ტყიბული - პარალელური რეალობა

ნაცრისფერი ძველი საბჭოური კორპუსები, ზოგიერთი სახლი უსიცოცხლო,  რაღაცნაირი ჩამუქებული  ქუჩები, მწვანე კარავი ძველებური ღუმელით, დაღონებული ადამიანები და მძიმე ოხვრა- ის რაც პირველი თვალში მომხვდა ტყიბულში ადგილზე ჩასულს.

არანაირი აგრესია, იდგა ხალხი მდუმარედ რაღაც ახლის,  იმედის მბჟუტავი თვალებით, ნაწილი ღუმელს მიფიცხებოდა ,ზოგიც თავიანთ ბუნდოვან მომავალზე საუბრობდა, აშკარა იყო რომ ხალხი დაიღალა, დაიღალა მძიმე ყოფით, გარემოთი.

ვინ იმუშავებს აქ ? სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში? ფაქტობრივად მონური სამუშაო კარიერში. ანაზღაურება კარიერების მიხედვით განსხვავებული, ხშირად 300 ლარი. აქ ვართ ხალხი, რომელთაც წასასვლელი უბრალოდ არსად გვაქვს ამბობდა ხალხი.

ყოველ ზაფხულს ლაგოდეხში დედულეთში მყოფს,  სადაც ხალხს უმძიმესი შრომის ფასად გააქვს თავი, არ მეგონა რამე თუ გამიკვირდებოდა.  

საგარეოდ გამოწყობილი ადამიანები რომლებსაც ალბათ იმ დღეს საუკეთესო ტანსაცმელი გამოეღოთ და ჩაეცვათ, ვერ ხვდებოდნენ რომ, უკიდურესად გამხდარ, გაცრეცილ, შეციებულ ტანზე იმ გაჭირვებას, რომელშიც ცხოვრობენ სრულებით ვერ მალავდნენ.

იდგნენ და ელოდნენ. ელოდნენ რაღაცას, ახალს.. დამაიმედებელს. კრედიტებისგან თავდასაღწევს, ოდნავ რეალურს შეთავაზებას.

შემდეგ? იყო მძიმე შეძახილები   ჰალსტუხიანი სახელმწიფო მოხელის ქმედებაზე, რომელსაც ხალხთან შესახვედრად დაახლოებით 50 მეტრის გავლა დაეზარა (შენობის გამოსასვლელიდან ეზოს ჭიშკრამდე) მძღოლს დაუძახა და იმას მოაყვანინა თავი. სათქმელი? არაფერი! მე შუამავალი ვარ და არაფერი შემიძლიაო. 

 იყო  პრეზიდენტის მრჩეველის გამოსვლაც, რომელიც შეხვდა ხალხს, ელაპარაკა, მისცა რჩევები როგორც ადამიანმა ადამიანს, თუმცა აშკარა იყო რომ, მას რეალური ბერკეტი სიტუაციაზე ზემოქმედების არ გააჩნდა.

და ბოლოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ალბათ სტილი აქვს ასეთი საუბრის, რაღაც აგდებული, უტაქტო. ორ თვეში 5 %-ს  მოგიმატებთ წადით დაიშალეთ ეხლა დროზეო-მიმართა ხალხს. საუბარია 5% ზე რაც 15 ლარს უდრის. მისი ხელფასი კი ხალხის გადმოცემით, 15 000 ლარია.

გაისმა ხალხის მძიმე ოხვრა. შემდეგ კი შეძახილები არა! არა!

 

იქ გაფიცვაზე იდგა ხალხი, რომელთაც გაჭირვება და უკეთესი მომავლის სურვილი აერთიანებდათ. იდგა ხალხი, რომელთაც უნდოდათ რომ თავიანთი შვილებისვის მშობლიურ მიწაზე ღირსეული მომავალი შეემნათ. შეექმნათ არა მუქთახორობით, არამედ მძიმე შრომით.

ალბათ მოვა დრო, როდესაც ქვეყანა ფეხზე დადგება და მათაც უკეთესი პირობები ექნებათ და კერძო დამსაქმებელსაც მეტი შესაძლებლობა რომ ხალხს ღირსეული ანაზღაურება  მისცეს.

მანამდე კი ვფიქრობ სახელმწიფომ მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიები მაინც უნდა შესთავაზოს მათ, იქნება ეს საგადასახადო შეღავათები, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა თუ ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნა. ინსპექციის, რომლის ეფექტურობა საწარმოს ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული.

და ბოლოს არასოდეს დამავიწყდება იმ ორი ადამიანის  სახე რომლებიც გახარებულნი უყურებდნენ ერთმანეთს როდესაც სპეციალურად მოწყობილ კაფეში (რეალურად ბინა იყო 1 სართულზე) 50 თეთრი დარჩათ ე.წ „ჩაის“ ფულად. მათ შვილებს 50 თეთრით მეტი (ღირებულების)  საჭმელი ექნებოდათ იმ საღამოს.

 

გიორგი ანთაძე-საიას იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge