შსს-მ და ოთარ გვენეტაძემ საიას დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქისთვის მორალი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე ეკა მათიაშვილს, რომელსაც 2011 წლის 3 იანვარს, ვეტერანთა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს, შსს- თანამშრომელმა _ ოთარ გვენეტაძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საიას დახმარებით, ეკა მათიაშვილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. სარჩელი შეტანილი იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უშუალოდ ოთარ გვენეტაძის წინააღმდეგ. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდას მოითხოვდა.

 

2011 წლის 27 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე ოთარ გვენეტაძემ დაადასტურეს ეკა მათიაშვილისადმი მორალური ზიანის მიყენების ფაქტი და მას დავის მორიგების გზით გადაწყვეტა შესთავაზეს. საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ოთარ გვენეტაძემ იკისრეს ვალდებულება, ეკა მათიაშვილისადმი მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, თითოეულმა მათგანმა მათიაშვილს გადაუხადოს 4000-4000 (ოთხი ათასი) ლარი, სულ _ 8 000 ლარი.

მოხარულები ვართ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც ოთარ გვენეტაძემ, აღიარეს მოქალაქისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი და გამოთქვეს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების სურვილი, თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ 2011 წლის 3 იანვარს ოთარ გვენეტაძისა და სხვა სამართალდამცველების ქმედებაში გამოიკვეთა სხვადასხვა სიმძიმის კანონდარღვევები. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადეკვატური პასუხისმგებლობა დააკისროს ყველა მონაწილე პირს, რომლებიც აღნიშნულ დარღვევაში მონაწილებდნენ.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge