1. ჯგუფის შექმნა
მე-10 მოწვევის პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2022 წლის 20 იანვრამდე პერიოდში, ჯამში 18 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა[1] 2 საპარლამენტო სესიაზე.[2] წინა მოწვევაში 3 საპარლამენტო სესიაზე[3] მხოლოდ 15 ფუნქციონირებდა.[4] ეს მექანიზმი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს დეპუტატებში. რეგლამენტის მიხედვით ჯგუფის შექმნა შეუძლიათ როგორც კომიტეტებს, ისე მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოებს.[5] კომიტეტების მიერ ჯამში 15 (83.3%), ხოლო გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 3 (16.7%) ჯგუფი შეიქმნა.[6] თუ ერთსა და იმავე საკითხის მოკვლევას რამდენიმე კომიტეტში დაიწყებენ, ბიურო ამ ჯგუფებს გააერთიანებს.[7] ასეთი გზით 1 ჯგუფი შეიქმნა 2 კომიტეტში შექმნილი ჯგუფების გაერთიანების საფუძველზე.[8]
2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე 15 (83.3%), ხოლო საშემოდგომოზე 3 (16.7%) ჯგუფი შეიქმნა.[9] თითოეული ჯგუფი ვალდებულია აირჩიოს მთავარი მომხსენებელი.[10] მსგავსად წინა მოწვევისა,[11] ახლაც იგი ყველა მათგანში უმრავლესობის წევრია.[12] ასევე, აღსანიშნავია, რომ 3 დეპუტატი ერთდროულად რამდენიმე ჯგუფის მომხსენებელია.[13] მათგან 1 კი 6 ჯგუფშია მთავარი მომხსენებელი.[14] ფუნქციათა ეფექტური შესრულების მიზნით რეკომენდირებულია, რომ ერთი და იგივე დეპუტატი ერთდროულად ლიმიტირებული რაოდენობის მოკვლევის ჯგუფში იყოს მთავარი მომხსენებელი.
2. ჯგუფის დაკომპლექტების პრინციპი
წინა მოწვევის პარლამენტში თემატური ჯგუფების დაკომპლექტების ანალიზის შედეგად საია-ს რეკომენდაცია იყო ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის გამოყენება მათი ფორმირებისას.[15] რეგლამენტმა ეს პოზიცია არ გაიზიარა. ამიტომ, მე-10 მოწვევის პარლამენტში თითქმის ყველა თემატური მოკვლევის ჯგუფში კვლავ დარღვეულია ეს პრინციპი.[16] მხოლოდ ერთ ჯგუფშია მიახლოებული პროპორცია დაცული.[17] ასევე, 18 თემატური ჯგუფიდან ოპოზიცია წარმოდგენილია მხოლოდ 13-ში (72.22%).[18] რეკომენდირებულია, რომ ოპოზიციონერთა სავალდებულო ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვის გზით.
ჯგუფების წევრთა განსაზღვრის შემდეგ იყო 2 შემთხვევა, როცა უმრავლესობის დეპუტატებმა დატოვეს მმართველი პარტია და გადავიდნენ ოპოზიციის რიგებში.[19] ასევე, 2 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა.[20] წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტების, ფრაქციებსა და პარლამენტის წევრთა შემადგენლობა ჯამში 8-ჯერ შეიცვალა.[21] საპარლამენტო გადაადგილებები 4-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, პრობლემურად რჩება ჯგუფების შემადგენლობაში ცვლილებების ასახვა. აუცილებელია, რომ საპარლამენტო კონფიგურაციის ცვლილებები აისახოს პარლამენტის ყველა ერთეულზე, მათ შორის თემატური მოკვლევის ჯგუფზე.
1 შემთხვევაში უკვე შექმნილ ჯგუფს დაემატა წევრი.[22] ჯგუფის წევრთა ცვლილება მისი დაკომპლექტების შემდეგ მხოლოდ ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
3. ჯგუფის წევრთა რაოდენობა
თემატური მოკვლევის ჯგუფებში წევრთა რაოდენობა საკმაოდ მრავალფეროვანია. 2 (11.11%) ჯგუფი 3 წევრითაა დაკომპლექტებული, 4-ში (22.22%) 4 დეპუტატია, 3-ში (16.66%) - 11, 2-ში (11.11%) - 8 და კიდევ 2-ში (11.11%) - 9.[23] თითო-თითო ჯგუფში (5.55%) კი შესაბამისად 5, 7, 10, 12 და 24 დეპუტატია.[24] 5 წევრამდე ჰყავს 7 ჯგუფს (38.88%), ხოლო 5-ზე მეტი კი 11-ს (61.11%). წინა მოწვევის პარლამენტშიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფები იქმნებოდა.[25] 7 ჯგუფი (46.66%) 5 დეპუტატამდე იყო დაკომპლექტებული, ხოლო 5-ზე მეტით კი - 8 (43.33%).[26] წინა მოწვევის პარლამენტში ყველაზე დიდ ჯგუფში 15 წევრი შედიოდა.[27]
მართალია წევრთა რაოდენობის განსაზღვრა ჯგუფის შემქმნელი სუბიექტის პრეროგატივაა, თუმცა ის არ უნდა უტოლდებოდეს კომიტეტის/საბჭოს წევრთა რიცხვს.[28] ზედმეტია საუბარი ისეთი სუბიექტის შექმნაზე, რომელიც კომიტეტზე თითქმის 2-ჯერ მეტია. თემატური ჯგუფის დანიშნულებაა მცირე ვადებში ექსპერტული დოკუმენტი მოამზადოს პოლიტიკის ამა თუ იმ საკითხზე, რაც შესაბამის კომიტეტს დაეხმარება მუშაობაში. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია იგი იყოს პატარა, რათა ოპერატიულად ჩაატაროს სხდომები, გამოკითხოს ექსპერტები და დაამუშავოს ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია ჯგუფის წევრთა საერთო რაოდენობა არ აღემატებოდეს შემქმნელი სუბიექტის წევრთა 1/3-ს.[29] იმ შემთხვევაში თუ ამაზე მეტი რაოდენობის დეპუტატი გამოხატავს სურვილს თემის დასამუშავებლად, ეს მიუთითებს მისი მნიშვნელობის სიდიდეზე. ამიტომ, მსგავს სიტუაციებში სადავეები კომიტეტმა/საბჭომ უნდა აიღოს და საკითხი მის ფარგლებში შეისწავლოს.
4. ჯგუფის წევრობა
რეგლამენტის მიხედვით თემატურ მოკვლევას იწყებს კომიტეტი ან საბჭო.[30] ეს მიუთითებს, რომ კომიტეტის ან საბჭოს წევრებმა საჭიროდ ჩათვალეს ცალკეული თემის საფუძვლიანი განხილვა სპეციალურ ფორმატში. ეს კი განსახილველი საკითხის მიმართ მათ განსაკურებულ ინტერესზე მიუთითებს. კომიტეტებსა და საბჭოებში წევრები ინტერესის მიხედვით ერთიანდებიან. თემატური მოკვლევა კი შესაბამისი მიმართულების დავიწროებული ფორმატია. ამიტომ, მასში მხოლოდ მისი შემქმნელი სუბიექტის წევრები უნდა შედიოდნენ. ამ ლოგიკის საპირისპიროდ, მე-10 მოწვევის პარლამენტში 18 თემატურ მოკვლევის ჯგუფში 15-ჯერ დაირღვა ეს პრინციპი.[31] წინა მოწვევისას კი - 15 ჯგუფში 17-ჯერ.[32] როგორც ჩანს, პარლამენტში ამ საკითხს პრობლემად არ აღიქვამენ. რეკომენდირებულია, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები იმავდროულად შემქმნელი სუბიექტის შემადგენლობაში შედიოდნენ.
5. თემატური მოკვლევის ჯგუფის უფლებამოსილების ვადა
2020 წლის პირველი ივლისის ცვლილებების შედეგად თემატურ მოკვლევის ჯგუფს გაეზარდა უფლებამოსილების ვადა. დასკვნის მოსამზადებლად ძირითადი დრო განისაზღვრა 3 თვით, რომელიც შეიძლება თითო თვით გაგრძელდეს ჯამში არაუმეტეს 3-ჯერ.[33] მიუხედავად გაზრდილი ვადებისა, 3 თვიან პერიოდში დასკვნის მომზადება მხოლოდ 1-მა ჯგუფმა შეძლო.[34] ხოლო, დამატებით 1 თვის გამოყენებით 1-მა.[35] ერთ ჯგუფს დამატებით 2 თვიანი, ხოლო კიდევ ორს დამატებით 3 თვიანი ვადა დასჭირდა სამუშაოს დასასრულებლად.[36] ჯამში რეგლამენტით დადგენილი ვადების გამოყენებით დასკვნები 6-მა ჯგუფმა მოამზადა. გაზრდილი ვადების პირობებში მე-10 მოწვევის პარლამენტში 2-ით მეტმა ჯგუფმა (6 ჯგუფი) მოახერხა დროულად დასკვნის შემუშავება, ვიდრე მე-9 მოწვევის პარლამენტში (4 ჯგუფი).[37] უფლებამოსილების ვადის ზრდა ამცირებს ვადის დარღვევით შემუშავებული დასკვნების რაოდენობას, თუმცა არ აგვარებს მთავარ პრობლემას - დარღვევების სრულად აღმოფხვრას. ამისთვის აუცილებელია, რეგლამენტი ერთიანი მიდგომიდან გადავიდეს ინდივიდუალურზე. არ არის გონივრული ყველა ჯგუფის ვადა ერთ თარგზე გამოიჭრას. ამიტომ, საია მიიჩნევს, რომ კომიტეტმა/საბჭომ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, შექმნისას განუსაზღვროს სამუშაო დრო თემატური მოკვლევის ჯგუფს შესასრულებელი საქმის მოცულობის მიხედვით, რეგლამენტმა კი ეს საკითხი ღიად დატოვოს.[38]
14-მა ჯგუფმა (77.77%) მოითხოვა ვადის გაზრდა.[39] მათგან 3-ს ვადა გაუგრძელდა შესაბამისი სუბიექტის მიერ.[40] 1 შემთხვევაში ჯგუფმა ეს თვითნებურად გააკეთა, ხოლო 10-ში - კომიტეტებმა მათ მიერ შექმნილი ჯგუფებისთვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართეს ბიუროს.[41] წინა მოწვევის პარლამენტში რეგლამენტის დარღვევით ვადები გაუგრძელდათ 10 ჯგუფს (7-მა თავად გაიგრძელა, ხოლო 3-მა ბიუროს აცნობა ამის შესახებ).[42] ეს პრაქტიკა შესაცვლელია. რეკომენდებულია, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფის ვადა, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს მისმა შემქმნელმა ორგანომ, თავად ამ ჯგუფის მიმართვის საფუძველზე.
6. უფლებამოსილების ვადის გადაცილების შედეგები
რეგლამენტით განსაზღვრული არ არის ჯგუფის მიერ მისთვის დადგენილი ვადის დარღვევის სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, დროის გადაცილების მიუხედავად, შესაძლოა, ჯგუფების საქმიანობა უსასრულოდ გაგრძელდეს. თუ თემატური მოკვლევის ჯგუფი მისთვის დადგენილ ვადას დაარღვევს, უმჯობესია, მას ავტომატურად შეუწყდეს უფლებამოსილება.[43]
7. ჯგუფის ვალდებულებები საჯაროობის მიმართულებით
თემატური მოკვლევის ჯგუფებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჯგუფის საქმიანობის დაწყებიდან 5 დღეში ამის შესახებ უნდა განთავსდეს ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე.[44] ეს ვალდებულება შეასრულა 18-ვე ჯგუფმა (100%).[45] წინა მოწვევის პარლამენტში ეს ვალდებულება ყველა ჯგუფმა შეასრულა.[46]
ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საკითხის დასახელებას, მანდატის მოკლე აღწერას, მონაცემებს მასზე მომუშავე დეპუტატების შესახებ, დაინტერესებული პირების მოსაზრებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესსა და ვადებს.[47] ეს ვალდებულება ყველა ჯგუფმა დაიცვა ახლაც[48] ისევე, როგორც წინა მოწვევის პარლამენტში.[49]
თემატური ჯგუფი ვალდებულია შექმნას საკითხის შესწავლის გეგმა და გრაფიკი.[50] 16-მა ჯგუფმა (88.88%) ეს ვალდებულება შეასრულა.[51] 2 ჯგუფს (22.22%) არ გააჩნია ეს დოკუმენტი.[52] ეს რეგლამენტის დარღვევაა. ამიტომ, რეკომენდირებულია, ყველა ჯგუფმა შეიმუშავოს გეგმა და გრაფიკი.
შემუშავებულ დოკუმენტთაგან, აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა საკმაოდ მცირე ინფორმაციას შეიცავს. ისინი ზოგად ვადებზე საუბრობენ და საქმიანობის ეტაპებიც საკმაოდ ზედაპირულად არის გაწერილი. თუმცა, 2-მა ჯგუფმა (12.5%) საკმაოდ დეტალური გეგმა შეიმუშავა.[53] შედარებისთვის, წინა მოწვევის პარლამენტში უფრო დეტალური გეგმა და გრაფიკი ჰქონდათ ჯამში 10 ჯგუფს (66.66%).[54] რეკომენდირებულია, საკითხის შესწავლის გეგმა და გრაფიკი ყველა ჯგუფმა შეიმუშავოს და გამოაქვეყნოს ვებგვერდზე. ასევე, შეიქმნას სახელმძღვანელო, რომელიც ერთიან სტანდარტებს გაწერს, რაც ჯგუფების მუშაობის სისტემატიზაციას ხელს შეუწყობს.
ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს მიღებული მასალების პარლამენტის ვებგვერდზე განთავსება.[55] ეს ვალდებულება როგორც წინა მოწვევისას,[56] ისე ახლაც ყველა ჯგუფმა (100%) შეასრულა.[57]
ჯგუფი ვალდებულია, გამართოს საკითხის მოსმენა, რომლის თაობაზეც ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს მოსმენამდე 1 კვირით ადრე.[58] ეს ვალდებულება შეასრულა 15-მა ჯგუფმა (83.33%).[59] წინა მოწვევის პარლამენტში, კი 10-მა (66.66%).[60]
8. ჯგუფის დასკვნა
ჯგუფის დასკვნა შემუშავების შემდგომ წარედგინება პარლამენტის ბიუროს ან კომიტეტს.[61] ბიუროს დასკვნა წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი სხვადასხვა კომიტეტის წევრებისაგან შედგება ან საკითხზე მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ.[62] სხვა შემთხვევაში, იგი კომიტეტს უნდა წარედგინოს. ბიურო უფლებამოსილია, თუმცა არა ვალდებული, დასკვნა შეიტანოს პლენარული სხდომების დღის წესრიგში.[63] ამიტომ, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია ბიუროს ჰქონდეს ვალდებულება ყოველ ჯერზე საკითხის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.[64]
18 ჯგუფიდან რეგლამენტის ვადების დაცვით დასკვნა 5-მა ჯგუფმა (27.77%), ხოლო 1-მა კი დარღვევით წარადგინა (5.55%).[65] 5 ჯგუფიდან, რომლებმაც ვადის დაცვით იმუშავეს, მხოლოდ 1-მა (20%) შეძლო რეგლამენტით დადგენილ ძირითად ვადაში სამუშაოს შესრულება.[66] 1-მა (20%) დამატებითი 1, მეორემ (20%) 2, ხოლო კიდევ ორმა (40%) დამატებით 3 თვის ვადაში დაასრულა მუშაობა.[67] მეექვსე ჯგუფმა იგი ვადის დარღვევით გამოაქვეყნა.[68] 12 მოკვლევის ჯგუფი (66.66%) კვლავ განაგრძობს მუშაობას.
დარჩენილი 12 ჯგუფიდან, 6-ს, რომელსაც ვადა ამოეწურათ და არ გაუგრძელდათ, ან გაგრძელებული ვადაც ამოეწურათ, დასკვნა არც ერთს არ გამოუქვეყნებია.[69] აღსანიშნავია, რომ მათგან მხოლოდ 4-ს გაუგრძელდა ვადა, თუმცა პროცედურის დარღვევით. ამ შემთხვევებში, ჯგუფები მუშაობის ძირითადი დრო უკვე გასული იყო, როცა მისი გაგრძელება გადაწყდა.[70] თუ შემქმნელ სუბიექტს სურს ჯგუფისთვის სამუშაო პერიოდის გაზრდა, ეს მანამდე უნდა გააკეთოს, ვიდრე მიმდინარე ვადა ამოეწურება. ამიტომ, ამ 4 სუბიექტის უფლებამოსილების ვადა გაგრძელებულად ვერ ჩაითვლება. 12-დან მეორე 6 ჯგუფს ვადა ჯერ კიდევ აქვთ სამუშაოს დასასრულებლად.[71] ასეთ, შემთხვევებში, როცა თემატური მოკვლევის ჯგუფს როგორც ძირითადი, ისე გაგრძელებული ვადა ამოეწურება ან იგი კანონდარღვევით გაუგრძელდება, მისი მანდატი შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს.
ხუთი ჯგუფი კომიტეტმა შექმნა, ამიტომ მათ დასკვნები შემქმნელი სუბიექტისთვის უნდა წარედგინათ. სამი მათგანი სწორედ ასე მოიქცა.[72] კომიტეტებმა განიხილეს დასკვნები და მათ მხარი დაუჭირეს.[73] ორმა კი - მომზადებული დოკუმენტები ბიუროს გაუგზავნა.[74] ბიუროს ისინი არ შეუტანია პლენარული სხდომების დღის წესრიგში, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. მას ამის ვალდებულება არ ჰქონდა. ამ ორი ჯგუფის მიერ რეგლამენტის ნორმების დარღვევის შედეგად მათ მიერ მიღებული დოკუმენტები განუხილველი დარჩა.
მეექვსე ჯგუფი გენდერული თანასწორობის საბჭომ შექმნა და მისი დოკუმენტიც წარედგინა ბიუროს.[75] ეს რეგლამენტის მოთხოვნებს შეესაბამება. ბიურომ იგი შეიტანა უახლოესი პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგში.[76] პარლამენტმა იგი მოისმინა 2021 წლის 22 დეკემბერს.[77] მისასალმებელია პარლამენტის მხრიდან დასკვნის ოპერატიულად განხილვა.
9. რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა
დასკვნის წარდგენის შემდგომ კომიტეტი ან პარლამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს.[78] ისინი შემუშავებულ რეკომენდაციებს ან დავალებებს უგზავნიან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს.[79] დოკუმენტის განხილვას კონკრეტული რეაგირება უნდა მოჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აკადემიურ ნაშრომს დაემსგავსება.
თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნას, რომელიც ეხებოდა „ქალთა უფლებებს არაფორმალურ ეკონომიკაში და კოვიდ-19-ის გავლენა მათზე“, პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდგომ რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, 3 ჯგუფის დოკუმენტი შესაბამისმა კომიტეტებმა განიხილეს.[80] მათ უბრალოდ მხარი დაუჭირეს დასკვნას, ხოლო მის საფუძველზე რეკომენდაციები არ შემუშავებულა. წინა მოწვევის პარლამენტშიც დასრულებული დოკუმენტების განხილვას რეაგირება არ მოჰყოლია.[81] რეკომენდირებულია როგორც პარლამენტის პლენარული სხდომა, ისე კომიტეტები უფრო აქტიურად ჩაერთონ დასკვნის განხილვაში და ამას შედეგად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.
[1] ცხრილი #2.
[2] 2021 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები.
[3] 2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო, ასევე 2020 წლის საგაზაფხულო სესიები.
[4] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 69.
[5] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის პირველი პუნქტი.
[6] ცხრილი #2.
[7] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
[8] ცხრილი #2.
[9] იქვე.
[10] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის პირველი პუნქტი.
[11] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 69.
[12] ცხრილი #1.
[13] იქვე.
[14] იქვე.
[15] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 70.
[16] ცხრილი #1.
[17] იქვე.
[18] იქვე.
[19] იქვე.
[20] იქვე.
[21] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 70.
[22] ცხრილი #1.
[23] იქვე.
[24] იქვე.
[25] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 70.
[26] იქვე.
[27] იქვე.
[28] იქვე.
[29] იქვე, გვ. 71.
[30] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის პირველი პუნქტი.
[31] ცხრილი #1.
[32] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 71.
[33] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის მე-8 პუნქტი.
[34] ცხრილი #2.
[35] იქვე.
[36] იქვე.
[37] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 71.
[38] იქვე, გვ. 72.
[39] ცხრილი #2.
[40] იქვე.
[41] იქვე.
[42] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 72.
[43] იქვე.
[44] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
[45] ცხრილი #3.
[46] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 72.
[47] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
[48] ცხრილი #3.
[49] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 72.
[50] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
[51] ცხრილი #3.
[52] იქვე.
[53] ეს ჯგუფები არიან „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევების“ შესახებ და „ქალთა უფლებები არაფორმალურ ეკონომიკაში და კოვიდ-19-ის გავლენა მათზე“ თემატური ჯგუფები.
[54] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 73.
[55] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
[56] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 73.
[57] ცხრილი #3.
[58] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის მე-7 პუნქტი.
[59] 2 ჯგუფს მოსმენა საერთოდ არ გაუმართავს. ცხრილი #3.
[60] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 73.
[61] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის მე-8 პუნქტი.
[62] იქვე.
[63] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 74.
[64] იქვე.
[65] ცხრილი #2.
[66] იქვე.
[67] იქვე.
[68] იქვე.
[69] იქვე.
[70] იქვე.
[71] იქვე.
[72] იქვე.
[73] იქვე.
[74] სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის 2021 წლის 30 ივლისის N2-10515/21 წერილი პარლამენტის ბიუროს. საქათველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/yckvc7cs, განახლებულია: 27.01.21. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის 2021 წლის 30 ივლისის N2-10467/21 წერილი პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/mwwp3b5e, განახლებულია: 27.01.21.
[75] თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის 2021 წლის 3 დეკემბრის N2-15446/21 წერილი საქართველოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/5n6wz5kv, განახლებულია: 27.01.22.
[76] ბიურომ იგი შეიტანა 2021 წლის 14-17 დეკემბრის სასესიო კვირის დღის წესრიგში.
[77] გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა - „ქალების მონაწილეობა ჩრდილოვან ეკონომიკაში და COVID-19-ის გავლენა მათზე“, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/legislation/23228, განახლებულია: 28.01.22.
[78] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლის მე-8 პუნქტი.
[79] იქვე.
[80] ცხრილი #2.
[81] ვ. მენაბდე, გ. ალავერდაშვილი და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, გვ. 76.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge