საია იცავდა 2020 წლის 31 იანვარს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული 2 სოციალური მუშაკის უფლებებს. მათი სამსახურიდან გათავისუფლება სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ მოხდა. რეორგანიზაციის შედეგად, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ცვლილებების თანახმად, ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამის მიუხედავად, არაერთი სოციალური მუშაკი სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს.
საია-ს დახმარებით, ორმა სოციალურმა მუშაკმა, რომლებიც ქუთაისისა და თელავის საქალაქო სასამართლოებში დავობდნენ, პირველ ინსტანციაში საქმეები წარმატებით დაასრულეს. სასამართლოებმა მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილეს - ბათილად ცნეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები. მოპასუხეს ასევე დაევალა სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები მოპასუხემ ზემდგომ ინსტანციებში აღარ გაასაჩივრა, სოციალური მუშაკები აღადგინა სამსახურში და აუნაზღაურა განაცდური.
საია აგრძელებს სხვა სოციალური მუშაკების სამართლებრივ დახმარებას და ,,სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან“ თანამშრომლობას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge