„საზოგადოება ბილიკი“ 1997 წლიდან დღემდე

„საზოგადოება ბილიკი” საქართველოში უკიდურესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დროს, 1997 წელს დაარსდა. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა, დახმარება გაეწია და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოებრუნებინა ღარიბი, დევნილი ოჯახების შვილები და ის ბავშვები, რომლებიც, ცხოვრების პირობების გამო, იძულებულნი არიან, დროის დიდი ნაწილი ოჯახის, სასწავლო დაწესებულებების გარეთ - ქუჩაში გაატარონ, ან ამ რისკის ქვეშ იმყოფებიან.

„საზოგადოება ბილიკი“ ემსახურება თემის კეთილდღეობის ამაღლებას, ამ თემში შემავალი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებითა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად მათი ჩამოყალიბების ხელშეწყობით.

უკვე 27 წელი გავიდა, რაც ორგანიზაცია დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში ბევრი რთული და გამოწვევებით სავსე დღეები გვქონდა, თუმცა ყველაფერი გადავლახეთ და ახლა გაცილებით მრავალფეროვან სერვისს და პროექტებს ვთავაზობთ ჩვენს ბენეფიციარებს. ყველაზე მეტად საამაყოა, რომ ჩვენი თანამშრომლების რიცხვი 71-მდე გაიზარდა.

ჩვენი ხედვაა ძლიერი, დამოუკიდებელი ადგილობრივი თემი, რომლის წევრებსაც აქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ დროულად შეძლონ არსებული გამოწვევების, საჭიროებების დადგენა და ერთობლივი ძალისხმევით მათი მოგვარება. ჩვენ ვმუშაობთ 0-18 წლის ბავშვებსა და მოზარდებთან, 18-29 წლის ახალგაზრდებთან, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, თემის განვითარების პროგრამა, სამოქალაქო განათლების პროგრამა და მოხალისეობის პროგრამა.

ბავშვზე ზრუნვის პროგრამა

ჩვენ ვქმნით ოჯახურ გარემოს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომლებზეც ზრუნვა სხვა არსებული ალტერნატიული ფორმებით (ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება/ცხოვრება, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა) მოცემული მომენტისთვის ვერ ხერხდება. შევქმენით ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი გორსა და ხაშურში, ხელი შევუწყვეთ გორის მუნიციპალიტეტში 0-იდან 7 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ადრეული ჩარევის პროექტის მონაწილე ბავშვების გაძლიერების სტიმულირებას, სკოლამდელ და სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართვის მიზნით.

დღის ცენტრი - შეიქმნა მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, სოციალური და საბაზო მხარდაჭერისთვის.

მცირე საოჯახო სახლები - განკუთვნილია სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 6-18 წლის ბავშვებისთვის. მომსახურების მიზანია ბავშვზე ზრუნვა და ალტერნატიული ფორმების განვითარება.

დედათა და ბავშვთა თავშესაფარი - მიტოვების, რისკის ქვეშ მყოფი, ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი 12 წლამდე ბავშვები იღებენ სხვადასხვა სახის, მათ შორის, ფსიქოლოგიურ მომსახურებას და მხარდაჭერას.

თემის განვითარების პროგრამა

ჩვენ ვზრდით ადგილობრივი თემის შესაძლებლობებს მისი წევრების კეთილდღეობის მიზნით; მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებაში, მიიღონ ცოდნა და განივითარონ უნარები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად; ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოებას, რათა იყოს დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.

„საზოგადოება ბილიკისთვის“ მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამიტომ ორგანიზაცია ახორციელებს ისეთ პროექტებს და პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებში.

სამოქალაქო განათლების პროგრამა

სამოქალაქო განათლების კლუბების ფუნქციონირებით, მათში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის უზრუნველყოფით, აგრეთვე, სამოქალაქო პროგრამების შემუშავებითა და მათი მიწოდებით როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის, ვზრდით სამოქალაქო ცნობიერებას მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ვეხმარებით მათ, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

სასკოლო სამოქალაქო კლუბები

სასკოლო თვითმმართველობის განვითარება

მცირე გრანტები და ინიციატივები

სასკოლო თემის თანამშრომლობა ადგილობრივ ბიზნესთან

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სამოქალაქო ინიციატივებისთვის

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობა

მოხალისეობის პროგრამა

ჩვენ მხარს ვუჭერთ მოხალისეობის კულტურის განვითარებას ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებში; სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის პროგრამების შეთავაზებით, ვზრუნავთ ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და სამუშაოდ აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

სასწავლო პრაქტიკის მიზანია, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებმა მომზადება გაიარონ „საზოგადოება ბილიკის” ბაზაზე.

„საზოგადოება ბილიკის” პარტნიორები სასწავლო პრაქტიკის განხორციელებისას არიან:

- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

- ილიას უნივერსიტეტი

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

- ჩეხეთის კარიტასის კოლეჯი

- ჰოლანდიის HAN University of Applied Sciences

ორგანიზაცია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე. ამ ეტაპზე ჩვენთან დასაქმებულია 71 თანამშრომელი. ამასთანავე, მუდმივად ვზრუნავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებაზე. შესაბამისად, ვავითარებთ პროგრამებს და თანამშრომლობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ამ წლების განმავლობაში „საზოგადოება ბილიკი“ თანამშრომლობდა სხვადასხვა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორთან, ვართ მნიშვნელოვანი კოალიციებისა და ქსელების წევრები, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

 

ავტორი: მარინე მღებრიშვილი


ბლოგი მომზადდა მარინე მღებრიშვილის მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებებსა და მოცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია ავტორი.  

ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge