ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები ვეხმიანებით 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს და მივმართავთ მთავრობას, შექმნას შშმ პირთა მხარდაჭერის მყარი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური მექანიზმები და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულება ჯერ კიდევ 6 წლის წინ გახდა სავალდებულო, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არც ერთი მიმართულებით მნიშვნელოვნად და ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა. სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით კვლავ არაეფექტიანი და არასისტემურია. ქვეყანაში დღემდე არ გატარებულა ისეთი ღონისძიებები, რომელიც კონვენციის რატიფიცირებიდან მოკლე ვადაშივე უნდა განხორციელებულიყო - მათ შორისაა, კანონმდებლობის ყოვლისმომცველი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება და ამოქმედება, სოციალური მოდელის დანერგვა, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება.
შშმ პირთა მხარდამჭერ პოლიტიკაში არათანმიმდევრულობისა და ფრაგმენტულობის თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი საშუალება ქვეყანაში კონვენციასთან შესაბამისი კანონმდებლობისა და ინსტიტუციური ჩარჩოს არსებობაა. კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, ამგვარი ზომების განხორციელებას პოლიტიკის მთელი რიგი ინსტრუმენტები ითვალისწინებდნენ. მაგალითისთვის, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმების მიხედვით, კონვენციის დებულებებთან ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია და სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში უნდა დაწყებულიყო, ხოლო კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური ჩარჩო 2016 წელს უნდა შექმნილიყო. ამასთან, ქვეყანაში ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის - დიდი ზომის ინსტიტუციების ფუნქციონირებისა და მათ ბენეფიციართა უმძიმესი უფლებების დარღვევის ფაქტების საპირწონედ, ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და სამოქმედო გეგმით დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა შემუშავებულიყო, თუმცა ქვეყანას ეს ღონისძიება დღემდე არ გაუტარებია.
წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც წლიდან წლამდე ანალოგიური შინაარსის აქტივობებს ითვალისწინებს და ვერ სრულდება, ნათლად გამოკვეთს საქართველოს მთავრობისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვის არაპრიორიტეტულობას. ადგილობრივ დონეზე აღებული ვალდებულებების შინაარსი დღემდე არ ასახავს სახელმწიფოს რეალურ მზაობას, გაატაროს რეფორმები და შეცვალოს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში. ქმედუნარიანობის რეფორმაც კი, რომელიც კონვენციის რატიფიცირების შემდგომ საქართველოში ერთადერთ მასშტაბურ რეფორმას წარმოადგენს, არ არის იმპლემენტირებული და ამ დრომდე, უმეტესწილად, მხოლოდ ფურცელზე არსებობს.
შშმ პირთა საჭიროებების არაპრიორიტეტულობა ნათლად გამოჩნდა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დროს მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაშიც. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ყველა ზომა უნდა მიეღო შშმ თემის მხარდასაჭერად და მათი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, გეგმამ მხოლოდ ცალკეული ჯგუფები მოიცვა და ხედვის არეალის გარეთ დატოვა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები, ასევე ის ბავშვები, რომელთათვისაც არ ხდება შშმ პირის სტატუსის მინიჭება.
ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ხარვეზიანი საკანონმდებლო ბაზის გარდაქმნის მცდელობას წარმოადგენს მთავრობის მიერ პარლამენტში „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის ინიცირება. სამწუხაროდ, კანონპროექტი უმეტესწილად ვერ პასუხობს გაეროს კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მისი შემუშავების პროცესში მთავრობამ ვერ უზრუნველყო შშმ პირების ეფექტიანი ჩართულობა. ფორმალური პროცესის შედეგად, მათ მიერ წარდგენილი შენიშვნები მინიმალურად ასახა ინიცირებულ ვერსიაში. განსაკუთრებით პრობლემურია კანონპროექტის დეკლარაციული ხასიათი, რომელიც არ ადგენს კონკრეტულ უფლებრივ სტანდარტებსა და კონვენციის იმპლემენტაციის ეფექტიან მექანიზმებს. რამდენიმე პოზიტიური სიახლის გარდა, იგი ვერ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და, ცალკეულ შემთხვევებში, კონვენციაზე დაბალ სტანდარტსაც აწესებს, მათ შორის, სოციალურ უფლებებთან მიმართებით. ამასთან, კანონპროექტი არ ეხება ქვეყანაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს - ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, მათ შორის, დეინსტიტუციონალიზაციისა და ქმედუნარიანობის რეფორმის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიაზროს თავისი ვალდებულებები შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით და ჩამოაყალიბოს ერთიანი პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ეფექტიანად უპასუხებს შშმ პირთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს მათ ღირსეულ ცხოვრებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მივმართავთ შემდეგი რეკომენდაციებით:
- შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და გადადგას ნაბიჯები „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტის ეფექტიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბების მიზნით;
- შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით, უმოკლეს ვადაში, ჩამოაყალიბოს და აამოქმედოს კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური ჩარჩო;
- შშმ პირების საჭიროებებზე დაყრდნობით განავითაროს სათემო სერვისები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- მოახდინოს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, შეიმუშავოს და განახორციელოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და უზრუნველყოს ქმედუნარიანობის რეფორმის ეფექტიანი იმპლემენტაცია;
- უმოკლეს დროში უზრუნველყოს სოციალური მოდელის შემოღება და ეფექტიანი დანერგვა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს შშმ პირთა მიმართ ამჟამად არსებულ სამედიცინო მიდგომებს;
- უმოკლეს დროში მოახდინოს კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, ასევე, მიიღოს ზომები კონვენციის იმპლემენტაციისათვის სხვა ინსტრუმენტების მათ შორის, მარაქეშის შეთანხმების, რატიფიცირების მიზნით;
- ახალი კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ყველა შშმ პირის ეფექტიანი მხარდაჭერა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.
ხელმომწერები:
შშმ პირთა უფლებების აქტივისტები:
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge