თბილავიამშენის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

2019 წლის 6 დეკემბერს, 13:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლო თბილისის საავიაციო ქარხნის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სააპელაციო სასამართლო საქმეს 2 წლის განმავლობაში იხილავდა.

დავა შეეხება 2010 წელს სახელმწიფო ორგანოთა შეთანხმებული მოქმედებით განხორციელებული ზეწოლის შედეგად თბილისის საავიაციო ქარხნის მესაკუთრეთა იძულებას უსასყიდლოდ  დაეთმოთ სახელმწიფოსთვის, მანამდე 67 მილიონ აშშ დოლარად შეძენილი, თბილისის საავიაციო ქარხანა. იძულების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ის პირები, რომლებიც ასევე ფიგურირებენ სახელმწიფოს მიერ წართმეული სხვა ქონების საქმეებში, სადაც მათი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან გამოიკვეთა.

სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

უზენაესი სასამართლოს მიერ დღემდე განხილულ ყველა საქმეში, რომელშიც ფიზიკური პირი სახელმწიფოს ედავება ქონების იძულებით ჩამორთმევას, სასამართლო ღებულობს ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნების გადაწყვეტილებას. დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილავიამშენის“ საქმეში დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ ევალება ამტკიცოს საკუთარი კეთილსინდისიერება მსგავსი გარიგებების დადების დროს, რაც საკმაოდ საშიში პრეცედენტია სამართლებრივი თვალსაზრისით.

საია 2013 წლიდან იცავს ყოფილ აქციონერთა ინტერესებს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge