საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დელეგირებას

2021 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც ცვლილებები უნდა შევიდეს გარემოსდაცვით სფეროში მოქმედ რამდენიმე კანონში. მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ცვლილება შეეხება საქართველოს კანონს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს“.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის (07-3/86/10) მიხედვით, იგეგმება ინსტიტუციური ცვლილება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის სრულად გადატანა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სტრატეგიულ დოკუმენტებზე რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილებების სრულად დელეგირება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების დელეგირება ისეთ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, საზოგადოების უსაფრთხოებასა და ადამიანის ძირითადი უფლებებით სათანადო სარგებლობას, სამინისტროს მხრიდან პოლიტიკური პასუხიმგებლობისგან თავის არიდების საშუალებას წარმოადგენს. ამასთან, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ამ უფლებამოსილების გადაკისრება ზრდის ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციულ საფრთხეებს, ვინაიდან ამ სააგენტოს გააჩნია თავისი კომერციული ინტერესები.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ ცვლილების მიზანს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ადმინისტრირების გამარტივება წარმოადგენს. კონკრეტულად კი, ამ ცვლილებამ ინფორმაციაზე შეზღუდულ წვდომასთან, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ნაკლებობასთან, გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულ შემჭიდროვებულ ვადებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა გადაჭრას. თუმცა, აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო არაა იმგვარი ინსტიტუციური ცვლილება, რომელიც არსებითად ცვლის ქვეყანაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების კუთხით დღეს არსებულ წესრიგს და მათი გადაჭრა სხვა საშუალებებითაც შეიძლება. 

ზემოაღნიშნულის გარდა, განმარტებით ბარათში მითითებული არაა სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ამგვარი ცვლილების აუცილებლობას დაასაბუთებდა; შესწავლილი და განხილული არაა სხვა ქვეყნების მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა, რაც შესაძლებელს გახდიდა იმის შეფასებას, თუ რამდენად გამართლებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მსგავსი ორგანოებისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების დელეგირება; კანონპროექტზე მუშაობის დროს მოწვეულნი არ ყოფილან გარემოს დაცვისა თუ სხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და ექპერტები, რომლებსაც აქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, შეაფასონ გარემოსდაცვითი კუთხით ქვეყანაში დღეს არსებული გამოწვევები და შესთავაზონ უწყებებს მათი გადაჭრის სათანადო გზები.

შესაბამისად, შემოთავაზებული ინსტიტუციური ცვლილება არაა სათანადოდ დასაბუთებული და სრულად უგულებელყოფილია მისი შესაძლო უარყოფითი შედეგები.

აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამგვარ ინსტიტუციურ ცვლილებას, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის ქვეყანში დღეს არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ წესრიგს და მომავალში უარყოფითად აისახება ქვეყანის განვითარებაზე.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

მწვანე ალტერნატივა 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის (საბუკო)


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge