თავისუფლება არის თავისთავადი ღირებულება, თუ ის არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც სხვა მისგან განსხვავებული მიზნის მისაღწევად გვჭირდება?
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო შეიძლება არ იყოს, რამდენადაც ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვითარებული მსჯელობის პროცესი. ამისთვის კი თავისუფლებას ორი პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ.
ერთ შემთხვევაში თავისუფლების დანახვა ხდება შიგნიდან გარეთ. ამ დროს ადამიანი აკვირდება იმას, თუ როგორია თავისუფლების მნიშვნელობა კერძო ავტონომიის შიდა პერსპექტივიდან მესამე პირებთან ურთიერთობაში. საუბარი მაქვს იმ საზღვარზე, რომლის შიგნითაც არის ინდივიდის ავტონომიური სივრცე, სადაც მისი ყველა ქმედება ლეგალურია, ხოლო მის გარეთ არის მესამე პირთა ინტერესები, რომელში გადასვლაც დაარღვევს იმ წონასწორობას, რომელსაც ინდივიდის თავისუფლება ჰქვია. მეორე შემთხვევაში თავისუფლება დანახულია შიგნიდან შიგნით - თვითრეფლექსიური დაკვირვების მეთოდის გამოყენებით.
მას შემდეგ, რაც ინდივიდსა და საზოგადოებას შორის მოხდება იმ სივრცეების დემარკაცია, სადაც ერთის გავლენა მეორეზე ლახავს როგორც ერთის, ასევე მეორეს ავტონომიას, ინდივიდი საკუთარი მოქმედების არეალში ხდება აბსოლუტური სუვერენი. თუმცა, საზღვრების დადგენით ვერ ვიტყვით, რომ ინდივიდი შედგა, ინდივიდი თავისუფალია. მართალია ინდივიდი თავისუფალია მესამე პირებისგან, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. მისი კერძო ავტონომია, რომელიც მოიცავს თავისუფალი ნების მოქმედების ფართო არეალს, კვლავ საჭიროებს საზღვრების დადგენას. საზღვრები კი თავად ინდივიდმა უნდა დაადგინოს.
ადამიანი აღმოაჩენს, რომ ყველაფერი რის გაკეთებაც მას შეუძლია არ აქცევს მას იმ ინდივიდად, რაც არის. არ გამოვრიცხავ, გაჩნდეს მოსაზრება, რომ ადამიანის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებული ქმედებები განსხვავებული სახეა ერთი ინდივიდისა, თუმცა, ეს დებულება წინააღმდეგობრივია. შესაძლოა ადამიანმა ერთნაირ მდგომარეობაში, სხვადასხვა დროს ორი სხვადასხვა ქცევა გამოავლინოს, რომლებიც კონტრადიქციული იქნება. შესაბამისად, ამათგან ან ერთია თავად ის, ან მეორე, სხვა შემთხვევაში ლოგიკურ წინააღმდეგობამდე მივალთ.
ადამიანი მოქმედებს რა კერძო ავტონომიის ფარგლებში, საკუთარ თავზე დაკვირვებით აღმოაჩენს საკუთარ თავს. ეს კი ავტომატურად გულისხმობს კერძო ავტონომიის შევიწროებას, თვითშეზღუდვას. სწორედ აქ მჟღავნდება შიგნიდან შიგნით დანახული თავისუფლების ხიბლი.
როდესაც ინდივიდი მიხვდება, თუ რომელი ქცევის დროს შეუძლია თქვას: „ეს ვარ მე!“, თუკი ეს ნამდვილად ასეა, იგი უარს იტყვის იმ ქცევაზე, რომელსაც ეთქმის „არა მე“. თუმცა, ერთიც და მეორეც მისი კერძო ავტონომიის შიგნითაა და თითოეულის განხორციელება ლეგალურია. არც სხვა პირთა უფლებებს ლახავს და არც მათ ინტერესებს.
საქმე სხვა რამეშია, თავისუფალი ადამიანი აღმოაჩენს, რომ ის სივრცე, რომელიც მასა და საზოგადოებას შორის საზღვრის გავლებით დადგინდა, მის ავთენტურ მეს მთლიანად არ მოიცავს. ავთენტური მე-სთვის განკუთვნილი სივრცე ნაკლებია კერძო ავტონომიით მოცული ლეგალური ქმედებების განხორციელების სივრცეზე. შესაბამისად, ადამიანს სჭირდება იმ სივრცეში დგომა, რომელიც ზუსტად ასახავს მის მე-ს და არ არის დისკომფორტის შემქმნელის მისთვის.
ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იმ სივრცის ოკუპაციისა, რომელსაც ადამიანი საკუთარი თავის აღმოჩენის შემდეგ თავად გაემიჯნა. თავდაპირველად დადგენილი საზღვრები ინდივიდის კერძო ავტონომიასა და მესამე პირებს შორის უცვლელი უნდა იყოს.
საზოგადოებასა და ინდივიდის კერძო ავტონომიას შორის დადგენილი საზღვრების უცვლელობა საჭიროა იმიტომ, რომ ინდივიდს ჰქონდეს შესაძლებლობა მისი კერძო ავტონომიის შიგნით იპოვოს საკუთარი თავი. მან თვითონ უნდა გაიაროს ის გზა, რომელიც ზემოთ გავიარეთ. უნდა არსებობდეს ის სივრცეები, რომლებში მოხვედრის დროსაც ინდივიდი იტყვის, რომ ის მის ავთენტური მე-ს ნაწილი არაა და თავად გაემიჯნება მას. აღნიშნული კი მხოლოდ თვითგამოხატვის გამოცდილებითა და საკუთარ თავზე დაკვირვებით მიიღწევა. შესაბამისად, რაც უფრო დიდია ადამიანის კერძო ავტონომიის სფერო, მით უფრო მეტი ლეგალური ქმედების განხორციელების შესაძლებლობა აქვს ადამიანს და მით მეტია საკუთარ თავზე დაკვირვების შესაძლებლობა და შანსი იმისა აღმოაჩინო საკუთარი თავი - ანუ თავისუფლება გამოიყენო როგორც ინსტრუმენტი საკუთარი თავის აღმოსაჩენად.
ამდენად, თავისუფლება არის ის გზა, რომელიც ინდივიდს შესაძლებლობას აძლევს იპოვოს საკუთარი თავი. სხვა სიტყვებით, თავისუფლება არის ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელი და საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ინდივიდმა შეიცნოს თავი საკუთარი გახდეს ის რაც არის.
ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოკვეთა თუ როგორ მოქმედებს პანდემია ადამიანის კერძო ავტონომიაზე. სახელმწიფოების მიერ დასახულმა მიზანმა, დაეცვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ინდივიდების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე გადაიარა და მნიშვნელოვანწილად მოარყია ის სივრცეები, რომელიც პანდემიამდე ადამიანის თავისუფლების სივრცეებს წარმოადგენდა. მოსახლეობის მობილობის შესამცირებლად აკრძალულმა ფრენებმა, კომენდანტის საათმა და ადამიანთა თავშეყრის სხვადასხვაგვარი ფორმით შეზღუდვამ, უამრავ ადამიანს შეუცვალა გეგმები, რომელთა განხორციელებასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა მათ თავისუფლებაზე. კერძოდ, კი იმაზე თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ისინი მათი გეგმების განხორციელების შემდეგ.
პანდემია დღესაც აქტუალურია, აქტუალურია შეზღუდვების სურვილიც ხელისუფლებების მიერ, რომლებიც თვლიან რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად დაწესებული აკრძალვები, რომელთა უმრავლესობა ადამიანის თავისუფლების სივრცეს საუარესოდ მოაქცევს - გამართლებულია.
მართალია დასაწყისში დასმულ კითხვას პასუხი უკვე გავეცით, თუმცა ისევე როგორც თავისუფლებას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემასაც ინსტრუმენტული ღირებულება აქვს. კერძო ინდივიდსა და საზოგადოებას შორის არსებული ზღვრიდან გადახრა, რომელიც ადამიანების თავისუფლების სივრცეებს აბალანსებს და რომელსაც ჩვენ თავისუფლებას ვეძახით, წარმოშობს საფრთხეს რომ ადამიანმა ვერ გამოიყენოს თავისუფლება იმ მიზნისთვის, რისთვისაც ის მას სჭირდება. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა უფლების შეზღუდვის გვერდითი ეფექტის სახით წარმოშობს საფრთხეს ადამიანს მოვუსპოთ მისი თვითრეალიზებითა და თვითგამოხატვის გზით აღმოაჩინოს საკუთარი თავი. თუ დავუშვებთ, რომ მხოლოდ თავისუფლებაშია შესაძლებელი საკუთარი თავის აღმოჩენა, რაც გამოცდილების მიღების შედეგად საკუთარ თავზე დაკვირვების პროცესს მოიცავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის დროს ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე შეზღუდულმა ინდივიდის კერძო ავტონომიამ ამავე ადამიანზე უარყოფითი გავლენა იქონია იმგვარად, რომ მას შეუმცირა შესაძლებლობა აღმოეჩინა საკუთარი თავი.
ვინაიდან სამყაროში მიმდინარე მოვლენები პოლიტიკაზე, ახდენს გავლენას, აღნიშნული მსჯელობის განვითარება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას შესაძლოა საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობის შემცირების საფრთხე ახლდეს თან. შესაბამისად, შეუზღუდო ადამიანს თავისუფლება ნიშნავს წაართვა მას შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი თავი. სწორედ ასეთი სურათი მჟღავნდება პანდემიის შედეგად სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროში წარმოშობილი კრიზისის კერების გლობალურიდან შემთხვევებიდან ინდივიდუალურ შემთხვევებზე დაკვირვებით - გლობალური კრიზისები, რომელსაც თან სდევს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა წარმოშობს ეგზისტენციალურ კრიზისს ინდივიდუალურ დონეზე.
ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge