უმაღლესი განათლების უფლება მსჯავრდებულთათვის

 

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (წამყვანი კომიტეტი)  „პატიმრობის კოდექსა“ და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებს განხილვას. საკანონმდებლო პაკეტი სხვა ცვლილებებთან ერთად, გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (შემდგომში - საია) სასამართლოში იცავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული, დღეისათვის ერთადერთი სტუდენტ-მსჯავრდებულის ინტერესებს.

მსჯავრდებულმა 2015 წელს წარმატებით ჩააბარა ერთიან ეროვნულ გამოცდები და ჩაირიცხა ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტზე. ვინაიდან, სასჯელაღსრულების სამინისტრო არ აძლევდა მსჯავრდებულს სწავლის შესაძლებლობას, 2016 წელს საიას დახმარებით მან შეიტანა სარჩელი სასამართოში და მოითხოვა განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა.

დავის პროცესში სასჯელაღსრულების სამინისტრომ, კეთილი ნების საფუძველზე, უზრუნველყო შესაბამისი მექანიზმის დანერგვა, რომლითაც დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ სტუდენტს სემესტრული და შუალედური გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.  

ვინაიდან, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია პირდაპირ არ ითვალისწინებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, საია აგრძელებს დავას სასამართლოში. თუმცა, გვსურს გამოვეხმაუროთ და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რომლის მიზანს მსჯავრდებულთა მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს, მხოლოდ რეფორმის პირველ ეტაპს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შემდგომშიც გააგრძელებს მუშაობას მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge