ვაზიანის ე.წ. სამხედრო დასახლება - ცივილიზაციას მოწყვეტილები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს ვაზიანის ე.წ. ყოფილ  სამხედრო დასახლებაში მცხოვრები პირების პრობლემების შესწავლას. ამ ეტაპზე, გაცნობებთ, რომ საიას აქტიურობის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და თავდაცვის სამინიტროს შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებისა და კორპუსების ავარიული ნაწილების რეაბილიტაცია.

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული დასახლების უდიდეს ნაწილს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირები შეადგენენ. მათ შორის, გარკვეულ ნაწილს არ აქვს პირის მაიდენტიფიცირებელი  დოკუმენტები, რის გამოც მათ არ მიეწოდებათ არანაირი სოციალური ან/და სხვა სახის დახმარება.

მაცხოვრებლები გაუსაძლის სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა 23-ე და 24-ე კორპუსებში. აბსოლუტურად გაუმართავია მიწისქვეშა არხებისა და სხვა სანიტარიულ-ტექნიკურ ნაგებობათა სისტემა, რაც თავისთავად იწვევს კორპუსების ქვედა ნაწილის მუდმივ დაბინძურებას.

გარდა ამისა, აღსანიშნავია კორპუსების ზოგიერთი ნაწილის ზემოსართულების ავარიული აივნები, რომელთაც არ აქვთ მოაჯირები.

უკვე წლებია, რაც მოსახლეობა სასმელ წყალს კორპუსებიდან მოშორებით მდებარე ონკანიდან  ბოთლებით ეზიდება. ასევე აღსანიშნავია, ელექტროენერგიის სადენები, რომლებიც თვითნებურად არის გაკეთებული.

დასახლებაში არ არის საკმარისი რაოდენობის სანაგვე ურნები, გარე განათებები, გამწვანიანება, სამარშუტო ტრანსპორტი, აფთიაქი და სხვა პირველადი საჭიროების დაწესებულებები. არის სკოლა და საბავშვო ბაღი, თუმცა ფართი არასაკმარისია.

ხაზგასმით აღსანიშნავია დასახლებაში მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვების მძიმე მდგომარეობა, რომელთაც ყოველდღიურად ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოსა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ თამაში.

შეგახსენებთ, რომ საია უკვე მეორე წელია, რაც აქტიურად იკვლევს და უშუალოდ ადგილზე ეცნობა დასახლების პრობლემებს. სწორედ საიას აქტიურობის შედეგად დაიწყო თავდაპირველად თავდაცვის სამინიტროს ბალანსზე მყოფი ზემოაღნიშნული დასახლების  გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის პროცესი, რაც შესაძლებელს ხდის მუნიციპალიტეტის მიერ  კორპუსების რეაბილიტაციის სამუშაოების წარმართვას.

გარდა ამისა, საიას მიმართვების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა დაიწყო საქართველოს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის თანახმად, საჯარო ინფორმცაიის პროქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე. აღნიშნულის შედეგად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა ყველა საჯარო სახის ინფორმაცია სხვადასხვა სოციალური დახმარებებისა და სერვისების შესახებ.

დასახლების ზემოაღწერილი მძიმე სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე, საია აქტიურად მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული მოსახლეობის მდგომარეობით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge