სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
საია 2004 წლიდან ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამ საქმიანობაში საია-ს სტრატეგიული პარტნიორია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).
საია-ს იურისტები, მოქალაქეებს უწევენ სამართლებრივ კონსულტაციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ამზადებენ სარჩელებსა და წარმოადგენენ განმცხადებელთა ინტერესებს ევროპულ სასამართლოში. სტრატეგიული სამართალწარმოების მიზნებისათვის საქმეთა მოძიება ხდება პროაქტიურადაც - მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზებისა თუ არასწორი პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, რაც ადამიანის უფლებათა სისტემურ და განმეორებით დარღვევებს იწვევს.
ამ ეტაპისათვის, ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით საია-ს პრიორიტეტებად რჩება პატიმრების მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები, უკანონო თავისუფლების აღკვეთა, სამართლიანი სასამართლო, დისკრიმინაცია და საკუთრების უფლების დარღვევა.
2004 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი იქნა 55 სარჩელი, რომელიც არის როგორც სისხლის, ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროდან. ამასთან, სამ საქმეზე მიღებული იქნა განმცხადებლებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება: ჯანგურაზოვი საქართველოს წინააღმდეგ, 2008, კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ, 2010 და ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, 2011.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, საია აქტიურად ჩაერთო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების სამართლებრივ დახმარებაში კონფლიქტის ორივე მხარეს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრთან (EHRAC) ერთად, კონფლიქტის საქმეებში საია-ს პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა (SRJI). 2008 წლიდან დღემდე საია-მ სამართლებრივი კონსულტაცია 1 000-ზე მეტ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირს გაუწია, ხოლო, ევროპულ სასამართლოში წარდგენილი იქნა 66-მდე სარჩელი, რომელიც 400-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge