საია იცავდა უსინათლო ვ.კ., რომელსაც სოციალურად დაუცველ პირთა ბაზაში რეგისტრაცია გააუქმდა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ დეკლარაციის შევსებისას არ მოხდა ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება. აღსანიშნავია, რომ ვ.კ.-მ დეკლარაციის შევსებისას სოციალურ სააგენტოს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა, დეკლარაციის შევსების შემდგომ, უსინათლობის გამო, არ მიეცა შესაძლებლობა, პირადად გასცნობოდა სოციალური აგენტის მიერ დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას. სოციალურმა აგენტმა თვითონ წაუკითხა დეკლარაციაში შეტანილი ყველა მონაცემი და, ნდობის საფუძველზე, ვ.კ-მ ხელი მოაწერა. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ სოციალურ აგენტს სრულყოფილად არ შეუვსია დეკლარაცია, რაც ვ.კ.-თვის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანება განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს, თუმცა, არ ადგენს დეკლარაციის გაცნობის განსხვავებულ წესებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. იმის გამო, რომ ეს წესი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი და ნეიტრალურია, არ არის გონივრულად მისადაგებული მხედველობის არმქონე პირების საჭიროებებთან, რის გამოც, საია-მ შშმ პირის სახელით სახალხო დამცველის 2017 წელს მიმართა და ითხოვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.
სახალხო დამცველმა დაადგინა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია და განმარტა, რომ ,,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ ითვალისწინებს შეზღუდული მხედველობისა და უსინათლო პირების სპეციალურ საჭიროებებს ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობის კუთხით და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას - გაატაროს ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად.“ გარკვეული სახის დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული ტექნიკური საშუალებებით. ,,ნეიტრალური პრაქტიკა, რომელიც სახელმწიფოს უსინათლო პირების მიმართებით აქვს, შესაძლოა ნეგატიური შედეგის მომტანი იყოს და არაპროპორციულად უარყოფითი გავლენა იქონიოს შეზღუდული მხედველობისა და უსინათლო პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე, მათ შორის, მათ პირად ავტონომიასა და ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე; შეაფერხოს შშმ პირების მონაწილეობა და ინკლუზია და გაამარტივოს მათი გარიყვა საზოგადოებიდან.“
სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის საფუძველზე, სამინისტროს დაევალა:
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებებით და შესაბამისი ცვლილება შეიტანოს ამ საკითხის მარეგულირებელ აქტში;
- შშმ პირებისათვის სოციალურ/ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება უზრუნველყოს ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციის ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge