თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას სააპელაციო საჩივარი და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში 10 არარეზიდენტ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების (თითოეულზე თანხის მითითებით) გადმოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონები გამორიცხავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდებისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გავრცელებას, მაგრამ ეს არ გულისხმობს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ამსახველი ხელშეკრულებების საჯაროობის გამორიცხვას და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მაინც არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნებისთვის, მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების კონფიდენციალურად მიჩნევის თაობაზე, ვერ აქცევს მას კომერციულ საიდუმლოებად. დამატებით, საჭიროა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის მიზანშეწონილობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოება არ ჩაუტარებია და შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია, რის გამოც, ეს ინფორმაცია ვერ მიიჩნევა კომერციულ საიდუმლოებად.
აღსანიშნავია, რომ მოცემული დავა სასამართლოში, ერთ წელზე მეტია, გრძელდება და ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ინფორმაციას დაინტერესებული პირებისთვის არ ასაჯაროებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში და ის შეიძლება, კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge