გათვალისწინებული უფლებებით. 

- ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მართალია, კვლავ მიმდინარეობდა, მაგრამ გამოძიების ფარგლებში არ დამდგარა კონკრეტული შედეგი. შესაბამისად, წარმოებული გამოძიება იყო დაუსაბუთებლად დაგვიანებული. 

სასამართლომ საქართველოს პირველი და მეორე მომჩივნების სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 40 000 ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო მესამე მომჩივნის სასარგებლოდ 32 000 ევროს გადახდა. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ციხის ბუნტის ჩახშობის დროს სპეცრაზმელთა მხრიდან ძალის გადამეტების და 7 პატიმრის მკვლელობის ფაქტებზე გამოძიებას 2012 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ ციხის ბუნტიდან 14 წელი გავიდა, დღემდე არ მომხდარა ამ ფაქტების სათანადოდ გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად სახელმწიფომ მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის პარალელურად უნდა ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით.