მარიკო კობახიძის ბლოგი- ვიდრე, მე თქვენი „შთაგონების წყარო“ ვარ...

საუკუნეების მანძილზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ, სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდა და ის დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ის სტერეოტიპები და სტიგმა, ჩვენს რეალობაში დღესაც რომ მყარად არის გამჯდარი, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ყალიბდებოდა. ისტორიული წყაროებით შემორჩენილია სხვადასხვა კულტურული ხედვა,  რომელიც თავის დამოკიდებულებას ასახავდა შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ადამიანების მიმართ. თუ შორეულ წარსულს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ შშმ პირები აღიქმებოდნენ, ადამიანებად, რომლებიც შეპყრობილნი იყვნენ ბოროტი სულით და მათ, ხშირ შემთხვევაში, ამის გამო სჯიდნენ.

საზოგადოების კულტურულ განვითარებასთან და ზრდასთან ერთად, იცვლებოდა და ვითარდებოდა, მათი ხედვა და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. იცვლებოდა დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართაც. „ბოროტი სულით შეპყრობილი“ ადამიანებიდან, „ისინი“ პაციენტებად, საწყლებად, უსუსურებად და ქველმოქმედების სუბიექტებად გადაიქცნენ. ადამიანებად, რომლებიც ცალკე ჯგუფს წარმოადგენენ და „სხვა“ (შეზღუდვის არმქონე) ადამიანებთან შედარებისას, ხაზი ესმევა ნოზოლოგიას, ჩვენს სამედიცინო დიაგნოზს.

საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სხვადასხვანაირია. ზოგისთვის შშმ პირი „ზეციურ ანგელოზთან“ ასოცირდება, ზოგისთვის კი, ყველაზე მძიმე ტვირთად, რომელიც ოჯახს ღმერთმა სასჯელის სახით მოუვლინა.

და არის კიდევ ერთი დამოკიდებულება, რომელსაც საზოგადოება ავლენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ, ეს არის ზე-აღმატებული დამოკიდებულება და აღფრთოვანება „წარმატებული“ შშმ პირის მიმართ. „ის“ ხშირად „მისაბაძი“ და „შთაგონების წყარო“ ხდება.

სად გადის ზღვარი, საზოგადოების დამოკიდებულებისა შშმ პირთა მიმართებაში? სად არის ის ოქროს შუალედი, რომელიც საზოგადოებას არ დაყოფს „ჯანმრთელაბად“ და „არაჯანმრთლებად“? არ გამოყოფს რომელიმე ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის „სხვანაირია“?

და ვიდრე, მე თქვენი „შთაგონების წყარო“ ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ:

- ვარ ეტლით მოსარგებლე

- ვარ გოგო, რომელიც ფიზიკურად არის „არასტანდარტული“ და სწორედ, რომ ამ „არასტანდარტულობით“ ცდილობს დაიმკვიდროს საზოგადოებაში ადგილი

- ვარ „ეტლით მოსარგებლე უმაღლესი განათლებით“

- ვარ „ეტლით მოსარგებლე იურისტი“

- ვარ „ეტლით მოსარგებლე აქტიური ადამიანი“

- ვარ ჯერ „ეტლით მოსარგებლე“ და შემდეგ, პიროვნება

- ვარ „შეუპოვარი“ „ეტლით მოსარგებლე“

- ვარ დასაქმებული „ეტლით მოსარგებლე“

- ვარ მიზანდასახული „ეტლით მოსარგებლე“

- ვარ „ეტლით მოსარგებლე სტუდენტი“ და ა.შ

და ყოველივე ზემო აღნიშნული „დამსახურებების“ გამო, ვიდრე ვარ თქვენთვის  „არა -ჩვეულებრივი“ „ეტლით მოსარგებლე“ ადამიანი, რომელიც თქვენში იწვევს აღფრთოვანებას, გაოცებას და გიღვიძებთ ინსიპირაციას, მანამ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, თანასწორობაზე დაფუძნებული, ტოლერანტული, ინკლუზიური და არადისკრიმინაციული საზოგადოების ფორმირება შორეული, უფრო სწორედ, ძალიან შორეული პერსპექტივა იქნება!

მიიღეთ თითეული ადამიანი და მისი შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც ბუნების კანონი და მრავალფეროვანი საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, მრავალფეროვნება კი საშიში არ არის, მრავალფეროვნებაა ის, რასაც ჩვენი სამყარო ეფუძნება.

მანამდე კი...

მანამდე კი ეძიეთ შთაგონების წყარო ისეთ რამეებში, როგორიცაა წიგნები, მუსიკა, ფილმები, საყვარელი ადამიანები და ყველაფერი ის რაც ემოციებს იწვევს თქვენში. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არა ჩემს, არა სხვის, არა სხვა ნებისმიერ შეზღუდულ შესაძლებლობაში!

 

მარიკო კობახიძე

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის, საკვირაო სკოლის ტრენერი

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge