ევროკომისარ იოჰანეს ჰანს
გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (NEAR)
ევროკომისარ მარიანა ტისენის
გენერალური დირექტორატი დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის საკითხებში(EMPL)
ევროკომისარ სესილია მალმსტრომს
გენერალური დირექტორატი ვაჭრობის საკითხებში
გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი წუხილები საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება „შრომის უსაფრთხოების კანონის“ განხილვას, რაც საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და დღის წესრიგისათვის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციებისათვის კარგად არის ცნობილი საქართველოში არსებული სუსტი შრომის პოლიტიკის შესახებ, რომლის შედეგადაც დასაქმებულები ღირსების შემლახავ სამუშაო პირობებში არამდგრად, დაბალანაზღაურებად და დაუცველ შრომას ეწევიან. ხოლო იმ ობიექტებზე სადაც განსაკუთრებულად მაღალია დასაქმებულების დაზიანებისა და დაღუპვის რისკი, ფატალურ საწარმოო შემთხვევებს ყოველ კვირას აქვს ადგილი. მხოლოდ 2011-2016 წლებში, საქართველოში სამუშაო ადგილებზე 1046 ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა. ეს მაჩვენებელი არათუ იკლებს, არამედ ყოველწლიურად იზრდება.
შრომის პოლიტიკის ცვლილებაზე საზოგადოებაში არსებული მზარდი მოთხოვნებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში ასახული არაერთი მნიშვნელოვანი ვალდებულების ფონზე, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა ადეკვატური და რეალურად შეუწყობდა ხელს შრომის უსაფრთხოების, მათ შორის შრომის უფლებების დაცვას სამუშაო ადგილებზე. თუმცა, მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მისი არაერთი პოზიტიური დებულების მიუხედავად, სუსტია მისი აღსრულების ნაწილში და არ მოიცავს საკმარის მექანიზმებს, რაც დაგვარწმუნებდა მთავრობის ნებაში რეალურად დაიცვას დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე. საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტზე მუშაობა 8 თვეა მიმდინარებს და ამ დრომდე კანონპროექტის გადახედვაზე არ არსებობს საქართველოს მთვარობის პოზიციები, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახდენს.
გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ შემოთავაზებული კანონპროექტის ოთხ ძირითად ასპექტს:
კანონის მოქმედების სფერო: კანონის პროექტის შემოთავაზებული ვერსიით, იგი არა ყველა, არამედ მხოლოდ „მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე და მავნე პირობებიანი სამუშაოებზე“ ვრცელდება, რაც „მომეტებული საფრთხის“ სტანდარტის შემოტანით დამატებით ავიწროვებს კანონის მოქმედების სფეროს და არ მოიცავს ყველა მძიმე, საშიშ და საფრთხის შემცველ სამუშაოს. ამასთან, კანონპროექტი არ ვრცელება დასაქმების ყველა ადგილზე, რაც გაუმართლებელ შეზღუდვას გულისხმობს და შრომის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება.
ინსპექტორის დაშვება სამუშაო ადგილებზე: კანონპროექტი, გამონაკლისის გარდა, არ ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანოს სამუშაო ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ზედამხედველობის განხორციელებისას უმეტესად (გამონაკლისია გეგმიური კონტროლი) ვალდებულია ნებართვისათვის სასამართლოს მიმართოს, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს ამცირებს.
სანქცირების მექანიზმი: კანონპროექტი სანქციების სახით ჯარიმის მინიმალურ ოდენობებს განსაზღვრავს, რაც ვერ მიაღწევს კანონის მიზანს და ვერ უზრუნველყოფს დამსაქმებლის მოტივაციას გამოასწოროს დარღვევა ჯარიმის გადახდის ნაცვლად.
რეფორმის აღსრულებისთვის აუცილებელი რესურსი: კანონის სათანადო აღსრულებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საზედამხედველო მექანიზმის გაძლიერება შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსით. თუმცა, კანონპროექტი ამგვარ საჭიროებაზე და ხედვაზე არ მიუთეთებს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს რეფორმის რეალური აღსრულებადობის საკითხს.
გამოვთქვამთ, იმედს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან რათა კანონპროექტის მიღება პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირობებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
ახალგაზრდა სოციალისტები (YSG);
სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი (SNWC);
საქართველოს პროგრესული ფორუმი (GPF);
ანალიტიკური პლატფრომა European.ge.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge