საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის
ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის მეირ განიხილება კანონპროექტი, რომელიც პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურების ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს და მისი ჩადენისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და არსებითად აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას, პლურალური, ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესს ქვეყნაში.
სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილების განხილვის დროს ასევე დაირღვა პროცედურული მოთხოვნები, რადგან ინიცირებული ნორმა არ წარმოადგენდა თავდაპირველად ინიცირებული კანონპროექტის ნაწილს და მისი დამატება დოკუმენტში მხოლოდ მეორე მოსმენისას მოხდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან და ამცირებს საკანონმდებლო პროცესში ჩართულობისა და საჯაროობის შესაძლებლობას.
ინიცირებული კანონის პროექტი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში თუ, პირმა თავისი განცხადებით ან ქმედებით რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილი გამოხატა საჯაროდ, რაც მიზნად ისახავდა მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ან პირის საჯარო გამოხატვაში ჩანდა რელიგიური შუღლი და სიძულვილი ან შეიცავდა საჯარო მოწოდებას ამგვარი ქმედებისკენ. განსახილველი ნორმა არ შეიცავს იმ ტექსტსაც კი, რომელიც ამგვარი საჯარო გამოხატვის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შესაბამისი ინტენსივობის ძალადობის რეალური და არსებითი საფრთხეების არსებობის სტანდარტს დაადგენდა. მიგვაჩნია, რომ ასეთი საკანონმდებლო ჩანაწერი გამოხატვის თავისუფლებაზე თვითნებურ და გაუმართლებელ შინაარსობრივ შეზღუდვას დააწესებს და საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ საჯარო დებატებს საზოგადოებაში. სეკულარიზმთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ძალაუფლებებისა და რელიგიის თემაზე საჯარო დებატებსა და საზოგადოებრივი პროცესების რაციონალიზაციას მოითხოვს, ამგვარი შეზღუდვის დაწესება განსაკუთრებით მიუღებელია.
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შინაარსობრივი შეზღუდვა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან, რადგან:
1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრეცედენტულ სამართალში ადგენს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა და ის საზოგადოების განვითარებისა და ინდივიდის თვითრეალიზების საფუძველია. გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეას, რომელიც სხვებისთვის მისაღები, სულერთი ან უვნებელია, არამედ იმასაც, რომელიც შოკისმომგვრელი, შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელიც კია. პლურალიზმი, შემწყნარებლობა და თავისუფალი აზროვნება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა საგამონაკლისო ხასიათს უნდა ატარებდეს და ის ვიწროდ უნდა იქნეს გამოყენებული. (Surek v . Turkey, judgment dated 8 July, 1999, application #26682/95, paras. 58 (i)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები მკვეთრად შეზღუდულია. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის’’, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია’’, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.28)
სხვა საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.7)
2. გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიის თავისუფლებას შორის შესაძლო კონფლიქტის შეფასების დროს ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მას, ვინც საკუთარ რელიგიას გამოხატავს, მიუხედავად იმისა ის უმრავლესობაშია თუ უმცირესობაში, არ უნდა გააჩნდეს გონივრული მოლოდინი, რომ ის თავისუფალია ყოველგვარი კრიტიკისგან. მან უნდა ითმინოს და მიიღოს სხვების მხრიდან მისი რელიგიური რწმენის უარყოფა და მეტიც მისი რწმენისთვის მტრული დოქტრინის პროპაგანდა. (İ.A. v. Turkey, judgment 13 September 2005, application #42571/98, paras.23)
3. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ან/და დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისკენ მოწოდებისთვის. სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ კანონი, ისევე როგორც მისი გამოყენების პრაქტიკა, განასხვავებდეს გამონათქვამებს, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაძლოა ძალადობის ენას შეიცავდეს, მაგრამ, ამავე დროს, უვნებელია და პოლიტიკური სოციალური თუ სამეცნიერო დისკურსის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწოდებას, როდესაც მის ავტორს გააზრებული აქვს მოწოდების სავარაუდო შედეგი და მიზნად ისახავს ამ შედეგის დადგომას. [..] თავისთავად მოწოდების ფაქტი არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. ამისათვის საჭიროა ძალადობის და/ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, ან ასეთი ქმედების განხორციელების რეალური საფრთხე. [..] მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის ქმედება (მოწოდება) [..] ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის’’, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია’’, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.104)
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალსწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაამტკიცოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი და ზოგადად უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და მგრძნობელობის მქონე საკითხების განხილვის პროცესის საჯაროობა და ინკლუზიურობა.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ტაბულა
სამოქალაქო განათლების ფონდი
მედიის განვითარების ფონდი
კავშირი საფარი
თავისუფლების ინსტიტუტი
საინფორმაციო ცენტრების ქსელი
ჟურნალი ლიბერალი
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge