დღევანდელ, მუდმივად ცვალებად პოლიტიკურ-ეკონომიკურ ლანდშაფტში, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა სოციალური უსაფრთხოების სისტემებმა. მსოფლიოში, სადაც შრომის არასტაბილურობა ბევრი მშრომელისათვის სამწუხარო რეალობაა, დასაქმებულთა დაცულობისთვის აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი მექანიზმები. წინამდებარე ბლოგი ინფორმაციული ხასიათისაა და შეეხება უმუშევრობის დაზღვევის სისტემას, როგორც უმუშევრობის პერიოდში შემოსავლების შენარჩუნების მექანიზმს.
ბლოგი მიზნად ისახავს, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უმუშევრობის დაზღვევის მეშვეობით უზრუნველყოფილ იქნეს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ფინანსური სტაბილურობა და კეთილდღეობა. აღნიშნული, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დასაქმებულობის ინფორმირებულობის გაზრდას უმუშევრობის დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, საქართველოში აღნიშნული მექანიზმის დანერგვის განხილვის საფუძველს შექმნის.
როგორ მუშაობს უმუშევრობის დაზღვევა?
უმუშევრობის დაზღვევა უსამსახუროდ დარჩენილ პირთა ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი მექანიზმია. აღნიშნული სისტემის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასაქმებული სამუშაო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო შენატანებს ახორციელებს სპეციალურ ფონდში და სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მას წარმოეშვება უფლება, მიიღოს უმუშევრობის დაზღვევის ბენეფიტი.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დაზღვევის ორგვარი სისტემა არსებობს: სავალდებულო და ნებაყოფლობითი. სავალდებულო უმუშევრობის დაზღვევის დროს დასაქმებულებმა უნდა მოახდინონ სადაზღვევო შენატანების განხორციელება, რაც მათ შემდგომში სტაბილურ გარემოს შეუქმნის. ნებაყოფლობითი უმუშევრობის დაზღვევის შემთხვევაში კი დასაქმებულები თავად იღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, შეიტანენ თუ არა ხელფასიდან გარკვეულ თანხას სადაზღვევო ფონდში, რის შედეგადაც თავად წევენ რისკს იმისა, რომ უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე დარჩებიან.
უმუშევრობის დაზღვევაზე მსჯელობის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუ ვინ არის სადაზღვევო შენატანების წარმდგენი სუბიექტი, დამსაქმებელი, დასაქმებული თუ სახელმწიფო? ამ ნიშნით სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება. არსებობს სამსვეტოვანი, ორსვეტოვანი და ერთსვეტოვანი სისტემები. ყველაზე ოპტიმალური სისტემა არის სამსვეტოვანი, სადაც ფინანსურ კონტრიბუტორებად გვევლინებიან როგორც დასაქმებული და დამსაქმებელი, ასევე სახელმწიფო. მართალია, ამ შემთხვევაში იზრდება საბიუჯეტო ხარჯი, თუმცა ყველას მცირედი კონტრიბუცია განაპირობებს საკმარისი თანხის აკუმულირებას, რაც უზრუნველყოფს ანაზღაურების ღირსეულ ოდენობას.
ევროპული გამოცდილება
მართალია, ევროკავშირში ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს ერთიანი უმუშევრობის დაზღვევის სისტემა, თუმცა ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში ეროვნულ დონეზე მოქმედებს უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ დისკუსიები ევროკავშირის ფარგლებში ერთიანი უმუშევრობის დაზღვევის სისტემის თაობაზე უკვე წლებია მიმდინარეობს. აღნიშნული დისკუსიის უკან დგას იდეა, რომ ევროკავშირში ფუნქციონირებდეს მექანიზმი, რომელიც ეკონომიკური შოკის ან უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის დროს წევრ სახელმწიფოებს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეკონომიკურ სტაბილურობასა და სოლიდარობას.
უმუშევრობის დაზღვევის ბენეფიციარად რეგისტრირების კრიტერიუმები, დაზღვევის ხანგრძლივობა და სხვა დეტალები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. თუმცა, ევროპული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია გამოიყოს უმუშევრობის დაზღვევასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. უმუშევრობის დაზღვევის მისაღებად საჭიროა, რომ
- პირს ჰქონდეს საკმარისი სამუშაო სტაჟი - როგორც წესი, უმუშევრობის დაზღვევის მისაღებად პირს უნდა ჰქონდეს მუშაობის საკმარისი გამოცდილება. ზუსტი ვადა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა ძირითადად არანაკლებ 6 თვის სამუშაო სტაჟი არის აუცილებელი იმისათვის, რომ დასაქმებულმა უმუშევრობის დაზღვევით ისარგებლოს. მაგალითისთვის, რუმინეთში სამუშაო პირს სულ მცირე 6 თვიდან ერთ წლამდე უნდა ჰქონდეს ნამუშევარი, რათა დაზღვევის ბენეფიციარი გახდეს. თუმცა, გერმანიაში მკაცრად არ არის განსაზღვრული მუშაობის მინიმალური ხანგრძლივობა და თუ პირს საკმარისად აქვს დაგროვებული ფინანსური კონტრიბუციები, ის შეძლებს უმუშევრობის დაზღვევით სარგებლობას.
- პირი სამსახურიდან იძულებით უნდა იყოს გათავისუფლებული - უმუშევრობის დაზღვევა, როგორც წესი, არ ვრცელდება დასაქმებულებზე, რომლებმაც თავიანთი სურვილით დატოვეს სამუშაო ადგილი ან ბრალეული ქმედების საფუძველზე გათავისუფლდნენ სამსახურიდან; აღნიშნული განპირობებულია უმუშევრობის დაზღვევის სისტემის სულისკვეთებით, რაც გულისხმობს დაზღვევის მიერ ხელფასების დროებით ჩანაცვლებას, იმ შემთხვევაში როდესაც ადამიანი სამუშაოს დაკარგავს.
- პირს სადაზღვევო სქემაში გარკვეული დროის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს ფინანსური შენატანები - უმუშევრობის დაზღვევის შემთხვევაში, საპენსიო შენატანების მსგავსად, დასაქმებულები ხელფასიდან განსაზღვრულ ოდენობას იხდიან უმუშევრობის დაზღვევის მიზნებისთვის. აღნიშნული ოდენობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა დაახლოებით ხელფასის 2%-ის ფარგლებში მერყეობს.
- უმუშევრობის დაზღვევით მოსარგებლე პირი ეძებდეს ახალ სამსახურს - დაზღვევის ბენეფიციარი აქტიურად უნდა ეძებდეს დასაქმების შესაძლებლობებს. მან შეიძლება უმუშევრობის დაზღვევით სარგებლობა ვეღარ შეძლოს თუ არ ცდილობს ახალი სამუშაო ადგილის მოძიებას ან უარს ამბობს ღირსეულ სამუშაო პირობებზე. აღნიშნული თავიდან ირიდებს შემთხვევებს, როდესაც პირი შესაძლოა ბოროტად სარგებლობდეს უმუშევრობის დაზღვევის სისტემით და არ იწყებდეს იმგვარ სამსახურს, რომელიც მისი სამუშაო გამოცდილების და ცოდნის შესაბამისია და ღირსეულ ანაზღაურებას მოიაზრებს.
ასევე, საინტერესოა, თუ როგორია უმუშევრობის დაზღვევის ხანგრძლივობა. დაზღვევის ხანგრძლივობა განსხვავდება ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ასაკი, სამუშაო ისტორია და სხვ. მაგალითისთვის, გერმანიაში
უმუშევრობის დაზღვევის ხანგრძლივობა 12 თვემდეა, თუმცა ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ასაკოვანი დასაქმებულებისთვის. შვედეთში ხანგრძლივობის ვადა 300 დღემდეა (დაახლოებით 10 თვე) და აქაც, გერმანიის მსგავსად, შეიძლება გამონაკლისები გავრცელდეს ასაკოვან მშრომელებზე. უმუშევრობის დაზღვევის გაცემის ყველაზე ხანმოკლე პერიოდი ევროპაში ლიტვაში მოქმედებს და 20 კვირით განისაზღვრება.
ნიშანდობლივია, რომ უმუშევრობის დაზღვევის სქემა ისეთ მოქალაქეებზე ვრცელდება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე აღრიცხულები იყვნენ დასაქმებულებად და სამსახურის დაკარგვის შემდეგ დარეგისტრირდნენ უმუშევრებად, რაც საფრთხის წინაშე აყენებს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია ქართული რეალობისთვის, სადაც შრომის ბაზარზე არაფორმალური დასაქმების წილი მაღალია.
უმუშევრობის დაზღვევის მნიშვნელობა
უმუშევრობის დაზღვევა მიმართულია ადამიანების დაზღვევისკენ ისეთი სოციალური რისკებისგან, როგორიცაა უმუშევრობა, უმუშევრად დარჩენის შემდეგ ფინანსური არასტაბილურობა და სიღარიბე. ამრიგად, უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმი არაერთ სარგებელს სთავაზობს როგორც იმ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ასევე ფართო ეკონომიკას. უმუშევრობის დაზღვევას შემდეგი უპირატესობები აქვს:
- ფინანსური მხარდაჭერა სამსახურის დაკარგვის დროს: უმუშევრობის დაზღვევის ყველაზე აშკარა სარგებელი არის ის, რომ ის ფინანსურ დახმარებას უწევს იმ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. აღნიშნული მათ ეხმარება ისეთი ძირითადი საარსებო ხარჯების დაფარვაში, როგორიცაა ქირა ან იპოთეკა, კომუნალური მომსახურება და სასურსათო პროდუქტები.
- სიღარიბის რისკების შემცირება: უმუშევრობის დაზღვევა ამცირებს სიღარიბის რისკებს იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურს კარგავენ. ის წარმოადგენს დამცავ ბარიერს, რომელიც უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს უკიდურესი გაჭირვებისგან იცავს.
- სამუშაოს ძიების პროცესის წახალისება: უმუშევრობის დაზღვევა სამსახურის მაძიებლებს სტიმულს აძლევს აქტიურად მოიძიონ ახალი სამსახური, რაც ხელს უწყობს უმუშევრობის ხანგრძლივობის შემცირებას და, თავის მხრივ, აუმჯობესებს შრომის ბაზარს.
- სოციალური უსაფრთხოების ქსელის შექმნა: უმუშევრობის დაზღვევა სოციალური უსაფრთხოების ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს რომ ინდივიდებსა და ოჯახებს საჭიროების დროს აქვთ ფინანსური მხარდაჭერა, რაც ასევე ამცირებს სხვა სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ტვირთს.
უმუშევრობის დაზღვევის პერსპექტივა საქართველოში
2021 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი სოციალური კოდექსის მიღება დააინიცირა. ახალი სოციალური კოდექსის ფარგლებში ქვეყანაში უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის ამოქმედება განიხილებოდა. კოდექსი მოიცავდა სადაზღვევო რეფორმას და ახალი კომპონენტების დამატებას, მათ შორის, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების და დროებითი შრომის უუნარობის დაზღვევას. თავდაპირველ ეტაპზე ახალ სოციალურ კოდექსზე მუშაობის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იყო დაანონსებული და მის განხორციელებაში საქართველოს ევროკავშირი, საფრანგეთის და ჩეხეთის სააგენტოები უწევდნენ დახმარებას, თუმცა, 2021 წლის ბოლოს მინისტრის ცვლილების შემდეგ, ახალ სოციალურ კოდექსზე მუშაობის საკითხი აქტიურ დღის წესრიგში აღარ დგას და უცნობია თუ რა ბედი ეწევა როგორც სოციალურ კოდექსს, ასევე უმუშევრობის დაზღვევის ქართულ პერსპექტივას.
ავტორი: ეკო მამალაძე
ბლოგი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge