საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილება ადგენს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამას. ეს მომსახურება მოიცავს სახელმწიფო ხარჯებით ბინაზე მომვლელის დანიშვნას შესაბამისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის. ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ განსაზღვრული სამედიცინო დიაგნოზის მქონე ბავშვებს. სპინალური ატროფია არ ჯდება ამ დაავადებების ჩამონათვალში, რის გამოც პირებს, რომლებსაც ამგვარი დიაგნოზი დაუსვეს, ვერ მოითხოვენ ბინაზე დამხმარის მომსახურებას. სპინალური ატროფიის მატარებელი პირები ვერ დადიან ფეხით, ვერ ამოძრავებენ ხელის თითებს, ვერ აკონტროლებენ თავის მოძრაობას, დამოუკიდებლად ვერ ჯდებიან. ამგვარი ბარიერის გამო სპინალური ატროფიით დაავადებულ პირებს არა მარტო ფეხით გადაადგილება არ შეუძლიათ, არამედ დამოუკიდებელად ისეთი მოქმედებების განხორცილება: როგორიცაა ტანსაცმლის გამოცვლა, კარის გაღება, კვება ა.შ.
საია იცავს ვერდინგ-ჰოფმანის სპინალურ კუნთოვან ატროფიის მატარებელი ორი ძმის ინტერესებს. ძმები ცხოვრობენ ქალაქ თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მეოთხე სართულზე. შენობა არ არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. ლიფტი არის ვიწრო, სადაც ვერ შედის შშმ პირის ეტლი. კორპუსიდან გამოსვლის და უკან დაბრუნების ერთადერთი საშუალება არის კიბეები. შენობა აგებულია საბჭოთა პერიოდში და არ ექვემდებარება ადაპტირებას. ძმები ხელით უნდა ჩამოიყვანონ და აიყვანონ აღნიშნულ კიბეებზე. 2016 წელს ძმებს გარდაეცვალათ მამა, მარტო დარჩენილი დედა სათანადოდ ვერ უმკლავდება ორი შვილის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს. ძმებს უარი უთხრეს ბინაზე მომვლელის დანიშვნასთან დაკავშირებით, ვინაიდან სპინალური ატროფია არ განეკუთვნება იმ დაავადებას, რის გამოც ადამიანს ბინაზე დამხმარე ენიშნება.
საია მიიჩნევს, რომ №684 დადგენილებით ხდება დისკრიმინაციული მოპყრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფის შიგნით. ბინაზე დამხმარის მომსახურებით სარგებლობენ ვიწროდ განსაზღვრული დაავადებების მატარებელი ბავშვები. სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც აღიარებულია თანასწორობის უფლება და აკრძალულია დისკრიმინაცია სოციალური კუთვნილების ნიშნით, ასევე კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლითაც სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. საიას მიაჩნია, რომ სახელმწიფომ შშმ პირებთან მიმართებაში უნდა გამოიყენოს სოციალური და არა სამედიცინო მოდელი. შშმ პირისათვის დამხმარის დანიშვნა უნდა ეფუძნებოდეს არა კონკრეტულ სამედიცინო დიაგნოზებს, არამედ ამ პირთა საჭიროებებს. სოციალური მოდელი გამომდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციიდან (CRPD), რაც სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოსათვის.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge