თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად “რივიერას საქმეზე” ნებართვის მოქმედება კვლავ არ შეაჩერა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის 22 იანვარს სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად, მოთხოვნილი იყო გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების თაობაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმის მასალების გაცნობის შემდგომ უმეტესად გაიზიარა საია-ს მოსაზრებები, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმებულიყო და საკითხი დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ იყო შეჩერებაზე უარის თქმისთვის აუცილებელი კონკრეტული და დამაჯერებელი მოტივები მითითებული, ამასთან, შეფასების გარეშე იყო დატოვებული მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული ანალიზი იყო შემოთავაზებული. 

საქმეზე დადგენილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აქტის მოქმედების შეჩერება განხორციელებულიყო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების არა კანონიერ ძალაში შესვლამდე, არამედ - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტების საწინააღმდეგოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად არ შეცვალა მსჯელობა და უცვლელად დატოვა გაუქმებული განჩინების შინაარსი. სასამართლომ აღნიშნა, რომ თვალსაჩინო არ არის უკანონო ბრძანების მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა, არ მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი მშენებლობის განხორციელება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს ხდის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას. სასამართლოს მსჯელობა მთლიანად მორგებულია მშენებლობის განმახორციელებელი პირის ინტერესებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მეორედ მიღებულ უკანონო განჩინებას საია სააპელაციო სასამართლოში კვლავ გაასაჩივრებს, თუმცა პირველი ინსტანციის მსგავსი ქმედებები აჭიანურებს სამართალწარმოებას, ზიანს აყენებს ქალაქ ბათუმის ინტერესებს და ხელს უწყობს უკანონოდ გაცემული ნებართვის საფუძველზე მშენებლობის განხორციელებას. 

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ფარგლებში ამჯერად თავად მიიღოს გადაწყვეტილება შეჩერების თაობაზე და აღარ მისცეს ქვემდგომ სასამართლოს ხელმეორედ მსგავსი უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინების მიღების შესაძლებლობა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge