თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პატიმრის საქმეზე მსოფლმხედველობის (ვეგანობის) გამო დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

2022 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. მოპასუხეებს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად 5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

2019 წელს მოსარჩელე მოათავსეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე, მან ადმინისტრაციას  აცნობა, რომ იგი არის ვეგანი (ამდენად, იკვებება მხოლოდ მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით) და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა. თუმცა, სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, დაწესებულებაში ვეგანებისთვის არ არსებობდა მათ მოთხოვნებზე მორგებული მენიუ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვეგანი პატიმარი იძულებული იყო, ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვებიდან აერჩია მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რაც თავსებადი იყო მის მსოფლმხედველობასთან, რის შედეგადაც იგი ვერ იღებდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საკმარის კომპონენტებს (ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს). ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დავობდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, იგი იყო მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი.

აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გახდება პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი. ეს არის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ ვეგანობისნიშნით დაადგინა დისკრიმინაცია. მოპასუხეებს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლიათ.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge