2016 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა და იმ საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზების, ასევე, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირება, რომლებიც არსებობს მართლმსაჯულების სფეროში.
საიამ დღემდე მონიტორინგის რვა ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით. საიას მეცხრე ანგარიში კი მოიცავს პერიოდს 2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით. ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა განახლებული მეთოდოლოგიით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, შშმ პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ თემის წარმომადგენლები და ა.შ) მიმართ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასებას გულისხმობს.
დაკვირვების შედეგად, მოწყვლადი ჯგუფების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით გამოვლენილ იქნა შემდეგი ტენდენციები:
- ზოგჯერ, ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ადეკვატურად არ აფასებენ არსებულ საფრთხეებს და ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ. კერძოდ, შეფარდებული გირაოს 10 შემთხვევიდან 2 (20%) იყო დაუსაბუთებლად ლმობიერი. ასევე, არაგონივრული იყო ერთ შემთხვევაში გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების გამოყეყენება. ამით პოტენციური საფრთხე ექმნება ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, ამ ტიპის დანაშაულებთან მიმართებით პრობლემურია სასჯელის ადეკვატურობა. 22 გამამტყუნებელი განაჩენიდან მხოლოდ 6 (27%) შემთხვევაში შეეფარდათ ბრალდებულებს რეალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდით.
- ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის არცერთ შემთხვევაზე პროკურორს დისკრიმინაციული მოტივი არ გამოუკვეთავს. თუმცა, ზოგჯერ, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთებოდა, რომ ბრალდებულის ქცევა განპირობებული იყო გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა მხრიდან, ცალკეულ შემთხვევებში, დაფიქსირდა სტერეოტიპული, სტიგმის გამომხატველი და არაეთიკური ქცევა მოწყვლადი ჯგუფებთან (ქალები, უცხოელები და ა.შ.) მიმართებით. აღნიშნული მიდგომები გამოხატავდა შესაძლო დისკრიმინაციულ მიდგომას პირის მიმართ და ქმნიდა ბარიერებს/დაბრკოლებებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. თუმცა, პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს ის გარემოება, რომ მონიტორინგის დროს დაფიქსირებულ რამდენიმე შემთხვევაში მოსამართლემ შენიშვნა მისცა პროცესის მონაწილე მხარეს ბრალდებულისა და მისი უფლებების მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამო.
- უმეტეს შემთხვევაში, უცხოენოვან ბრალდებულებს ჰყავდათ თარჯიმანი, რომელიც სრულყოფილად თარგმნიდა სხდომაზე გაჟღერებულ საკითხებს. თუმცა, დაფიქსირდა გამონაკლისებიც, სადაც თარჯიმნის მონაწილეობა იყო არაეფექტური, რის გამოც ბრალდებულისათვის არ იყო აღქმადი და გასაგები სამართალწარმოების პროცესი.
სასამართლო პროცესებზე ზოგადი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა შემდეგი შემთხვევები:
- უმრავლეს შემთხვევაში, ბრალდებულების მიმართ გამოიყენება აღკვეთის ღონისძიება. სასამართლო, ძირითადად, კვლავ ორი სახის აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობასა და გირაოს იყენებს.
- მნიშვნელოვნად გაიზარდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პროცენტული მაჩვენებელი გირაოს გამოყენების შესახებ, თუმცა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მცირედით შემცირდა პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების გადაწყვეტილებები. აგრეთვე, განსაკუთრებული ხარვეზებია პროკურორის მიერ გირაოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. თითქმის ყველა შემთხვევაში, პროკურორი ისე ითხოვდა ბრალდებულისათვის გირაოს შეფარდებას, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში კი გირაოს მოთხოვნილი ოდენობის დაკმაყოფილება სასამართლოს მიერ პატიმრობის ტოლფასი შეიძლება გახდეს.
- არაერთგვაროვანი მიდგომები გამოიკვეთა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნისას და შერჩევისას პროკურატურისა და სასამართლოების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ერთნაირი გარემოებები ფიქსირდებოდა საქმეეში. აღნიშნული კი ტოვებდა არათანმიმდევრული და რიგ შემთხვევებში - შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების შთაბეჭდილებას.
- პროკურატურა, უმრავლეს შემთხვევაში, კვლავ საგამონაკლისო წესით ატარებს ჩხრეკასა და ამოღებას და სასამართლოც, ძირითადად, კანონიერად ცნობს ასეთი გზით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.
- საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სასამართლოს ჯეროვანი კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესებულია. მოიმატა შემთხვევებმა, როცა მოსამართლე არასრულად უმარტავს ბრალდებულს უფლებებს და სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის შეფასებას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. წინა საანგარიშო პერიოდისაგან განსხვავებით, მოსამართლემ ყველა შემთხვევაში დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. თუმცა, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მოსამართლე დაინტერესდა ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობით და გამოარკვია, ჰქონდა თუ არა მას ჯარიმის გადახადის შესაძლებლობა.
- სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოები არაერთგვაროვნად მოქმედებენ. ზოგჯერ, ისინი ხელმძღვანელობენ კანონმდებლობით დადგენილი წესით და საჯაროდ აცხადებენ გადაწყვეტილებას სხდომის დახურვის შესახებ, რაც დადებით და სწორ მიდგომას წარმოადგენს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, სხდომა თავიდანვე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველასათვის უცნობია დახურვის მიზეზები, რაც კანონმდებლობისა და საჯარო განხილვის უფლების დარღვევაა.
საია იმედს იტოვებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და გაკეთებულ დასკვნებს გაიზიარებენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, ანგარიში საყურადღებო მონაცემებს შეიცავს პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის. ასევე, იმედი გვაქვს, ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდება საკანონმდებლო ორგანო და სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვასა და პატივისცემას. საიას რწმენით, რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის უფრო მეტად სრულყოფა-გაუმჯობესებას.
მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ის არ ასახავს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge