უკვე მეორედ 4>4

სათაური ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიას საქმეზე. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ შემადგენლობაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას პლენუმი მოსამართლეთა ორ ჯგუფად იყოფა. ამათგან ერთი შედგება 5 მოსამართლისგან, ხოლო მეორე 4 მოსამართლისგან. გადაწყვეტილების მიღებას სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის დასადგენად სჭირდება  ხმათა უმრავლესობა. თუკი ხმები თანაბრად იყოფა ეს ნიშნავს, რომ სარჩელი არ კმაყოფილდება, თუმცა ეს  ამ გადაწყვეტილებას არ  აქვს პრეცედენტის დამძლევი ძალა.  სახალხო დამცველისა და ნიკანორ მელიას საქმეებიდან გამომდინარე, 5 მოსამართლისგან შემდგარი ჯგუფი( რომელთაგან ორი 2020 წელს დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მიერ და რომელთა დანიშვნის პროცედურას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა) მოქმედი ხელისუფლების სტატუს ქვოთი ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც სამართლებრივი დასაბუთების ხარისხითა და სიმყარით ბევრად სუსტია  ვიდრე 4 მოსამართლის მიერ დაწერილი განსხვავებული აზრი. 

მოცემულ ბლოგპოსტში გაანალიზებული იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას საქმეზე[1]. ასევე,  განხილული იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

საქმეში არსებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრობლემა: 

მოსარჩელე ნიკანორ(ნიკა) მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა 2019 წლის 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის (საქმე #1/2644-13) საფუძველზე. ხსენებული განაჩენის თანახმად, ნიკანორ მელია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით.

ნიკანორ მელიას უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც: პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი  კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ. 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ნიკანორ მელიასათვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს, რადგან უფლებამოსილების შეჩერებას საფუძვლად დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მიზნებისთვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისთვის მოითხოვდა საქმეზე პირის დამნაშავეობის შესახებ პირდაპირი გასაჩივრების მექანიზმების ამოწურვას.

გადაწყვეტილების მომხრე 4 მოსამართლის აზრი:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლის აზრი ემყარება შემდეგ არგუმენტებს: 

- „პარლამენტის მიმართ ხალხის ნდობა მისი ეფექტიანი საქმიანობის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. მართებული არ იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ისევ უნდა აგრძელებდეს ხალხის მანდატით სარგებლობას, რომ იგი კვლავ შეძლებს ამომრჩეველთა ლეგიტიმური მოლოდინების გამართლებას და რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ამომრჩეველთა ინტერესების საწინააღმდეგო იქნება“. 

- „ის გარემოება, რომ ამომრჩეველმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა ამა თუ იმ კანდიდატს, მაგრამ დეპუტატად გახდომის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა, თავისთავად  არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირი, ჩადენილის მიუხედავად, კვლავ სარგებლობს თავისი ამომრჩევლის მაღალი ნდობით, მათი თავდაპირველი დამოკიდებულებით და იმ მანდატით, რაც მათგან მიიღო მისი არჩევისას.  შეიძლება ითქვას, რომ ხალხის, მათ შორის, მისი ამომრჩევლების არსებით ინტერესებში უფრო ხელისუფლებისაგან მისი ჩამოცილება უნდა იყოს, რათა დაცული იქნეს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მაღალი ავტორიტეტი და მის მიმართ საზოგადოების ნდობა.“

- „როდესაც პარლამენტის წევრი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი პარლამენტის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი ქცევის გამო, რაც გამოიხატა მის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენაში და იგი, ამის მიუხედავად, ინარჩუნებს პარლამენტის წევრის სტატუსს და კვლავინდებურად აგრძელებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, საზოგადოებას უყალიბდება სკეპტიკური დამოკიდებულება და უნდობლობა არა მარტო უშუალოდ მის მიმართ, არამედ მთელი საკანონმდებლო ორგანოსა და მის საქმიანობასთან მიმართებაში“.

- „კონსტიტუციის ხსენებული ნორმის[39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის] განმარტებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს მუდმივ საჭიროებას იმისა, რომ საკანონმდებლო საქმიანობას ახორციელებდნენ მხოლოდ ისეთი პირები, რომლებიც სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და რომელთა ქცევაც შეუსაბამო არაა პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის სტატუსთან, რომელიც აღჭურვილია საკანონმდებლო და სხვა უფლებამოსილებებით და რომლებიც მათ მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით საზოგადოების წინაშე ეჭვქვეშ არ აყენებენ  ამ სტატუსის ლეგიტიმურობასა და კონსტიტუციური ორგანოსადმი ხალხის ნდობას. იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი კვლავ განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას და, საბოლოოდ, ბოლო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებითაც დადასტურდება მისი დამნაშავეობა, ამით გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიადგება არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ პარლამენტის ამ წევრის მონაწილეობით დროის გარკვეულ მონაკვეთში განხორციელებულ წარმომადგენლობით, საკანონმდებლო, მაკონტროლებელ და სხვა საქმიანობას“.

სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ ასევე იმსჯელა იმაზე, თუ რა მიმართებაში იყო განაჩენის საჯაროდ გამოცხადება მის კანონიერ ძალაში შესვლასა და აღსრულებასთან მიმართებით:

- „თუ  პარლამენტის წევრი მსჯავრდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით და შეფარდებული აქვს სასჯელი, მოსარჩელის მიერ განვითარებული ლოგიკის მიხედვით, ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანიშნული სასჯელის სიმკაცრის და დამნაშავის პიროვნების საშიშროების მიუხედავად, არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ საქმეზე მიღებული არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ამგვარი მოცემულობის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობით და პარლამენტის წევრის საქმიანობის გაგრძელებით, ცხადია, საფრთხეში აღმოჩნდება არა მხოლოდ პარლამენტის სანდოობა და მისი ეფექტური ფუნქციონირება, არამედ მართლმსაჯულების განხორციელების უმნიშვნელოვანესი ინტერესიც“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს ოთხი მოსამართლის აზრმა შეადგინა საჭირო ხმათა რაოდენობა, რათა სარჩელი არ დაკმაყოფილებულიყო და ნიკანორ მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა კონსტიტუციურად მიჩნეულიყო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული არგუმენტების განვითარებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ დიდი დრო დაუთმო იმაზე მსჯელობას თუ რას ნიშნავდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტში ჩაშენებული უდანაშაულობის პრეზუმფცია. მოსამართლეთა განმარტებით უდანაშაულობის პრეზუმფციის ერთ-ერთ მიზანს პირის რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს, მას შემდეგ რაც სამართალწარმოება მის სასარგებლოდ დასრულდება, რათა საზოგადოების სხვა წევრების მიერ ის არ იქნეს აღქმული დამნაშავედ, როდესაც დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ საკითხის გადაწყვეტა მთლიანად დააფუძნეს იმ არგუმენტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირის ამავე სტატუსს  შეინარჩუნებდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებშიც, ხოლო ამ პერიოდში მისი საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულობა დიდ ზიანს მოუტანდა საქართველოს პარლამენტიც რეპუტაციას. თუმცა, მათ მხედველობიდან გამორჩათ ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის რეპუტაციას ქმნიან პარლამენტის წევრები, შესაბამისად პარლამენტის მიერ რომელიმე ერთი წევრისადმი უსამართლო მოქცევა შესაძლოა უფრო დიდი რეპუტაციული ზიანის მომტანი ყოფილიყო თავად პარლამენტისთვის, ვიდრე ის, რომ კანონიერ ძალაში შესვლამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირი ყოფილიყო პარლამენტის წევრის სტატუსის მატარებელი. ამავე პოზიციას განამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლის განსხვავებული აზრი, რომელშიც ვკითხულობთ: „შეიძლება არსებობდეს სიტუაცია, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი გამართლდეს ზემდგომ ინსტანციებში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას თავიდანვე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა, იგი მოკლებულია პარლამენტის წევრის სტატუსის აღდგენის ყოველგვარ შესაძლებლობას. ამ პირობებში, უდანაშაულოდ ცნობილი პირისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეუქცევადად დარღვევა უფრო მეტად აზიანებს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ რეპუტაციას და ამცირებს მისდამი საზოგადოების სანდოობას“. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ საკითხის გადაწყვეტისას განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთი მხრივ აღიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომლიც საბოლოო ინსტანციის განაჩენის გამოტანამდე იცავს ადამიანის რეპუტაციას, ხოლო მეორე მხრივ, კონსტიტუცია მოითხოვს პარლამენტის წევრს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე შეუწყდეს უფლებამოსილება, რათა დაცულ იქნეს პარლამენტის რეპუტაცია. იოლი მისახვედრია, რომ ეს ორი არგუმენტი ურთიერთგამომრიცხავი შინაარსისაა, ხოლო სასამართლოს მიერ აღნიშნული პოზიციის დაფიქსირება ემყარება როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის, ასევე პარლამენტის რეპუტაციის მდგენელის არასწორად აღქმას.  

რაც შეეხება ოთხი მოსამართლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ განვითარებული ლოგიკის მიხედვით, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანიშნული სასჯელის სიმკაცრის და დამნაშავის პიროვნების საშიშროების მიუხედავად, არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ საქმეზე მიღებული არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. აღნიშნული პოზიცია აჩვენებს, რომ აღნიშნული მოსამართლეების მიერ ადგილი აქვს არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის არასწორ გააზრებას, არამედ მოსარჩელის პოზიციის არასწორად აღქმასაც, რადგან არც სარჩელში და არც პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელეს მსგავსი პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოსარჩელის პოზიციით, პირველი ინსტანციის განაჩენი აღსასრულებლად უნდა მიქცეულიყო, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისგან განსხვავებით, კონსტიტუციის მიზნებისთვის ის არ უნდა მიჩნეულიყო კანონიერ ძალაში შესულად. ამ დროს კი პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის ნაცვლად, უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება  - უფლებამოსილების შეჩერების ინსტიტუტის გამოყენება შეეძლო. 

გასახარია ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მომხრე 4 მოსამართლისგან განსხვავებით, განსხვავებული აზრის მქონე  მოსამართლეების მიერ მოსარჩელის პოზიცია სწორად იქნა აღქმული, რასაც მათი განსხვავებული აზრიც ადასტურებს: „როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი კრძალავს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, აქვს შესაძლებლობა, შეიმუშაოს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფი წესები, რომლებიც, თავისი არსით, არ ადგენს/არ უთანაბრდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და გულისხმობს უფლებამოსილების დროებით შეჩერებას. ამგვარი წესის არსებობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელი იქნებოდა იმ რისკის თავიდან აცილება, რაც ჩვენს კოლეგებს აშფოთებთ, ანუ საკანონმდებლო საქმიანობის არგანხორციელება იმ პირთა მიერ, რომლებიც პირველი ინსტანციის მიერ დამნაშავედ არიან ცნობილი პარლამენტის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი დანაშაულის ჩადენაში. ბუნებრივია, პარლამენტის წევრის საქმიანობის სათანადოდ განხორციელების შეზღუდვისკენ მიმართული ნებისმიერი ღონისძიების კონსტიტუციურობა, მათ შორის, უფლებამოსილების დროებითი  შეჩერება არ დარჩება კონსტიტუციური კონტროლის მიღმა და შეფასებადი იქნება პარლამენტის წევრის თანამდებობის დაკავებისა და შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ უფლებასთან“.

სამწუხარო რეალობაა, პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აზრის იმგვარად იყოფა, როცა  სამართლებრივი დასაბუთებისა და სიმყარის თვალსაზრისით სარჩელის დაკმაყოფილების მოწინააღმდეგე ოთხი მოსამართლის აზრი  ნაკლებია სარჩელის დაკმაყოფილებაზე ოთხი მოსამართლის აზრზე, რა დროსაც საბოლოოდ სარჩელის დაკმაყოფილების მოწინააღმდეგე მოსამართლეთა გამარჯვებით სრულდება, რადგან სარჩელის დაკმაყოფილებას ხმათა უმრავლესობა სჭირდება. თუმცა, იმედს გამოვთქვამ, რომ მოსამართლეთა ხმების ამგვარი კონფიგურაციით გადანაწილებას არ ექნება სისტემური ხასიათი და შემდეგში აღნიშნული მოსამართლეებიც მიიღებენ იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც უფრო მეტად სამართლიანი და არგუმენტირებული იქნებოდა.

 

 

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 


[1]საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეს წარმოადგენდნენ ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge