2016 წლის 30 სექტემბერს და 3 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამსახურიდან გაათავისუფლა ეკატერინე გაბრავა - ა(ა)იპ კულტურის ცენტრის დირექტორი და მურმან არჩილია - სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიული მომსახურეობისა და მზრუნველობა მოკლებულთა ცენტრის დირექტორი. გაბრავასა და არჩილიას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იდენტურია. კერძოდ, ორივე პირი შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ა(ა)იპ -ის ხელმძღვანელების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაკისრებული ვალდებულების დარღვევას და უფლებამოსილების არაჯეროვან შესრულებას. ეკატერინე გაბრავა მის გათავისუფლებას მისი მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ეკატერინე გაბრავას მეუღლე, მამუკა მესხიშვილი, საარჩევნო ბლოკის ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საორგანიზაციო საკითხების ხელმძღვანელია და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. რაც შეეხება მურმან არჩილიას, მისი განცხადებით, მან სენაკის მუნიციპალიტეტიდან მიღებული დავალების შემდეგ შეადგინა „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდამჭერთა სია, თუმცა მიუხედავად ამ ფაქტისა, მისი განცხადებით, ის დაკავებული თანამდებობიდან მაინც გაანთავისუფლეს. მურმან არჩილია მის განთავისუფლებას მისი ახლო მეგობრის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, რომელიც საარჩევნო ბლოკის - ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ სენაკის მაჟორიტარი კანდიდატის კანდიდატია.
2016 წლის 6 სექტემბერს, ქალაქ ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს თვითმმართველ ქალაქ ფოთის ა (ა) ი პ სკოლის გარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება - საბრძოლო ხელოვნებათა სკოლის დირექტორი ელგუჯა მიგრატია. ელგუჯა მიგრატიას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა შიდა აუდიტის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ საბრძოლო ხელოვნებათა სკოლის დირექტორის მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას. ელგუჯა მიგრატია აღნიშნულ თანამდებობაზე 2014 წლის 15 სექტემბრიდან მუშაობს. მისი მოსაზრებით, მისი განთავისუფლება მოხდა საარჩევნო ბლოკის ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ღიად მხარდაჭერის შემდეგ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge