თამაზ ახობაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. თამაზს პროტესტის ამ ფორმის არჩევა სახელმწიფო უწყებების უმოქმედობამ აიძულა, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში გამოიხატა. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საიას დახმარებით, თამაზ ახობაძემ ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულა დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრის წინააღმდეგ (მათ შორის, ორჯერ უზენაეს სასამართლოში) და დაამტკიცა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ თამაზ ახობაძის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა კონკრეტული თანამდებობის პირების სუბიექტურმა დამოკიდებულებამ, რაც არ იყო კავშირში დასაქმებულის მუშაობის ხარისხთან და მის კომპეტენციასთან. მრავალწლიანი სასამართლო დავა საბოლოოდ 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დანაშაულის პრევენციის ცენტრს - დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე სამსახურში და აუნაზღაუროს მას განაცდური ხელფასი;
- აღსრულების ეროვნულ ბიუროს - მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად;
- საქართველოს პროკურატურის ორგანოებს - წინამდებარე საქმეზე დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რამდენად იკვეთება დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების ქმედებებში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge