შსს-ს მხრიდან კარვების გაშლის თვითნებური და უკანონო შეზღუდვის საქმეზე მთავარი სხდომა ჩაინიშნა

2018 წლის 03 დეკემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია მოსარჩელეების ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მოპასუხეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილების (ქმედების) ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.[1][2]

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს გამართული სხდომა მოპასუხეთა მხრიდან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძვლით გადაიდო და იმედს გამოვთქვამთ, რომ დღევანდელ სხდომაზე შესაძლებელი გახდება საქმის არსებითი განხილვის დასრულება.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტები იცავენ. აღნიშნული დავა შსს-ს მხრიდან კარვების გაშლის აკრძალვის თვითნებური და უკანონო პრაქტიკის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge