საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი ისევ ირღვევა

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შპს "RMG Gold"-მა არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) სახელით, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება განაახლა. აღნიშნული სამუშაოების განახლება წარმოადგენს კანონის დარღვევას, ვინაიდან მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება "RMG Gold"-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ამ დრომდე შეჩერებული აქვს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებულ საკითხებზე პერიოდულად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, ამჯერად გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ შემდეგი:
 
1. მიმდინარე წლის 6 იანვარს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია სადაც აღნიშნა, რომ შპს "RMG Gold"-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წლით გაუხანგრძლივდა.
2. მნიშნველოვანია ისიც, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს  გარემოს ეროვნულმა სააგენტომ  "RMG Gold"-ს ლიზენციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე იმ მოტივით უთხრა უარი, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი მექანიზმი უკვე გაცემული სხვა ლიცენზიის ამოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გადავადებაზე. სანაცვლოდ, 29 დეკემბერს კომპანიამ კიდევ ერთხელ წარადგინა განცხადება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ითხოვა. შედეგად, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, 2015 წლის 6 იანვარს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "RMG Gold"-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წლით გაუგრძელდა.
3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2014 წლის 31 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს კ.კ-ს და გ.გ-ს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. წარდგენილი საჩივრით, მოქალაქეები სამინისტროსაგან იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ,რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თავდაპირველად საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა განახორციელა, ხოლო შემდგომ არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) მიზნით კომპანია „RMG Gold”-ს შესაბამისი თანხმობა განუცხადა. 
4. ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ საიასთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, 2014 წლის 14 თებერვალს დაიწყო გამოძიება საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ ისიც, რომ კ.კ-ს და გ.გ-ს კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე კვირაში საია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასააჩივრებს. გარდა ამისა, საია აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ. ხოლო, უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს ახალ კვლევას, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებს ეხება.  
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge