სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

1984-დისტოპიური კოდექსი ქართულ კანონმდებლობაში

2018-02-27 13:53
Featured image

1984 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ და მდივანმა ხელი მოაწერეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს #161 დადგენილებას, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებებში იმავე წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამით ამოქმედდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. დღესაც თავისუფლების შეზღუდვის უკონტროლო გზა ამ კოდექსზე გადის. ყოველწლიურად მისი გამოყენებით სასამართლოებში დაახლოებით 30 000 პირის საქმე განიხილება.  ამ კოდექსით ისჯებიან მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეები, ყოველწლიურად დაახლოებით 6000 პირი ხვდება დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათგან ნაწილს კი ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდაც იქვე უწევს. კოდექსით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული გარანტიები იმდენად მწირია, რომ რთულია მას გარანტიები უწოდო. ამიტომ, ყოველ დღე, როდესაც ეს კოდექსი მოქმედებას აგრძელებს, საქართველო აგრძელებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.

სიღრმისეული ანალიზის გარეშეც, ამ კოდექსის ზედაპირული გადახედვაც  საკმარისი უნდა იყოს იმაში დასარწმუნებლად, რომ დღეს მოქმედი სამართალდარღვევათა კოდექსი სრულიადაა ამოვარდნილი სამართლებრივი სივრციდან. მაგალითად:

დასაწყისშივე (21-ე მუხლში) აღმოვაჩენთ, რომ დღესაც შესაძლებელია სამართალდარღვევის საქმე განიხილონ არარსებულმა ორგანოებმა - ამხანაგურმა სასამართლომ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ან შრომითმა კოლექტივმა. მათვე შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა ,,საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა“ უნდა გამოიყენონ ჩადენილი სამართალდარღვევის საპირწონედ. ხოლო აღმზრდელობითი და გამაფრთხილებელი როლის ამაღლების მიზნით, დადგენილია, რომ საქმეები შეიძლება განხილული იყოს უშუალოდ შრომით კოლექტივში, დამრღვევის სწავლის ან საცხოვრებელ ადგილას, ღია სხდომაზე. 

კოდექსის თანახმად, კიდევ ერთი არარსებული მექანიზმი შრომის სახელმწიფო ინსპექტორების სახით, განიხილავენ შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევებს. ამ ტიპის დარღვევისათვის, შრომის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს და შრომის სახელმწიფო ინსპექტორს  შეუძლიათ დამრღვევი დააჯარიმონ.

239-ე მუხლი არის 1990 - 2017 წლებში ქართველი კანონმდებლების 202 მცდელობის ეპიზოდი, ნათელი მოეფინათ ვინ და როდის უნდა შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი. თუმცა, ამ მუხლში შესული ამდენი ცვლილების მიუხედავად, პროცედურა ისევ ბუნდოვანია. 

კიდევ უფრო მეტი დაბნეულობისთვის, ადმინისტრაციულ პროცესში შევხვდებით  პროკურორს, რომელსაც სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაპროტესტების (პროკურორის პროტესტით მიმართვის) უფლება აქვს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კოდექსში ყველაფერი ისეა არეული, მის დალაგებას ფრაგმენტული ცვლილებებით ვერცერთი კანონმდებელი ვერ შეძლებს და საჭიროა სრულიად ახალი, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული კოდექსის მიღება. 

ხელისუფლება წლიდან წლამდე იძლევა დაპირებას, რომ ამ კოდექსს შეცვლის. დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტში ახდენს კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს, ნაცვლად იმისა, რომ იზრუნოს პროცედურული გარანტიებს შემოღებაზე. როგორც ჩანს, რთულია ხელიდან გაუშვა მექანიზმი, რომელიც ადამიანების კონტროლის უკონტროლო შესაძლებლობას გაძლევს. 

და სანამ ხელისუფლება გვპირდება, რომ ამ კოდექსს შეცვლის, პოლიციელები წერენ ოქმებს:

,,არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ჩვენი არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, ბოროტად არ ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, დაკავებისას გაგვიწია წინააღმდეგობა“;

..იგინებოდა უმისამართოდ, ჩვენი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, არ დაგვემორჩილა, გაგვიწია ფიზიკური წინააღმდეგობა“;

,,ყვიროდა ხმამაღლა [აქციაზე], აწუხებდა იქ მყოფ მაცხოვრებლებს. ჩვენი არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, არ გაითვალისწინა.“

რაც საკმარისი აღმოჩნდება ჩვენი სამართალდამრღვევებად მიჩნევისათვის. 

 

ნონა ქურდოვანიძე-საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას