ზვიად რატიანის ინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში საია დაიცავს

2018 წლის 7 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გასაჩივრდა ამავე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ ზვიად რატიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილ მოთხოვნებთან.

გვსურს გამოვეხმაუროთ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და აღვნიშნოთ შემდეგი:  

- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზვიად რატიანის საჩივარი, თუმცა თითოეულ მოთხოვნაზე მიღებული გადაწყვეტილება ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში. გაურკვეველია რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება აღებულიყო მაუწყებლის ყველა პლატფორმიდან სადავო ჩანაწერი და აღარ მომხდარიყო შემდგომში მისი გამოყენება, თუ ის არ არღვევს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი მოთხოვნებს.

- თვითრეგულირების ორგანოს დასკვნაში მითითებული არგუმენტაცია წინააღმდეგობრივია. ერთის მხრივ, გხვდება მსჯელობა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისას ვიდეოს გადაღების კანონიერებაზე, მეორეს მხრივ, კი აღნიშნულია, რომ მაუწყებლის შესაფასებელი არ არის რამდენად სწორად მოხდა ზვიად რატიანის დაკავების ვიდეოს გადაღება.  ვფიქრობთ, თვითრეგულირების ორგანო საერთოდ არ უნდა მსჯელობდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების მსვლელობისას ვიდეო ჩაწერის განხორციელების კანონთან შესაბამისობაზე.

- მიგვაჩნია რომ სადავო ჩანაწერის სასამართლოს მიერ მტკიცებულებად მიღება, ისევე როგორც ამ საქმესთან დაკაშირებით არსებული მხოლოდ მაღალი საჯარო ინტერესი, არ შეიძლება გახდეს მასალის ეთერში გავრცელების საფუძველი, თუ ის არ აკმაყოფილებს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილ მოთხოვნებს.

- თვითრეგულირების ორგანოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ მასალა მაღალი სტანდარტების დაცვით იყო გავრცელებული, მაქსიმალურად იყო დაფარული კადრები და პოლიციელების შეურაცხმყოფელ მიმართვებზე დადებული იყო ხმოვანი სიგნალი. თუმცა ინფორმაცია, რომელმაც სიძულვილის გაღვივება გამოიწვია და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია, ყოველგვარი ხმოვანი სიგნალის დადების გარეშე იქნა გადაცემული. 

- თვითრეგულირების ორგანოს არ უმსჯელია, რამდენად საჭირო იყო სადავო ვიდეო ჩანაწერის ეთერში გაშვება და იყო თუ არა მანამდე მაყურებლის ინტერესი დაცული ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია. ფაქტია, რომ არც ერთი მხარე არ უარყოფდა იმ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც თითქოსდა საჭირო გახდა სადავო მასალის გავრცელება.

- თვითრეგულირების ორგანოს მსჯელობა, რომ ზვიად რატიანს და მის ადვოკატს არ მოუთხოვიათ სასამართლოს მიერ მტკიცებულებად მიღებული მასალა არ გავრცელებულიყო მედია საშუალებების მიერ, არ არის სწორი. სიუჟეტში თავად ჟურნალისტი აცხადებდა, რომ სასამართლოზე გავრცელებული ჩანაწერის მხოლოდ აუდიო ვერსია მოისმინეს და ისინი ავრცელებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალის ფრაგმენტებს. ამასთან,  საჩივრის ავტორს ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიცავდა დადგენილ სტანდარტებს.

ზვიად რატიანის საჩივარს სამეურვეო საბჭო 2018 წლის 22 თებერვალს 12:00 საათზე განიხილავს. მის ინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში საია იცავს.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge