უსაფრთხოების სექტორზე კონტროლი ამერიკის კონგრესში

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციამ კლასიკური საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა. უზენაესი კანონის მიღების პროცესში აქტიური იყო ფედერალისტური წერილები, ესეთა კრებული, რომელთა მიზანიც ერთგვარი პოლიტიკური კამპანიის წარმოება იყო მერყევი დელეგატების მხარდაჭერის მოსაპოვებლად კონსტიტუციის მისაღებად.[1] ერთ-ერთ წერილში მედისონი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების შიდა სტრუქტურა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მის შემადგენელ ელემენტებს ჰქონდეთ ერთმანეთის შეკავების შესაძლებლობა.[2] შეერთებულ შტატებში ხელისუფლების თითოეული შტო შემდეგი წესით არის განაწილებული: აღმასრულებელი ხელისუფლება ხელთ უპყრია პრეზიდენტს,[3] საკანონმდებლო - კონგრესს, რომელიც შედგება სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან,[4] ხოლო მართლმსაჯულებას ახორციელებს ერთი უზენაესი სასამართლო და ქვემდგომი სასამართლოები.[5] ძირითადი კანონის მიხედვით, მართალია, აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაში კონგრესი მინიმალურადაა ჩართული,[6] მას მაინც აქვს ზედამხედველობის კონსტიტუციური ვალდებულება.[7] შეერთებული შტატების კონგრესი ორი პალატისგან შედგება, რომლებსაც თანაბარი უფლებამოსილებები აქვთ.[8] თითოეულ მათგანში უსაფრთხოების კონტროლზე არსებითად მსგავსი სტრუქტურაა. მათში ფუნქციონირებს როგორც ძირითადი, ისე დროებით კომიტეტები. ცალკეულ შემთხვევაში კი ქვეკომიტეტები აკონტროლებენ შესაბამისი კომიტეტის სფეროს კონკრეტულ ელემენტს. ზოგადად ამერიკაში გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე წვდომის შემდეგი სტანდარტია დაწესებული: 1) პირმა უნდა აჩვენოს, რომ არის შესაფერისი სუბიექტი ჰქონდეს წვდომა (მაგალითად უსაფრთოხების თემატიკაზე დაშვების შემოწმების გზით), 2) მან უნდა მოაწეროს ხელი გაუთქმელობის ხელწერილს, 3) მან უნდა აჩვენოს ინფორმაციაზე წვდომის საჭიროება.[9] ამ ზოგადი სტანდარტის მიღმა სპეციალური მიდგომაა კონგრესის წევრებზე. კერძოდ, რადგან ისინი წარმოადგენენ კონსტიტუციით დადგენილი პროცედურით არჩეულ თანამდებობის პირებს, არ სჭირდებათ უსაფრთხოების თემატიკაზე დაშვების შემოწმება.[10] იგულისხმება, რომ ისინი სანდო პირები არიან.[11] თუმცა, კონგრესის წევრებს მაინც სჭირდებათ ინფორმაციაზე წვდომის საჭიროების დადასტურება.[12] ამ აუცილებლობას ამოწმებს და თანხმობას გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლება.[13] კომიტეტებსა და ქვეკომიტეტებს ფართო დისკრეცია გააჩნიათ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აწარმოონ მოლაპარაკებები აუცილებლობის ელემენტის დადგენის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.[14] ქვემოთ თითოეულ პალატაში არსებული კომიტეტების მოკლე ანალიზია წარმოდგენილი.

 

წარმომადგენელთა პალატა

კონგრესის ქვედა პალატაში უსაფრთხოების თემატიკაზე მუშაობს 7 სხვადასხვა კომიტეტი, საიდანაც 2-ში დასახელებულ თემატიკაზე ქვეკომიტეტები ფუნქციონირებს, დანარჩენი 5-დან 3 მუდმივი, ხოლო 2 დროებითი კომიტეტია. 3 მუდმივი კომიტეტიდან 2 თავის მხრივ რამდენიმე ქვეკომიტეტს მოიცავს, ხოლო დროებითი კომიტეტებიდან ქვეკომიტეტებად მხოლოდ ერთია ჩაშლილი.

აპროპრიაციის (ასიგნებების) კომიტეტი პასუხისმგებელია ფედერალური მთავრობის ფუნქციების შესასრულებლად თანხების ასიგნებებზე, გაცემაზე.[15] ამჟამად მას აქვს 12 ქვეკომიტეტი ფედერალური მთავრობის სხვადასხვა სფეროზე.[16] ისინი იქმნება საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის მიერ შესაბამის კომიტეტში და განისაზღვრება თითოეულის იურისდიქცია.[17] უმრავლესობა განსაზღვრავს უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენელთა შეფარდებას თითოეულ ქვეკომიტეტში.[18] თითოეული ქვეკომიტეტი უფლებამოსილია გამართოს სხდომები, მიიღოს მასალები და შემდგომ კომიტეტს მიმართოს მოხსენებით მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.[19] ამჟამად, 12 ქვეკომიტეტიდან უსაფრთხოების თემატიკაზე ფუნქციონირებს ჯამში 3 ქვეკომიტეტი. კერძოდ, სამხედრო მოწყობის, ვეტერანთა საქმეებისა და რელევანტურ სააგენტოთა ქვეკომიტეტი,[20] სამშობლოს დაცვის (Homeland Security)[21] და თავდაცვის (defense)[22] ქვეკომიტეტები.

წარმომადგენლობითი პალატაში საზედამხედველო და რეფორმის კომიტეტი წარმოადგენს მთავარ საგამოძიებო სუბიექტს, რომელიც იკვლევს როგორც საკუთარ, ისე სხვა კომიტეტების იურისდიქციაში შემავალ საკითხებს.[23] მის შემადგენლობაშია 6 ქვეკომიტეტი.[24] მათგან ერთ-ერთია ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტი, რომელიც ზედამხედველობს: ეროვნულ უსაფრთხოებას, სამშობლოს დაცვას, საგარეო ოპერაციებს, იმიგრაციას, თავდაცვას, ვეტერანთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ფედერალურ დონეზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებს.[25] ასევე მნიშვნელოვანია, რომ წარმომადგენელთა პალატაში მხოლოდ ამ კომიტეტში შვიდკაციან ჯგუფს შეუძლია აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სააგენტოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია კომიტეტის იურისდიქციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, ხოლო შესაბამის ორგანოს მისი მიწოდების ვალდებულება აქვს.[26]

გარდა აპროპრიაციისა და საზედამხედველო და რეფორმის კომიტეტებისა, რომლებშიც ქვეკომიტეტებია შექმნილი, უშუალოდ უსაფრთხოების თემატიკაზე ფუნქციონირებს 3 მუდმივი, ხოლო 2 დროებითი კომიტეტი. მუდმივი კომიტეტებს წარმოადგენენ: შეიარაღებულ ძალებთა,[27] სამშობლოს დაცვის[28] და ვეტერანთა საქმეთა.[29] დროებითი კომიტეტებიდან ერთი მუდმივად ფუნქციონირებს და ეხება დაზვერვას,[30] ხოლო მეორე 2021 წლის 6 იანვრის[31] მოვლენების გამოსაძიებელი კომიტეტია.[32]

შეიარაღებულ ძალებთა კომიტეტის უფლებამოსილებებში შედის: ზოგადად თავდაცვის პოლიტიკა, მიმდინარე სამხედრო ოპერაციები, თავდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის ორგანიზება და რეფორმა, ნარკოტიკებთან ბრძოლის პროგრამები, თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების აქტივობები (გარდა სპეცოპერაციებთან დაკავშირებული აქტივობებისა), შესყიდვები და სამრეწველო ბაზის პოლიტიკა, ტექნოლოგიების გადაცემის და ექსპორტის კონტროლი, დაკავებულთა საქმეები და პოლიტიკა, ძალის დაცვის პოლიტიკა და უწყებათაშორისი რეფორმა, რადგან ეს ეხება თავდაცვის დეპარტამენტს და ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული იარაღის პროგრამები.[33] კომიტეტი თავის მხრივ იყოფა 7 ქვეკომიტეტად, რომელთა უფლებამოსილებებიც რეგლამენტით უფრო დავიწროებულია.[34]

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კომიტეტებში არსებობს სამშობლოს დაცვის ქვეკომიტეტი, წარმომადგენელთა პალატაში ამ სახელით (სამშობლოს დაცვის კომიტეტი) ცალკე მუდმივი კომიტეტიც ფუნქციონირებს.[35] იგი შედგება 6 ქვეკომიტეტისგან, რომელთა სფეროებს მიეკუთვნება სატრანსპორტო და საზღვაო უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საკითხები, სასაზღვრო უსაფრთხოება, კიბერ უსაფრთხოება, ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა, დაზვერვა და კონტრ-ტერორიზმი.[36]

ვეტერანთა დაკავშირებულ თემებზე, როგორც უკვე გამოჩნდა, ორი ქვეკომიტეტი არსებობს წარმომადგენელთა პალატის სხვადასხვა კომიტეტებში. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში ცალკე ფუნქციონირებს ვეტერანთა საქმეთა კომიტეტი.[37] მისი იურისდიქციის ქვეშ შედის ვეტერანთა საავადმყოფოები, ჯანდაცვა, მკურნალობის ანაზღაურება, რეაბილიტაცია და განათლება, ასევე ზოგადი და სპეციალური პენსიები ამერიკის ომებში ნამსახურეობისთვის, სამხედრო პირთა სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაცია.[38] გარდა ამისა, კომიტეტი აკონტროლებს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტს, მათ შორის ვეტერანთა ბენეფიტების ადმინისტრაციას, ჯანმრთელობის ადმინისტრაციას და ეროვნული სასაფლაოს ადმინისტრაციას.[39]

დაზვერვის სამსახურის მუდმივი კომიტეტი შექმნილია, რათა გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლების შემდეგი მიმართულებები: თავდაცვა, სახელმწიფო უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, საგარეო ურთიერთობები, ფინანსები და ენერგეტიკა.[40] კომიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი ქვეკომიტეტები: 1) სტრატეგიული ტექნოლოგიებისა და მოწინავე კვლევების, 2) კონტრტერორიზმის, კონტრდაზვერვის და კონტრპროლიფერაციის, 3) დაზვერვის მოდერნიზაციისა და მზაობის, 4) თავდაცვითი დაზვერვისა და მებრძოლთა დახმარების.[41]

2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის თაობაზე შეიქმნა სპეციალური დროებითი კომიტეტი, რომელიც ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.[42] კომიტეტს ევალება შეისწავლოს და ანგარიში წარმოადგინოს კაპიტოლიუმზე შიდა ტერორისტული თავდასხმის ფაქტებზე, ვითარებებზე და გამომწვევ მიზეზებზე.[43] მისი უფლებამოსილების ვადა გავიდა 117-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად.[44]

 

ცხრილი #1. უსაფრთხოების სექტორზე მომუშავე კომიტეტები და ქვეკომიტეტები წარმომადგენელთა პალატაში. ცხრილში მოცემულია მხოლოდ ის კომიტეტები და ქვეკომიტეტები, რომლებიც უსაფრთხოების სექტორზე მუშაობენ.

 

 

სენატი

სენატში უსაფრთხოების თემატიკაზე მუშაობს 5 სხვადასხვა კომიტეტი, რომელთაგან 3-ში ქვეკომიტეტების დონზე გადანაწილებულია კომიტეტის ფუნქციები.

მსგავსად წარმომადგენელთა პალატისა, სენატშიც ვხვდებით აპროპრიაციის კომიტეტს, რომელსაც ფუნქციურად იგივეა, რაც მისი ანალოგი ქვედა პალატაში.[45] მასში შექმნილია 12 ქვეკომიტეტი,[46] რომელთაგან 4 ეხება უსაფრთხოების თემატიკას. ესენი არიან: სამშობლოს დაცვის,[47] თავდაცვის,[48] სამხედრო მოწყობის, ვეტერანთა საქმეებისა და რელევანტურ სააგენტოთა[49] და სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და რელევანტური პროგრამების[50]   ქვეკომიტეტები.

შეიარაღებულ ძალებთა კომიტეტის უფლებამოსილება საკმაოდ ფართოა და მოიცავს აერონავტიკა და კოსმოსური აქტივობებს, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია იარაღის სისტემების ან სამხედრო ოპერაციების განვითარებასთან; ზოგად თავდაცვას; თავდაცვის, არმიის, საზღვაო და საჰაერო ფლოტის დეპარტამენტებთან ურთიერთობას; პანამის არხთან დაკავშირებულ საკითხებს; სამხედრო კვლევებს და განვითარებას; ბირთვული ენერგიის ასპექტებს ეროვნულ უსაფრთხოებაში; საზღვაო ნავთობის რეზერვებს, გარდა ალასკისა; შეიარაღებული ძალების წევრთა ხელფასებს, დაწინაურებას, პენსიას და სხვა პრივილეგიებს; სელექტური სერვისების სისტემას, საერთო თავდაცვისთვის საჭირო სტრატეგიულ და კრიტიკულ მატერიალს.[51] ასეთ ფართო უფლებამოსილებების კომიტეტში ფუნქციონირებს 7 ქვეკომიტეტი, რომელიც უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა თემებზე მუშაობს.[52]

სამშობლოს დაცვისა და სამთავრობო საქმეების კომიტეტი სენატის მთავარი საზედამხედველო კომიტეტია.[53] იგი სამშობლოს დაცვის დეპარტამენტს აკონტროლებს.[54] თავად კომიტეტი 3 ქვეკომიტეტისგან შედგება.[55] სენატში მხოლოდ ამ კომიტეტში ხუთკაციან ჯგუფს შეუძლია აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სააგენტოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია კომიტეტის იურისდიქციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, ხოლო შესაბამის ორგანოს მისი მიწოდების ვალდებულება აქვს.[56]

სენატში ასევე ფუნქციონირებს დაზვერვის კომიტეტი,[57] თუმცა განსხვავებით მისი ანალოგისგან ქვედა პალატაში, მას არ აქვს შექმნილი ქვეკომიტეტები. კომიტეტის ფუნქციაა სამთავრობო პროგრამების კონტროლი და შესწავლა დაზვერვის სფეროში, სენატისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მოხსენებების მომზადება, დაზვერვის სამსახურების კონტროლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი საქმიანობის შესაბამისობა კონსტიტუციასთან და კანონებთან.[58]

ვეტერანთა საქმეებს ცალკე კომიტეტი ხელმძღვანელობს სენატში.[59] მისი საქმიანობა იდენტურია წარმომადგენელთა პატალაში არსებულ შესაბამისი კომიტეტისა.[60]

 

ცხრილი #2. უსაფრთხოების სექტორზე მომუშავე კომიტეტები და ქვეკომიტეტები სენატში. ცხრილში მოცემულია მხოლოდ ის კომიტეტები და ქვეკომიტეტები, რომლებიც უსაფრთხოების სექტორზე მუშაობენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

           
   
     
       
 
 

 

 

ავტორი: გიორგი ალავერდაშვილი 

საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი 

 

 

ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

 


[1] Sanford Levinson, An Argument Open to All, Reading The Federalist in the Twenty-First Century, Yale University Press, 2015, 2.

[2] Federalist Papers No. 51 (1788), ხელმისაწვდომია: https://billofrightsinstitute.org/primary-sources/federalist-no-51, განახლებულია: 09.01.23.

[3] Constitution of the US, art. II, sec. 1.

[4] იქვე, art. I, sec. 1.

[5] იქვე, art. III, sec. 1.

[6] პრეზიდენტი სენატის რჩევითა და თანხმობით ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს. იხ. Constitution of the US, art. 2, sec. 2.

[7] Congressional Oversight Manual, 6.

[8] ვასილ გონაშვილი და სხვები, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, 2016, 296.

[9] Congressional Oversight Manual, 69.

[10] იქვე, 70.

[11] იქვე, 69-70.

[12] იქვე.

[13] იქვე. ეს შეიძლება იყოს სპეციალური პირი, რომელსაც პრეზიდენტმა მისცა ამის უფლება და რომელიც პასუხისმგ

ებელია მის წინაშე. იხ. Access to Classified Information, 20 Op. Off. Legal Counsel, 406.

[14] Congressional Oversight Manual, 70.

[15] Jurisdiction, აპროპრიაციის კომიტეტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://appropriations.house.gov/about/jurisdiction-and-rules, განახლებულია: 21.12.22.

[16] იქვე.

[17] U.S. House of Representatives Committee on Appropriations COMMITTEE RULES, sec. 2, para. a.

[18] იქვე, sec. 2, para. d.

[19] იქვე, sec. 2, para. b.

[20] Subcommittee on Military Construction, Veterans Affairs, and Related Agencies, ხელმისაწვდომია: https://appropriations.house.gov/subcommittees/military-construction-veterans-affairs-and-related-agencies-117th-congress, განახლებულია: 21.12.22.

[21] Subcommittee on Homeland Security, ხელმისაწვდომია: https://appropriations.house.gov/subcommittees/the-department-of-homeland-security-117th-congress, განახლებულია: 21.12.22.

[22] Subcommittee on Defense, ხელმისაწვდომია: https://appropriations.house.gov/subcommittees/defense-117th-congress, განახლებულია: 21.12.22.

[23] Committee Jurisdiction, House Committee on Oversight and Reform, ხელმისაწვდომია: https://oversight.house.gov/about/committee-jurisdiction, განახლებულია: 21.12.22.

[24] Subcommittees, ხელმისაწვდომია: https://oversight.house.gov/subcommittees, განახლებულია: 21.12.22.

[25] Subcommittee on National Security, https://oversight.house.gov/subcommittees/national-security-117th-congress, განახლებულია: 21.12.22.

[26] Congressional Oversight Manual, 72.

[27] House Armed Services Committee, ხელმისაწვდომია: https://armedservices.house.gov/, განახლებულია: 21.12.22.

[28] Committee on Homeland Security, ხელმისაწვდომია: https://homeland.house.gov/, განახლებულია: 21.12.22.

[29] The House Committee on Veterans’ Affairs, ხელმისაწვდომია: https://veterans.house.gov/, განახლებულია: 21.12.22.

[30] Permanent Select Committee on Intelligence, ხელმისაწვდომია: https://intelligence.house.gov/, განახლებულია: 21.12.22.

[31] 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალი წაყენებული აქვს საერთო ჯამში 600-ზე მეტ პირს. „6 იანვრის კომიტეტი“ იუსტიციის სამინისტროს მიმართავს ტრამპის მიმართ შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმის აღძვრის შესახებ, რადიო თავისუფლების ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32183779.html, განახლებულია: 10.01.23.

[32] Select Committee to Investigate the January 6th Attack on the United States Capitol, ხელმისაწვდომია: https://january6th.house.gov/, განახლებულია: 21.12.22.

[33] RULES OF THE COMMITTEE ON ARMED SERVICES 117TH CONGRESS, Rule 4, a, 1.

[34] იქვე, 2.

[35] Committee on Homeland Security, ხელმისაწვდომია: https://homeland.house.gov/, განახლებულია: 21.12.22.

[36] Subcommittees, ხელმისაწვდომია: https://homeland.house.gov/subcommittees, განახლებულია: 21.12.22.

[37] The House Committee on Veterans’ Affairs, ხელმისაწვდომია: https://veterans.house.gov/, განახლებულია: 21.12.22.

[38] Our Jurisdiction, ხელმისაწვდომია: https://veterans.house.gov/our-jurisdiction, განახლებულია: 21.12.22.

[39] იქვე.

[40] Permanent Select Committee on Intelligence, ხელმისაწვდომია: https://intelligence.house.gov/about/, განახლებულია: 21.12.22.

[41] Subcommittees, ხელმისაწვდომია: https://intelligence.house.gov/subcommittees/, განახლებულია: 21.12.22.

[42] Select Committee to Investigate the January 6th Attack on the United States Capitol, ხელმისაწვდომია: https://january6th.house.gov/about, განახლებულია: 21.12.22.

[43] Select Committee to Investigate the January 6th Attack on the United States Capitol, Sec. 3 (1), ხელმისაწვდომია: https://january6th.house.gov/about, განახლებულია: 21.12.22.

[44] Committees No Longer Standing, ხელმისაწვდომია: https://www.house.gov/committees/committees-no-longer-standing, განახლებულია: 11.01.23.

[45] Senate Committee on Appropriations, jurisdiction, ხელმისაწვდომია: https://www.appropriations.senate.gov/about/jurisdiction, განახლებულია: 21.12.22.

[46] Subcommittees, ხელმისაწვდომია: https://www.appropriations.senate.gov/subcommittees, განახლებულია: 21.12.22.

[47] Subcommittee on Homeland Security, ხელმისაწვდომია: https://www.appropriations.senate.gov/subcommittees/homeland-security, განახლებულია: 21.12.22.

[48] Subcommittee on Defense, ხელმისაწვდომია: https://www.appropriations.senate.gov/subcommittees/defense, განახლებულია: 21.12.22.

[49] Subcommittee on Military Construction, Veterans Affairs, and Related Agencies, ხელმისაწვდომია: https://www.appropriations.senate.gov/subcommittees/military-construction-veterans-affairs-and-related-agencies, განახლებულია: 21.12.22.

[50] Subcommittee on State, Foreign Operations, and Related Programs, ხელმისაწვდომია: https://www.appropriations.senate.gov/subcommittees/state-foreign-operations-and-related-programs, განახლებულია: 21.12.22.

[51] Senate Committee on Armed Services, About History & Jurisdiction, ხელმისაწვდომია: https://www.armed-services.senate.gov/about/history, განახლებულია: 21.12.22.

[52] Subcommittees, ხელმისაწვდომია: https://www.armed-services.senate.gov/about/subcommittees, განახლებულია: 21.12.22.

[53] The Committee on Homeland Security and Governmental Affairs, ხელმისაწვდომია: https://www.hsgac.senate.gov/about, განახლებულია: 21.12.22.

[54] იქვე.

[55] Subcommittees, ხელმისაწვდომია: https://www.hsgac.senate.gov/subcommittees, განახლებულია: 21.12.22.

[56] Congressional Oversight Manual, 72.

[57] Select Committee on Intelligence, ხელმისაწვდომია: https://www.intelligence.senate.gov/, განახლებულია: 21.12.22.

[58] About the Committee, ხელმისაწვდომია: https://www.intelligence.senate.gov/about, განახლებულია: 21.12.22.

[59] Senate Committee on Veterans’ Affairs, ხელმისაწვდომია: https://www.veterans.senate.gov/, განახლებულია: 21.12.22.

[60] About Senate Committee on Veterans’ Affairs, ხელმისაწვდომია: https://www.veterans.senate.gov/about, განახლებულია: 21.12.22.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge