უპასუხო კითხვები და სხვების პასუხები პარლამენტში

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატი უფლებამოსილია, წერილობითი კითხვით მიმართოს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვები პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება. იქვე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა დაგვიანებული პასუხის ან პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში.  თუმცა, როგორც ჩანს, ეს ზომა არასაკმარისია საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმის სრულყოფილად ამოქმედებისთვის.

აღნიშნულ ინსტრუმენტს პარლამენტის წევრები ყველაზე ხშირად იყენებენ, თუმცა, კითხვების რაოდენობა იკლებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შემთხვევაში. საერთო ჯამში, 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2019 წლის პირველ აგვისტომდე დეპუტატებმა მთავრობას 175 კითხვა დაუსვეს. აქედან, შს მინისტრი 12 კითხვის ადრესატი იყო, სპეციალური პენიტენციარული სამსახურის მიმართ - 3, სუს-ისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსების მიმართ კი, მხოლოდ თითო კითხვა დაისვა. დაზვერვის სამსახურის უფროსისთვის არცერთ დეპუტატს არ მიუმართავს, ასევე, არცერთი კითხვა არ დასმულა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მისამართით.

მნიშვნელოვანია, რომ კითხვაზე გაცემულ პასუხს ხელი თავად ადრესატებმა მოაწერონ, თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ეს ასე არ ხდება. საანგარიშო პერიოდში მინისტრებისთვის დასმული 175 კითხვიდან უშუალოდ მათ მხოლოდ 52-ს უპასუხეს.

კანონმდებლობა ხაზს უსვამს პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და ამომწურავი პასუხის გაცემის ვალდებულებას, თუმცა, ამ დებულებების დარღვევას სანქცია არ მოჰყვება ხოლმე. ეს, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები უკიდურესი ხასიათისაა (მაგალითად, გადადგომისკენ მოწოდების რეზოლუცია, იმპიჩმენტი). დეპუტატები ნაკლები მნიშვნელობის გადაცდომად მიიჩნევენ პასუხის გაუცემლობას და სანქციების გამოყენებას ერიდებიან. 

მაგალითად,  შს მინისტრმა პასუხგაუცემელი დატოვა 2 შეკითხვა (ერთს კი, 6 დღის დაგვიანებით გასცა პასუხი). კითხვები შეეხებოდა საკომუნიკაციო კამპანიას „მეტი სიცოცხლისთვის“ და ალკოჰოლური სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას.  

საბოლოო ჯამში, გასულ სესიაზე კონსტიტუცია და რეგლამენტი (სადეპუტატო კითხვის პროცედურის ნაწილში) პრემიერ-მინისტრმა (მამუკა ბახტაძე) 9-ჯერ დაარღვია, ფინანსთა მინისტრმა – 25-ჯერ, საგარეო საქმეთა მინისტრმა – 12-ჯერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – 39-ჯერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – 15-ჯერ, შს მინისტრმა (გიორგი გახარია) – 13-ჯერ, იუსტიციის მინისტრმა – 14-ჯერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – 13-ჯერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ – 14-ჯერ, მისმა მემკვიდრემ (ნათია თურნავა) – 13-ჯერ, თავდაცვის მინისტრმა (ლევან იზორია) – 7-ჯერ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა (დავით სერგეენკო) – 6-ჯერ, მისმა შემცვლელმა ეკატერინე ტიკარაძემ – 5-ჯერ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – 5-ჯერ. 

კითხვების მექანიზმის უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, საჭიროა, კანონმდებლობაში გაჩნდეს შუალედური მექანიზმები თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევის უგულებელყოფასა და მკაცრ პოლიტიკურ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის. პასუხგაუცემელი კითხვების საჯაროდ გამოქვეყნება მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი მექანიზმია. შესაბამისად, აუცილებელია მისი გამრავალფეროვნება.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახულია სტატისტიკური მონაცემები პარლამენტის წევრების მიერ დასმული კითხვებისა და მათზე გაცემული პასუხების შესახებ.

 

პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირები

ვადაგადაცილებული კითხვების რაოდენობა

პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა

ხელს აწერს ადრესატი

პასუხს სცემს სხვა პირი (%)

დასმული კითხვების რაოდენობა

პრემიერ-მინისტრი (მამუკა ბახტაძე)

3

1

0

100%

5

ფინანსთა მინისტრი

5

12

7

53.3%

27

საგარეო საქმეთა მინისტრი

4

5

3

50%

11

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

23

3

20

39.4%

36

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

6

2

4

63.6%

13

შინაგან საქმეთა მინისტრი (გიორგი გახარია)

1

2

0

100%

12

იუსტიციის მინისტრი

4

2

0

100%

8

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

4

2

1

87.5%

10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (გიორგი ქობულია)

3

2

0

100%

11

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (ნათელა თურნავა)

3

1

0

100%

10

თავდაცვის მინისტრი (ლევან იზორია)

3

0

0

100%

4

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (დავით სერგეენკო)

3

0

16

15.8%

19

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (ეკატერინე ტიკარაძე)

0

0

0

100%

5

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

2

0

1

75%

4

ჯამური რაოდენობა

64

32

52

63.6%

175

 

 

ანა ჯაბაური

პროექტის მოწვეული ექსპერტი

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge