საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია 2012 წლის 24 სექტემბერს წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 2012 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ოთხთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა.
საიას მონიტორები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან მოიპოვებდნენ, მათ შორის საჯარო დაწესებულებებიდან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის და მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის გზით. ხშირად მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თავად აწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევებისა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის შემთხვევების შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდგომ საიას მონიტორები თითოეულ ფაქტს უშუალოდ განმცხადებლებთან ამოწმებდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ.
კვლევის მიმდინარეობისას რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა:
• ადგილი ჰქონდა მკვეთრად უთანასწორო საარჩევნო გარემოს არსებობას. სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა, წინასაარჩევნო თვალსაზრისით, მეტისმეტად მიკერძოებული იყო. დაფიქსირდა კანონის შერჩევითი გამოყენების, მისი არასათანადო და სუბიექტური აღსრულების ფაქტები, განსაკუთრებით, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში.
• მონიტორინგის პერიოდში საიას მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენების არაერთი ფაქტი, რომლის დროსაც ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსების მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის - მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას, რაც ქმნის არათანასწორ და არაკონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს;
• საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი. რეაგირების მიზნით, საია კომპეტენტურ ორგანოებს მიმართავდა.
• დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის, დაშინების, სამსახურიდან გათავისუფლების და ზეწოლის შემთხვევები. პირველი შუალედური ანგარიშისგან განსხვავებით, მონიტორინგის პერიოდში იმატა ძალადობრივი ქმედებების, ანგარიშსწორებისა და მუქარა/ზეწოლის ფაქტებმა;
• შეიმჩნევა საჯარო სამსახურის პოლიტიზირება. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში საჯარო მოსამსახურეებისა და თანამდებობის პირების მონაწილეობის ფაქტები;
• პოლიცია, რიგ შემთხვევებში, არა თუ ვერ ახერხებს მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების - მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების კონტრდემონსტრანტებისაგან დაცვას - არამედ თვითონაც მონაწილეობს აღნიშნულ ქმედებებში. შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალადობისას, პოლიციის ეფექტური ჩარევის არარსებობის პირობებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;
• ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებები და იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ პასუხობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი სასამართლო განჩინებებით, ადგილი აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას;
• იდენტიფიცირებულ იქნა პოლიტიკური პარტიების საეჭვო დაფინანსების ფაქტები;
• საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა იმ ჟურნალისტების მომართვებმა, რომელთაც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უკანონოდ ეშლებათ ხელი. აღნიშნული ქმედებები, რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების, ცალკეულ შემთხვევებში კი, თავად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხორციელდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო მონიტორინგს აწარმოებდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის“ - ფარგლებში.
პირველი შუალედური ანგარიში (იანვარ-მარტში განხორციელებული მონიტორინგი) საიამ 2012 წლის 4 აპრილს თბილისში ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით გამოაქვეყნა. წინასაარჩევნო გარემოს კვლევის მიზანს წინასაარჩევნო ტენდენციების გამოვლენა და იმის დადგენა წარმოადგენდა, რამდენად თანაბარი და კონკურენტული გარემოა შექმნილი პოლიტიკური პარტიებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საია ყოველი არჩევნების წინ აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს, თუმცა, წლევანდელი მონიტორინგი გამონაკლისია, რადგან დაკვირვება არჩევნებამდე 10 თვით ადრე დაიწყო. ეს პროცესი არ დასრულებულა და საია კვლავ აქტიურად გააგრძელებს მონიტორინგს. უახლოეს მომავალში საია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მონიტორინგის 2012 წლის პირველი ნახევრის შედეგებს წარმოადგენს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო პროცესების სადამკვირვებლო მისია ფინანსურად მხარდაჭერილია ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) მიერ. ამ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია შეიძლება არ გამოხატავდეს დამფინანსებლების ოფიციალურ პოზიციას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge