ზვიად კუპრავასათვის პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიში პრეცედენტია

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტი არის საშიში პრეცედენტი ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ზვიად კუპრავა, საქმის მიმდინარეობისას გამოცხადებულ ერთ საათიან შესვენებაზე იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში არსებულ სასადილოში. ამ დროს, პოლიციელებმა მიმართეს ზვიად კუპრავას და მოუწოდეს სასადილოს დატოვებისა და სხდომის დარბაზში გამოცხადებისკენ. ზვიად კუპრავამ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული იყო დროის ერთ საათიან მონაკვეთში, ხოლო აღნიშნული დრო ჯერ ამოწურული არ იყო. ამასთან, აღნიშნა, რომ ინდიფერენტული იყო მოსამართლის მიმართ (კერძოდ, „[სასქესო ორგანოზე] ეკიდა მოსამართლე“). საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოქალაქე იძულების წესით გადაიყვანეს სხდომის დარბაზში. აღნიშნულის შემდგომ პროკურატურამ ბრალდებულად ცნო კუპრავა და მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ზვიად კუპრავა სწორედ ამ ქმედებისათვის (მოსამართლის შეურაცხყოფისათვის) იქნა ცნობილი დამნაშავედ დღეს სსკ-ს 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სასამართლოს უპატივცემულობისათვის, რაც მოსამართლის შეურაცხყოფაში გამოიხატა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ზვიად კუპრავას შეეფარდა 9 თვიანი თავისუფლების აღკვეთა.  საგულისხმოა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ გაკეთებული განცხადებისათვის. 

მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ხელშეშლა უდავოდ წარმოადგენს დაცვის ღირს ინტერესს, რომლის გამოც შესაძლოა არსებობდეს გარკვეული პასუხისმგებლობის ზომა, თუმცა საგანგაშოდ მივიჩნევთ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების მაშინ, როდესაც პირი განცხადებას აკეთებს სასამართლო დარბაზის გარეთ და იგი არ უშლის ხელს არც მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას და არც სასამართლოს დამოუკიდებლობასა თუ მიუკერძოებლობას. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ იმის გამო რომ თავად განცხადება შეიცავდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, რომელიც ერთი მხრივ იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, მეორე მხრივ კი აკისრებს თმენის ვალდებულებას მოსამართლეებს მათ მიმართ გამოთქმული (მათ შორის შეურაცხმყოფელი) განცხადებების მიმართ.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს მიღებული განაჩენი განვიხილოთ ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენების ფონზე. კერძოდ, გასათვალისწინებელია ხელისუფლების ორგანოებისა თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან მომდინარე მზარდი სურვილები, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების შეზღუდვისაკენ საზოგადოებაში კრიტიკის ჩახშობის მიზნით. ამავდროულად აღსანიშნავია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრები და მის ფარგლებში მოქმედი მოსამართლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რაც დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ზოგადად სასამართლო სისტემაში გამოხატვის თავისუფლების მიმართ დაბალ მგრძნობელობაზე მიუთითებს. ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ ზვიად კუპრავა ოპოზიციურად განწყობილი პირია, რომელიც აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ აქციებში ზაზა სარალიძესთან ერთად. ეს კი მის მიმართ სამართლის შერჩევითად გამოყენებაზე შეიძლება მიუთითებდეს.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge