საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ს.ჯ.-ს დედის ინტერესებს. ს.ჯ. ყოფილი მეუღლისაგან (რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი) წლების განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ძალადობის შესახებ მსხვერპლმა არაერთხელ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა, მათგან არ განხორციელდა დროული და ეფექტური რეაგირება. შედეგად, მოძალადემ სამსახურეობრივი იარაღით მოკლა იგი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მსხვერპლის მიმართ განხორციელებული სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შსს-ს და მთავარი პროკურატურის საჩივარი დაუშვებლოდ ცნო.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტები და განჩინებაში მიუთითა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა, არ მიიღეს ყველა გონივრული ზომა ს.ჯ.-ს ხელშეუხებლობის დასაცავად, არ მოახდინეს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის გამოძიება და პასუხისმგებელი პირის დასჯა, რაც გახდა ს.ჯ.-ს მკვლელობის მიზეზი. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შვილის გარდაცვალების გამო, დედას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მორალური ზიანი გადატანილი ტანჯვისა და იმ იმედგაცრუების გამო, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა თავისი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge