შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში- საიას ახალი კვლევა

2022 წლის 7 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამართა კვლევის - „შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში - სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები“ -  პრეზენტაცია. 

კვლევის მიზანია საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგი. კვლევის ფარგლებში განხორციელდა: ა) საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებთან; ბ) სამიზნე საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; გ) საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამის სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; დ)  სოციოლოგიური კვლევა (თვისებრივი და რაოდენობრივი).

კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები: ა) სამუშაო დრო და დასვენების დრო; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაო და სახელფასო დანამატი; გ) არასრულ (ნახევარ) განაკვეთზე მუშაობა; დ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და მისი ანაზღაურება; ვ) პროფესიული განვითარების გამო შვებულება; ზ) შრომითი უფლებები კარიერის მართვის პროცესში (დროებითი ფუნქციების დაკისრება; საკუთარი ფუნქციებისგან გათავისუფლება და სხვა ფუნქციების დაკისრება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა); თ) პროფესიული კავშირები.

კვლევა მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს, რა დროის განმავლობაშიც სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 4136 (სამინისტროები-1934, თვითმმართველი ქალაქების მერიები-2202) საჯარო მოსამსახურე.

კვლევის თანახმად, საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით საჭიროებს გაუმჯობესებას: ა) ზეგანაკვეთური სამუშაოს გამოთვლის წესის დადგენა, მისი აღრიცხვა და  შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება; ბ) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების გამიჯვნა ბავშვის მოვლის გამო შვებულებისგან და მამის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების იმ დღეების გამოყენების უფლება, რომელიც დედას არ გამოუყენებია; გ) მეძუძური ქალის მიერ, ბავშვის კვების მიზნით, სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათიანი შესვენების უფლების დადგენა; დ) საჯარო მოხელისათვის დროებითი ფუნქციის დაკისრების პერიოდის გონივრული ზედა ზღვარის განსაზღვრა; ე) საჯარო მოხელის საკუთარი ფუნქციებისგან გათავისუფლებისა და  სხვა ფუნქციების დაკისრების 3 წლიანი ვადის  შემცირება.

კვლევის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი დადებითი ტენდენციები: ა) ქალი საჯარო მოსამსახურეების მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება და, მოთხოვნის შემთხვევაში, ანაზღაურების გარეშეც; ბ) საჯარო დაწესებულებების მიერ ქალი საჯარო მოსამსახურეებისთვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად ანაზღაურება.

კვლევის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები: ა) საჯარო დაწესებულებების მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გადაჭარბება; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაღალი მაჩვენებელი; გ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნისა და სახელფასო დანამატის სიმცირე; დ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სრულად სარგებლობის დაბალი მაჩვენებელი; ე) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენების არარსებობა; ვ) საჯარო მოსამსახურეებისათვის სხვა ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრების დიდი რაოდენობა; ზ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენების სიმცირე; ი) საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანებების ან/და კავშირების არარსებობა.

კვლევა წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს:

 

 

 

აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვას საქართველოში.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge