საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დახვეწას საჭიროებს

საქართველოს მთავრობის ინიცირებით, 2011 წლის 18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის  გამოყენების და მისი აღსრულების ახლებურ რეგულირებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება სახელმწიფოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ არასაპატიმრო სასჯელების სრულყოფილ ამოქმედებას. დღეს მოქმედი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მარეგულირებელი ნორმები ვერ უზრუნველყოფენ მექანიზმის ეფექტურობას. სწორედ აღნიშნული სახელდება ცვლილებების მთავარ მიზეზად კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც. ცალკეული დადებითი მხარეების გარდა, ინიცირებული კანონპროექტი ხასიათდება ისეთი მნიშვნელოვანი სისუსტეებით, როგორიცაა: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის არასრულყოფილი ცნება, მსჯავრდებულის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის შეუძლებლობა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ უსასყიდლო შრომის საფასურის მიღება, გასაჩივრების შეუძლებლობა და სასჯელთა ცვლილებისას ვადების გაანგარიშების ახალი წესით მსჯავრდებულის მდგომარეობის დამძიმება. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საიას მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ დასკვნაში აღინიშნა, რომ აუცილებელია კანონმდებელმა ნათლად განსაზღვროს, თუ რას წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. უნდა გამოირიცხოს მისი გამოყენება რომელიმე საწარმოს მიერ მოგების მიღების მიზნებისათვის.

ამასთან, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს მსჯავრდებულის ჩართულობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახის შერჩევის პროცესში. კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს აღსრულების პროცესში ჩართული ორგანოს გადაწყვეტილების ან ასეთი გადაწყვეტილების მიუღებლობის გასაჩივრების შესაძლებლობა. სასჯელთა ცვლილებისას ვადების გაანგარიშების კანონპროექტით შემოთავაზებული წესი დღეს მოქმედ ნორმებთან შედარებით ამძიმებს მსჯავრდებულთა მდგომარეობას, რაც შეუთავსებელია ქვეყანაში მიმდინარე სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესთან. იმედის გამოვთქვამთ, რომ კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები გაიზიარებენ საიას მოსაზრებებს და მოიყვანენ მას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.    


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge